ავტორი:

"მეჩვენებოდა, რომ ჩემი შვილები კუბოებიდან გადმოაგდეს" - ახალი ცხოვრება, მეორე ცოლი და ტყუპი შვილი - როგორ ცხოვრობს კაცი, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ მკვლელად აქცია

"მეჩვენებოდა, რომ ჩემი შვილები კუბოებიდან გადმოაგდეს" - ახალი ცხოვრება, მეორე ცოლი და ტყუპი შვილი - როგორ ცხოვრობს კაცი, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ მკვლელად აქცია

2002 წლის 1-ელ ივლისს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ვლადიკავკაზელი მშენებლის ისტორიაზე კი წლების შემდეგ არაერთი ფილმი გადაიღეს. იმ დღეს, ავიაკატასტროფა ბოდენის ტბის თავზე მოხდა, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, ბორტზე მყოფი 71 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ვიტალი კალოევის ოჯახის სამი წევრი - მეუღლე და ორი შვილი.

ვიტალი კალოევის ამბავი და მისი პერსონა დღემდე არის ინტერესის ობიექტი. 15 იანვარს ვიტალი 68 წლის გახდა და ეს დღე ოჯახთან ერთად - მეორე მეუღლე ირინასთან და ხუთი წლის ტყუპთან, სოფიასა და მაქსიმთან ერთად გაატარა.

  • ვინ იყო დამნაშავე კალოევის მეუღლისა და ორი შვილის გარდაცვალებაში, როდის გადაწყვიტა კაცმა შვეიცარიული კომპანიის ავიადისპეტჩერის მოკვლა, რომელიც პასუხისმგებელი იყო თვითმფრინავების მოძრაობაზე და შეძლო თუ არა მან სიმშვიდის მოპოვება სასჯელის მოხდის შემდეგ, სტატიაში მოგიყვებით...

ავისმომასწავებელი ნიშნები

ვიტალი კალოევი ვლადიკავკაზში, მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. სკოლაში კარგად სწავლობდა, მოგვიანებით, ჩრდილოეთ კავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სტუდენტი გახდა და არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა.

მალე კალოევი ვლადიკავკაზის სამშენებლო განყოფილების ხელმძღვანელად მიიწვიეს. 1999 წელს კონტრაქტით ესპანეთში გაემგზავრა, სადაც სახლებს აპროექტებდა. იმ დროისთვის ვიტალი უკვე რვა წლის დაქორწინებული იყო ეკონომისტ სვეტლანა გაგიევაზე. 1991 წელს წყვილს პირველი ვაჟი კოსტია შეეძინათ, 1998 წელს ქალიშვილი, დიანა.

ვიტალი კონსტანტინოვიჩი წარმატებული არქიტექტორი იყო

2002 წლის ზაფხულში კალოევმა ბარსელონას მახლობლად კოტეჯის მშენებლობა დაასრულა. იმ პერიოდში ოჯახი ცხრა თვის უნახავი ჰყავდა და გადაწყვიტა ცოლ-შვილი ესპანეთში ჩაეყვანა და ერთად დაესვენათ. თავიდანვე ყველაფერი უცნაურად წარიმართა, თითქოს ვიღაც ცდილობდა სვეტლანა და ბავშვები მგზავრობისგან დაეცვა.

1-ელ ივლისს ბილეთები ვერ იშოვეს, მაგრამ ჩასხდომამდე რამდენიმე საათით ადრე სვეტლანას სამი ადგილი შესთავაზეს, სადაც ძირითადად მცირეწლოვანი მგზავრები იყვნენ დარეგისტრირებული - მოსწავლეები, რომლებიც ევროპაში უფასო მოგზაურობით დაჯილდოვდნენ.

საბედისწერო დამთხვევების ჯაჭვი ისევ გაგრძელდა: თავიდან ქალი ბავშვებით სხვა აეროპორტში მივიდა, როცა იმ აეროპორტში მივიდა, საიდანაც ფრენა უნდა შესრულებულიყო, რეისი უკვე გაფრენილი დახვდა, მაგრამ მეორე გამოყვეს. შემდეგ პატარა დიანა ტერმინალში დაიკარგა. როდესაც გოგონა იპოვეს, რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო, მაგრამ დაგვიანებული მგზავრები ბორტზე მაინც აუშვეს. ბაშკირის ავიახაზების თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე იდგა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასში საწვავი არ იყო.

კალოევის მეუღლე შვილთან ერთად

საბოლოოდ, მოგზაურობა დაიწყო, მაგრამ პრობლემა რამდენიმე საათის შემდეგ წარმოიშვა: გერმანიის თავზე ორი თვითმფრინავი დაფრინავდა, მათ მოძრაობას კი შვეიცარიული კომპანია Skyguide-ი აკონტროლებდა. ტრაგედიამდე ორიოდე წუთით ადრე, ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელი შესვენებაზე გავიდა და 34 წლის პიტერ ნილსენი იძულებული გახდა ერთდროულად ორი ტერმინალის მონიტორინგი ეწარმოებინა. საბოლოოდ, შეჯახება მოხდა.

კატასტროფა და მისი შედეგები

ფრენის ჩამწერის ჩანაწერების მიხედვით, Tu-154-ის ეკიპაჟის წევრმა შენიშნა, რომ მაკონტროლებლის ბრძანება ეწინააღმდეგებოდა TCAS-ის მითითებებს, მაგრამ საბოლოოდ, პილოტებმა უგულებელყვეს ტექნიკური სიგნალი და მაინც შეასრულეს ნილსენის რეკომენდაციები

ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენას 2 წელი დასჭირდა. კომისიამ დაადგინა, რომ შეჯახება კომპანია "სქაიგაიდის“ დისპეტჩერის შეცდომა იყო, არასწორად იმოქმედა "ტუ-154"-ის ეკიპაჟმაც. მოგვიანებით, გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსი მფრინავი დამნაშავე არ იყო, ამიტომ მას ბრალეულობა მოეხსნა.

საშინელ კატასტროფას ვერავინ გადაურჩა

ვინ იყო დამნაშავე ავიაკატასტროფაში, რომლის დროსაც 71 ადამიანი დაიღუპა, მათგან 52 ბავშვი?

გამოძიების შედეგების მიხედვით, ნილსენის ინსტრუქციები დაგვიანებულად იქნა მიჩნეული, ხოლო Tu-154 ეკიპაჟის ქმედებები მცდარი იყო. ასევე, სადგურზე გათიშული იყო სატელეფონო კავშირი და ამიტომ გერმანელმა კოლეგამ, რომელმაც შეამჩნია თვითმფრინავების სახიფათო მდგომარეობა, ვერ შეძლო ამის შესახებ პიტერის გაფრთხილება.

ბევრი ფაქტორი იყო, რამაც გამოიწვია ტრაგედია, მაგრამ ვიტალი კალოევი, რომელიც 1-ელ ივლისს ბედნიერი მამა და ქმარი იყო, 2 ივლისს სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა. მან პირადად იპოვა პატარა ქალიშვილის გაწყვეტილი მძივები. ძიებისას იპოვეს დიანას ცხედარი.

ვიტალი კალოევმა ოჯახი ერთ ღამეში დაკარგა

გავიდა თვეები, მაგრამ მომხდარის გამო არავინ დასჯილა. Skyguide-ის თანამშრომლების სასამართლო პროცესი მხოლოდ 2006 წელს დაიწყო და შედეგად, ოთხი მენეჯერი დამნაშავედ ცნეს. მათ ბრალი ედებოდათ გაუფრთხილებლობასა და დაუდევრობაში, რომელსაც ადამიანების სიკვდილი მოჰყვა.

მათგან სამმა პირობითი სასჯელი მიიღო და ერთიც დაჯარიმდა. 2003 წელს ვიტალი კალოევი შვეიცარიაში ჩავიდა და ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ალენ როსიერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, მაგრამ ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა.

2004 წლის თებერვალში ისევ გაფრინდა შვეიცარიის ქალაქ კლოტენში, რათა პირადად გასაუბრებოდა პიტერ ნილსენს. არქიტექტორის თქმით, მან დისპეტჩერს ცოლ-შვილის ფოტოები აჩვენა, მაგრამ პიტერმა ისინი გადაყარა.

”თვალებში დამიბნელდა", - ჰყვებოდა მოგვიანებით კალოევი სასამართლოში აკანკალებული ხმით, ”მახსოვს, რომ მეჩვენებოდა კიდეც, რომ ჩემი შვილები კუბოებიდან გადმოაგდეს. არ მახსოვს, არ ვიცი რა გავაკეთე მაშინ. ”

კალოევი მხოლოდ მაშინ მიხვდა სად იყო, როცა სირენების ხმა გაიგონა. პიტერ ნილსენი, საბედისწერო ღამის ავიადისპეტჩერი, საკუთარი სახლის ზღურბლზე გარდაცვლილი იპოვეს, მას 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სასამართლო პროცესზე კალოევმა პირდაპირ არ აღიარა დანაშაული, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულების მიხედვით, სწორედ მან მოკლა ნილსენი. 2005 წლის ოქტომბერში არქიტექტორს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს "კარგი საქციელის გამო".

ახალი ცხოვრება

კალოევს არასოდეს უცდია ცნობილი გამხდარიყო. სამშობლოში განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ. მალე ჩრდილოეთ ოსეთის მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ვიტალი ამ პოსტს 2016 წლამდე იკავებდა, პენსიაზე გასვლამდე.

არქიტექტორი ცნობილი გახდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რადგან მასზე ფილმები გადაიღეს. ავიაკატასტროფის საფუძველზე შექმნეს ფილმი "ფრენა ღამით. კატასტროფა უბერლინგენზე“, "უპატიებელი,“ ფილმში "შედეგები“ კალოევის პერსონაჟი ითამაშა არნოლდ შვარცენეგერმა.

არნოლდ შვანცენეგერის მიერ განსახიერებული კალოევი - კადრი ფილმიდან

მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, გულზე სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც, პენსიაზე გასვლამ მოუწია. ამისთვის კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა: ცვლილებები მის პირად ცხოვრებაში. ვიტალი ირინა ძარასოვას კაფეში შეხვდა. ამ შეხვედრიდან მალევე წყვილმა იქორწინა.

ოჯახი

მოგვიანებით ირინამ განაცხადა, რომ ერთხელ ბოშა მკითხავმა დაარწმუნა, რომ ქალი 40 წლის ასაკში დაქორწინდებოდა თავისზე უფროს და ძალიან ცნობილ მამაკაცზე. 2018 წელს წყვილს ტყუპი, სოფია და მაქსიმი შეეძინა.

”მას ძალიან უნდოდა ბავშვები, სულ მცირე, სამი ერთად. და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. ექვსი წელი ველოდით შვილებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მოვილოცეთ წმინდა ადგილები “, - თქვა ქალმა.

63 წლის ასაკში კალოევი თავიდან გახდა ორი შვილის მამა. ამბობს, რომ ის ირინასთან ერთად ხშირად სტუმრობს გარდაცვლილი ცოლ-შვილის საფლავებს.

მისი სახელი და გვარი ხშირად ჩნდება უცხოურ მედიაში. 2019 წლიდან ის ვლადიკავკაზის წარმომადგენლობითი ასამბლეის დეპუტატია, 2020 წელს კი თანამემამულეებმა, რომლებმაც ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს, არქიტექტორის რესპუბლიკის ახალ მეთაურად დანიშვნაც კი მოითხოვეს. თუმცა, კალოევმა მხარი არ დაუჭირა აჯანყებულებს და მოუწოდა, რომ სახლში წასულიყვნენ. ამბობს, რომ არ ისწრაფვის პოლიტიკური კარიერისკენ, რადგან ცდილობს, მშვიდობიანად იცხოვროს და ყოველი წუთი საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროს.

წაიკითხეთ ასევე:

ვიტალი კალოევი - ტრაგიკული ისტორია მამაზე, რომელიც მეუღლის და შვილების დაღუპვამ, მკვლელად აქცია