ავტორი:

"პაემანზე არასოდეს ვაგვიანებდი, მაგრამ ის - ყოველთვის" - საიდუმლო ქორწინება და დახურული პირადი ცხოვრება: რას ჰყვებოდა წარსულზე და რა არის ცნობილი პუტინის ექსმეუღლის ახლანდელ ცხოვრებაზე?

"პაემანზე არასოდეს ვაგვიანებდი, მაგრამ ის - ყოველთვის" - საიდუმლო ქორწინება და დახურული პირადი ცხოვრება: რას ჰყვებოდა წარსულზე და რა არის ცნობილი პუტინის ექსმეუღლის ახლანდელ ცხოვრებაზე?

კალინინგრადში დაბადებული ლუდმილა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ის რუსეთის პირველი ლედი გახდებოდა. ასევე რუსები კიდევ უფრო ნაკლებად ელოდნენ, რომ ლუდმილასა და ვლადიმერ პუტინის ქორწინება 30 წლის შემდეგ დაინგრეოდა, მაგრამ ეს მაინც მოხდა.

ლუდმილა შკრებნევას მამა კალინინგრადის მექანიკური სარემონტო ქარხნის მუშა იყო, დედა მოლარე. ქალი მსახიობობაზე ოცნებობდა, ამიტომ სკოლაში თითქმის ყველა აქტივობაში მონაწილეობდა. ეს ყველაფერი რვა წელს გაგრძელდა, ამიტომ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ლუდმილა მომავალში მსახიობი გახდებოდა.

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვიტა თეატრალურ უნივერსიტეტში ეცადა ბედი, მაგრამ ბოლო გამოცდაზე ჩაიჭრა და შინ გულდაწყვეტილი დაბრუნდა. ოჯახმა გოგონა დაარწმუნა, რომ წელი არ დაეკარგა და მუშაობა დაეწყო. იმ პერიოდში ბევრი პროფესია შეიცვალა: მუშაობდა ფოსტაში, მედდად, პიონერთა სახლის დრამატული კლუბის ხელმძღვანელად და სტიუარდესადაც კი. მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მსახიობობაზე უარი ეთქვა და ფილოლოგია აირჩია.

ჯერ კიდევ ბორტგამცილებლად მუშაობისას ლუდმილა მეგობართან ერთად ლენინგრადში სამი დღით გაფრინდა, სადაც თეატრში მეგობრებმა 28 წლის ვლადიმერ პუტინი გააცნეს. სამი თვის შემდეგ, ნაცნობობა სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ პუტინი ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდშიც კი საშინელ დღეში აგდებდა ქალს.

"პაემანზე მე არასოდეს ვაგვიანებდი, მაგრამ ის ყოველთვის აგვიანებდა. საათნახევარი მაინც ველოდი ხოლმე. პირველი 15 წუთს ჩვეულებრივად ვუძლებდი, მაგრამ როდესაც 1 საათი გადიოდა, ტირილს ვიწყებდი“, - აღიარა ლუდმილამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

პუტინი არ ჩქარობდა მასზე დაქორწინებას. ეს გაცნობიდან სამი წლის შემდეგ მოხდა. „მივხვდი, რომ თუ კიდევ ორი-სამი წელი არ გავთხოვდები, არასოდეს გავთხოვდები, ”- ამბობდა ქალი.

1985 წელს წყვილს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რომლისთვისაც დედას სურდა, რომ ნატაშა დაერქმია. მამა დაჟინებით მოითხოვდა ბავშვისთვის მარია დაერქმიათ, საკუთარი დედის პატივსაცემად.

"ვიტირე, თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა და ჩემი ქალიშვილი მაინც მაშა იქნებოდა, ”- განმარტა ლუდმილამ.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც წყვილი დრეზდენში დასახლდა, ​ქალს მეორე ქალიშვილი, ეკატერინა შეეძინა. პუტინი უკვე სახელმწიფოს პირველი პირი იყო და ამის შემდეგ მათი პირადი ცხოვრება სამუდამოდ დაიკეტა.

ლუდმილას ესმოდა, რომ მისი ქმრის კარიერულ კიბეზე ასვლა აუცილებლად შეცვლიდა მათ ოჯახურ ცხოვრებას, მაგრამ მას ყოველთვის სჯეროდა ქმრის და მხარს უჭერდა, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტი გახდა.

განქორწინების მიზეზები

პირველი ლედის ამპლუა მისთვის კომფორტული აღმოჩნდა: ეწეოდა სოციალურ საქმიანობას, თან ახლდა ქმარს მივლინებებში, გახსნა რუსული ენის განვითარების ცენტრი, მაგრამ ქმრისგან ბევრს არაფერს ითხოვდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყენის მიზეზი არ ჰქონდა.

"გეგმებს აღარ ვაწყობ. როდესაც ასე ხდებოდა, ყოველთვის ყველაფერი იშლებოდა, ამ დროს საშინლად ვგრძნობდი თავს, ცუდად, შეურაცხყოფილად. შემდეგ მივხვდი, რომ იმედგაცრუებების თავიდან აცილების მარტივი გზა იყო, რომ გეგმები აღარ შემედგინა“, - თქვა ლუდმილა პუტინამ.

წყვილმა განქორწინების შესახებ ოფიციალურად 2013 წელს გამოაცხადა. ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ოფიციალურად დაასახელეს, ის იყო, რომ თითქოს ლუდმილას ფრენა არ უყვარდა და ვერ გაჰყვებოდა მეუღლეს ოფიციალურ ვიზიტებზე. ამ დროს ქალი წლების წინ სტიუარდესად მუშაობდა.

საიდუმლო ქორწილი

მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ ის აგრძელებს ყოფილ მეუღლესთან კომუნიკაციას და მათი ურთიერთობა იმაზე უკეთესი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ აპირებდა დაქორწინებას.

”იცით რა, ჯერ ჩემი ყოფილი მეუღლე, ლუდმილა ალექსანდროვნა უნდა გავათხოვო და მერე საკუთარ თავზე ვიფიქრო!” – ასე უთხრა პოლიტიკოსმა ჟურნალისტს 2014 წელს, როდესაც კითხვა პირად ცხოვრებაზე დაუსვეს.

წყვილის განქორწინება სენსაციად იქცა. 2016 წლის დასაწყისში ჟურნალისტებმა იპოვეს დოკუმენტები უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ, სადაც ლუდმილა სხვა გვარით - ოჩერეტნაიათი იყო მოხსენიებული. არსებობდა ვარაუდი, რომ ყოფილი პირველი ლედის ქმარი ახლა უკვე ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი არტურ ოჩერეტნი გახდა.

2019 წლის დასაწყისში რუსულმა მედიამ გაავრცელა ექსკლუზიური ფოტოები ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც ადასტურებდა კავშირს ლუდმილა ალექსანდროვნასა და არტურ ოჩერეტნის შორის - ისინი ერთად გაფრინდნენ მოსკოვი-ლონდონის რეისით.

ამ თემაზე ლუდმილას კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია. ის პერიოდულად ჩნდება რუსულ მედიაში, სხვადასხვა ღონისძიებებზე, მაგრამ დახურულია თემა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ.

წაიკითხეთ ასევე: