ავტორი:

"44 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ მქონდა მესამე ფილტვი, რომელიც ინფექციების წყარო იყო... ნახევარი ცხოვრება ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული" - ნინო ბაშარულის იშვიათი დიაგნოზი

"44 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ მქონდა მესამე ფილტვი, რომელიც ინფექციების წყარო იყო... ნახევარი ცხოვრება ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული" - ნინო ბაშარულის იშვიათი დიაგნოზი

ერთი თვის წინ, ნინო ბაშარულმა სოციალურ ქსელში სტამბოლის "ფლორენს ნაითინგეილის" კლინიკიდან სურათი გამოაქვეყნა, მომღერალი წერდა, რომ მალე მისი ოპერაცია დაიწყებოდა. როგორ აღმოჩნდა, ნინოს პრობლება დაბადებიდან მოდიოდა, მაგრამ ამის შესახებ 44 წლის ასაკში გაიგო.

იქამდე კი იყო რთული წლები, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ნახევარი ცხოვრება ფილტვების ანთებასთან ბრძოლაში გაატარა. ბოლოს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული გახდა და მისი მუდმივი ბრძოლა ანთებებთან გართულდა. ამბობს, რომ გადარჩა, რადგან ერთი ექიმის წყალობით მისი ხანგრძლივი ავადობის მიზეზი გაირკვა, სხვა შემთხვევაში ფიქრობს, რომ შესაძლოა, მისი მდგომარეობა ფატალურად დასრულებულიყო.

ოპერაციიდან თვეზე ცოტა მეტი გავიდა. ახლა საქართველოშია და რეაბილიტაციის პროცესს გადის. ამბობს, რომ იმედი აქვს ერთ წელიწადში ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება, იქამდე კი დიდი გეგმებია, სოლო კონცერტისთვის ემზადება.

- ნინო, როდის გაიგეთ, რომ ფილტვებთან დაკავშირებით პრობლემა გქონდათ და რა ჰქვია ამ დაავადებას?

- ეს არის ფილტვის მანკი, სამედიცინო ენაზე ფილტვის სეკვესტრაცია. აღმოჩნდა, რომ დაბადებიდან მქონდა და საბოლოოდ დიაგნოზი 44 წლის ასაკში გავიგე. ეს არის შემთხვევა, როდესაც ფილტვში კიდევ მესამე დამოუკიდებელი ფილტვია, რომელიც არ ემსახურებოდა ჩემს ორგანიზმს და პირიქით, მორეციდივე ინფექციების წყარო იყო. რაც შეეხება სიმპტომებს, ჯერ კიდევ ბავშვობიდან წელიწადში ექვსჯერ-შვიდჯერ მემართებოდა ფილტვების ანთება, ხან წყალი მიდგებოდა. რეალურად აღმოჩნდა, რომ აქამდე სიმღერამ გადამარჩინა, რადგან ამ დროს კარგად მუშაობს ფილტვები.

- ამ წლების მანძილზე ანთების დროს, ალბათ, რენტგენსაც გიღებდნენ, ვერ ხედავდნენ პრობლემას?

- ვერ ხედავდნენ და ვფიქრობ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა ამ დაავადების შესახებ. საკმაოდ იშვიათი დაავადებაა. ფილტვის დაავადებებს შორის 0.01 პროცენტი შემთხვევაა. ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა, მეუბნებოდნენ, რომ დაჩრდილვა მაქვს. ცოტა ხნის წინ, ამერიკულ ჰოსპიტალში მივედი და ექიმმა ირაკლი ავაზაშვილმა მიიტანა ეჭვი ამ დაავადებაზე. ძალიან გულმოდგინედ დაათვალიერა რენტგენი და რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა, აქ რაღაც არ მომწონს და კატე უნდა გავიკეთოთო.

- ამ შემთხვევაში, რა ჩივილით მიხვედით ექიმთან?

- მორიგი ფილტვების ანთება მქონდა, სუნთქვა მიჭირდა, სიმღერაც აღარ მშველოდა. ალბათ ამოწურა ორგანიზმმა ყველანაირი რესურსი და თავისუფლად შეიძლებოდა პნევმონიას შევწირულიყავი. კიდევ რომ ეთქვათ, რომ მორიგი დაჩრდილვაა და მიზეზი ვერ გაეგოთ, სადამდე ვიცოცხლებდი, არ ვიცი.

- წერდით, რომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული გახდით...

- ყოველ წელს სხვადასხვა ანტიბიოტიკით მიწევდა მკურნალობა, ხან ბრონხოსკოპიას ვიკეთებდი. ბოლოს ანალიზი რომ ჩავაბარე, ძალიან ცოტა ანტიბიოტიკიღა იყო დარჩენილი, რომელიც ჩემს ანთებას მოერეოდა. საზოგადოებას ვთხოვ, განსაკუთრებულად მშობლებს, შვილებს გაუფრთხილდნენ და ჩვეულებრივი ანთებების დროს არ მისცენ ანტიბიოტიკი, უმკურნალონ ფაგებით და არ მიიყვანონ გართულებამდე.

- როდესაც გაიგეთ დაავადების შესახებ, თურქეთში რატომ გადაწყვიტეთ ოპერაციის ჩატარება?

- როგორც გითხარით, იშვიათი დაავადებაა და სულ რამდენიმე შემთხვევა იყო საქართველოში. ოპერაციებმა კი არც ისე კარგად ჩაიარა, იყო შემთხვევა, როდესაც არტერიას შეეხნენ და ძლივს გადაარჩინეს პაციენტი. თურქეთს ვენდობოდი, ძალიან კარგი შედეგები აქვთ და მაღალ დონეზეა მედიცინა.

- ფინანსურ მხარეს როგორ გაუმკლავდით?

- ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა მხარში, მათ შორის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, ძალიან მადლიერი ვარ მათი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველა იდეოლოგიის ადამიანი ზრუნავდა ჩემზე. ყველასგან სიყვარულს ვგრძნობდი.

- წინასაახალწლოდ ჩანიშნეთ ოპერაცია, რატომ?

- მჯერა და ვითვალისწინებ ასტროლოგიურ ამბებს და ეს პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ტრანსფორმაცია უნდა განმეცადა და მომესწრო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მინდოდა ეს ანომალიები ახალ წლამდე მომეშორებინა. 2024 წლის დადგომას თურქეთში შევხვდი. უკვე გამოწერილი ვიყავი, მაგრამ კლინიკის გვერდით სასტუმროში ვცხოვრობდი. ერთი კვირა რეაბილიტაციისთვის დავრჩი.

- ნინო, რამდენად რთული ოპერაცია იყო...

- სამსაათნახევარს გაგრძელდა, ერთი ღამე რეანიმაციაში დამტოვეს. იმდენად იდეალური სამედიცინო მომსახურება აქვთ, რომ არანაირი გართულება არ მქონია. დარწმუნებული ვარ, სხვაგან რომ გამეკეთებინა, შესაძლოა, ასე იდეალურად არ ჩაევლო ყველაფერს. თვეში დაახლოებით სამი-ოთხი ქართველი ჩადის ამ კლინიკაში ოპერაციისთვის.

- ვისთან ერთად იყავით, ვინ იყო თქვენი გულშემატკივარი?

- ჩემი მეუღლე მახლდა, ასევე მოდიოდნენ მნახველები, იქაური ქართველი ემიგრანტები.

- აღნიშნეთ, რომ ხშირად გემართებოდათ ფილტვების ანთება, კოვიდი როგორ გადაიტანეთ?

- ურთულესად, მეგონა, რომ წერილი მიმქონდა. ამ დროს ყველაზე მეტად ჩაითრია ფილტვი, სუნთქვა აღარ შემეძლო, საავადმყოფოში არ გავყევი მეუღლეს, მეგონა რომ იქ მოვკვდებოდი. მედიტაციებით, საკუთარი თავის მოტივირებით დავძლიე. ამ დროს ფსიქიკურ მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შიშს თუ აყევი, მერე ხდები პანდემიის მსხვერპლი. ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, რა შიშებსა და ემოციებს ვატარებდი და დავიწყე ბრძოლა მედიტაციებითა და იოგით. დაახლოებით ათი დღე ამ მდგომარეობაში ვიყავი. თითქოს ეს იყო დიდგორის ბრძოლა და მე მეომარი ვიყავი.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- იმდენად ენერგიულად და მშვიდად ვარ, რომ თითქოს დაწყევლილი ვიყავი და წყევლა ამხსნეს. გამეხსნა ფიქრის არეალი, ფაქტობრივად, ამდენი წლის განმავლობაში, ნახევარი ცხოვრება ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული, სულ ანთება მქონდა და სულ ანტიბიოტიკებზე ვიყავი.

- დედას რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო რატომ ავადობდით თურმე ბავშვობაში?

- ყველაზე მეტად იმით იყო გახარებული, რომ საბოლოოდ გავიგეთ დიაგნოზი, თუ რა მჭირდა. რატომ ვიყავი ასე წლები. ისეთი ბედნიერი იყო, თან რომ გაიგო, სტამბოლში ვაპირებდი ოპერაციას და კარგ ხელში ვიყავი. დიახ, დედა ყველაზე მეტად გავაბედნიერე ჩემი ოპერაციით.

- ნინო, როდის დასრულდება რეაბილიტაციის პროცესი?

- ჩვეულებრივ ცხოვრების წესს დავუბრუნდი, ოღონდ ფრთხილად, მძიმეების აწევა არ შეიძლება, ასევე გადატვირთვა. თავს უნდა მოვუარო. ფილტვს კარგი კვება სჭირდება. პროტეინების შემცველი საკვები მნიშვნელოვანია, ქათმის ხორცი, ბოსტნეული. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სუნთქვის ვარჯიშები. სიმღერა უკვე დავიწყე და ამან გადამარჩინა აქამდე, რადგან ყველაზე მეტად აძლიერებს ფილტვებს. ექვსი თვიდან ერთ წლამდე სჭირდება ფილტვს რომ მოჭრილი ნაწილი შეივსოს. ვფიქრობ, შევძლებ, რომ 7 თვეში აღვიდგინო, თუ ხშირად ვიმღერებ. შემდეგ ძალიან მინდა, რომ სოლო კონცერტი ჩავატარო, ამისთვის უკვე ვემზადები.

მეუღლესთან ერთად

- ბოლო დროს რაჭაში გადახვედით საცხოვრებლად. ახლა როგორ გადაანაწილებთ დროს დედაქალაქსა და რეგიონს შორის?

- ჩემი იქ ყოფნა სულიერი კათარზისი იყო და როდესაც გავიგე, რომ ცხოვრების წესს ვიცვლიდი, ძალიან გული დამწყდა. იქ ყოფნისას რაჭის სოფლებში დავდიოდი, ვწერდი და ვესაუბრებოდი მოხუცებს, ვაცოცხლებდი მათ ისტორიებს. ახლა ერთი წლის განმავლობაში ამას ისე ხშირად ვეღარ შევძლებ, მაგრამ ზაფხულში ვგეგმავ, რომ ორი თვით ჩავიდე.

წაიკითხეთ ასევე: