ავტორი:

"ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს... მეც მაქვს სია, ვინც მლანძღავს, არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს" - რას წერს პეტრე კოლხი?

"ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს... მეც მაქვს სია, ვინც მლანძღავს, არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს" - რას წერს პეტრე კოლხი?

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოხლი) მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის მთავარი ღირებულება სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებაა. მისი ინფორმაციით, სია აქვს, ვინც გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებს მას და აპირებს, ეს სია ე.წ. ზნეობრივ კომისიას გადასცეს.

"დასჯა არა, როგორც წესი, წაკითხულის გააზრებაში ძალიან გვიჭირს… ასეც რომ იყოს, ვისთვის რა არის დასჯა… ესეც ძალიან პირობითია, თუმცა მე ვარ სასულიერო პირი და როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, აუცილებლად ვაპირებ მისვლას მღვდელმთავრებთან… ჩემთვის სხვა რამ უფრო საგანგაშოა… ჰოდა, ახლა ეს მინდა გითხრათ… ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო, ვისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ, ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს და პირობაც ჩამოართვეს, თუ იგივეს გაიმეორებს, დაისჯება უზიარებლობით…

სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს და არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს, ამ სიას გადავცემ ე.წ. ზნეობრივ კომისიას, იმედია გამოიჩენენ ჰუმანიზმს და მათ შუამავლობით ბოდიშსაც მომიხდიან…. ნუ, აქვე გეტყვით, რომ კომიკურია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე…

ჰოდა, ეს ტენდენციური, სუბიექტური და შერჩევითი მიდგომები მაგიჟებს… აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის მთავარი ღირებულება… ჩემთვის ეს არის დასჯა, როცა ჩემს პრინციპებს საფრთხე ემუქრება…. მის გარეშე უფრო ვარ დასჯილი… ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ!" - წერს პეტრე კვარაცხელია.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოში გუშინ საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა მამა პეტრე კვარაცხელიას საქმე.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე: