ავტორი:

"ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი", - რას ამბობს დედა 2 წლის ლაზარეზე, რომელიც პიტბულმა დაკბინა?

"ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი", - რას ამბობს დედა 2 წლის ლაზარეზე, რომელიც პიტბულმა დაკბინა?

დეკემბერში, ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი - 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ბავშვები ამ დროს დედასთან ერთად იყვნენ. ვიდრე ბავშვების დედა, მეზობლის დახმარებით ძაღლის დაკბენილი უფროსი შვილის საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა, ძაღლმა, კისრის და თავის არეში, 2 წლის ლაზარესაც უკბინა.

16 დეკემბერის შემდეგ ლაზარე დედასთან ერთად კლინიკაში რჩება. ბავშვს ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ამ დროისთვის სკალპის 80% დახურულია. Ambebi.ge-სთან ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი შვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს:

- ჯერჯერობით კლინიკაში ვრჩებით, ლაზარე თავს კარგად გრძნობს. ამ დღეებში მეორე ოპერაცია იგეგმება. პირველი ოპერაციის დროს კანის 80% დაიფარა, დანარჩენი ჯერ არ აქვს დაფარული.

- ლაზარე თუ გესაუბრებთ მომხდარზე, ახსოვს ის დღე?

- თავიდან ერთი პერიოდი ყველაფერს იხსენებდა. დედაჩემი რამდენიმე დღე ჩემთან ერთად იყო პალატაში და მასთან უფრო საუბრობდა. ახლა ვცდილობთ აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ისე ყველაფერი ახსოვს. ღამე, ღრმა ძილში რომ მიდის, უცებ გაეღვიძება და საათნახევარი გაუჩერებლად ტირის, ალბათ ყველაფერი ახსენდება. დამამშვიდებელს ვაძლევთ.

- ხომ არ იგეგმება ბავშვის უცხოეთში გადაყვანა?

- ამ ეტაპზე არ ვიცით, მეორე ოპერაციის შემდეგ გაირკვევა, როგორ გაგრძელდება ლაზარეს რეაბილიტაცია.

- უფროსი შვილი როგორ არის, ალბათ მასაც ექნება შიშები?

- ახლა ბებიასთან არის, კარგად გრძნობს თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მასაც დარჩა შიში. ენატრება დედა, ძმა, მარტო დარჩენის ეშინია, გაღიზიანებულია.

- ლიკა, თქვენ თუ გყავდათ ოჯახში ძაღლი?

- არა, ძაღლი არ გვყოლია, მაგრამ ლაზარეს ძალიან უყვარდა ცხოველები. არ ვიცი, ახლა როგორ უნდა გადალახოს ბავშვმა ეს შიში. ჯერჯერობით სპეციალისტებთან არ მისაუბრია, როდესაც ოპერაციული ჩარევები დასრულდება, აუცილებლად მივიყვან ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან.

- რა ინფორმაცია გაქვთ ამ დროისთვის, პიტბულს რომელმაც თქვენი შვილები დაკბინა, ნამდვილად ჰყავდა პატრონი?

- არა, დღემდე არ ვიცი, საიდან მოვიდა. არც ის ვიცი, ვისია. ზოგადად ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლი იყო ჩვენს უბანში, მაგრამ ეს ძაღლი იქამდე არ მომხვედრია თვალში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეზოში ამ ჯიშის ძაღლი შემოვიდოდა... იმ დღეს ვნახე პირველად ეს ძაღლი.

- თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია?

- იმ დღესაც ვსაუბრდი ახლობლებთან, თავი სიზმარში მგონია, რას გავდივარ ვერ ვხვდები, შოკურ მდგომარეობაში ვარ. ალბათ, ლაზარეს რომ დავაყენებ ფეხზე, მერე კიდევ უფრო მივხვდები, რა გადამხდა.

- რამდენ ხანს გაჩერდებით კლინიკაში?

- მეორე ოპერაციის შემდეგაც დაახლოებით ორი კვირა გაგვაჩერებენ.

- ახალი წელს კლინიკაში შეხვდით...

- დიახ, მინდოდა ლაზარეც გამეხალისებინა და პალატა საახალწლოდ გავუფორმე. პატარა ნაძვის ხე დავუდგი და მოვურთე. ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი.

წაიკითხეთ ასევე: