ავტორი:

ვისთან დაიცავს ტიტულს ილია თოფურია და ვის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში? - რა ვიცით სამომავლო შანსებზე

ვისთან დაიცავს ტიტულს ილია თოფურია და ვის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში? - რა ვიცით სამომავლო შანსებზე

დღეს საქართველოს სპორტის ისტორიაში უზარმაზარი თავი დაიწერა და ამ თავს ბოლოში ხელს აწერენ ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.

გამთენიას კალიფორნიაში, ანაჰეიმში UFC 298 გაიმართა. ტურნირის მთავარი შეხვედრა აწ უკვე ყოფილი ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას დაპირისპირება იყო. თოფურია პირველი ქართველია, ვინც UFC-ის ტიტულზე გაიბრძოლა.

  • შეხვედრა დაგეგმილი 5 რაუნდის ნაცვლად, 2 რაუნდი გაგრძელდა, მეორე ხუთ წუთში ილიამ ვოლკანოვსკი ბრუტალურად დაანოკაუტა. აღსანიშნავია, რომ 12-წლიან კარიერაში ავსტრალიელი ჩემპიონი აქამდე არასდროს დამარცხებულა ნახევრადმსუბუქ წონაში.

ტურნირზე ასევე იბრძოლა, მერაბ დვალიშვილმაც, რომელმაც ლეგენდარულ ჰენრი სეჰუდოს 3 რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. UFC-ის პრეზიდენტის თქმით, მერაბს ტიტულზე ბრძოლა გარანტირებული აქვს.

  • განვიხილოთ, ჩვენი ბიჭების პოტენციური და მომავალი მოწინააღმდეგეები.

ილია თოფურიას დივიზიონი ალექს ვოლკანოვსკიმ მნიშვნელოვნად "გაწმინდა“. "ვოლკი" ყოველთვის ძლიერ ოპონენტებთან ბრძოლის მომხრე იყო, შესაბამისად რეიტინგში მომდევნო რამდენიმე სპორტსმენი, ალექსს დამარცხებული ჰყავს.

ასე გამოიყურება ახლა რეიტინგი:

ჩემპიონი: ილია თოფურია

1. ალექს ვოლკანოვსკი

2. მაქს ჰოლოვეი

3. იაირ როდრიგესი

4. ბრაიან ორტეგა

5. მოვსარ ევლოევი

ალექს ვოლკანოვსკი - ვოლკს ბოლო 5 თვე საკმაოდ მძიმე ჰქონდა. ოქტომბერში მან მსუბუქ წონაში ისლამ მახაჩევთან რემატჩი გამართა და მძიმედ დანოკაუტდა. როგორც წესი, ასეთი წაგებების შემდეგ, მებრძოლები სულ მცირე, ნახევარი წელი რეაბილიტაციას გადიან. საუკეთესო შემთხვევაში, საბრძოლო სპორტში 3 თვე არის მოსამზადებელი ბანაკის იდეალური პერიოდი. ვოლკანოვსკიმ კი მახაჩევთან მძიმე მარცხის შემდეგ, სწრაფად მოისურვა დაბრუნება და რეპუტაციის გამოსწორება, რადგან ბევრმა ფანმა ის ჩამოწერა. გამოდის, რომ მას ნორმალურად რეაბილიტაციაც არ ჰქონდა გავლილი, ისე მიიღო ახალი ბრძოლა. ახლა, როდესაც უკვე მეორედ ისევ მძიმედ დანოკაუტდა, გამორიცხულია, რომ მალე დაბრუნდეს. ის დაისვენებს, ოჯახთან გაატარებს დროს, გადააფასებს მომხდარს, მომჯობინდება და სავარაუდოდ წლის ბოლოს ვიხილავთ საქმეში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თოფურია-ვოლკის რემატჩს ამ ეტაპზე არ ვიხილავთ.

მაქს ჰოლოვეი - ლეგენდარული ჰავაელი მებრძოლი შემდეგია პოტენციურ მოწინააღმდეგეებში. ჰოლოვეი თავის დროზე ვოლკანოვსკიმ გაჭედა - ის აბსოლუტურად ყველას უგებდა, თუმცა ავსტრალიელთან სამჯერ დამარცხდა და ვერა და ვერ დაიბრუნა ტიტული. 2023 წელს მაქსმა 2 ბრძოლა გამართა და ორივეში გაიმარჯვა. მას ტიტულზე ბრძოლა ეკუთვნის, თუმცა თოფურიას მინიმუმ 2-3 თვე უნდა დაელოდოს, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა სავარაუდო თარიღი. ზუსტად ამ შუალედში ჰოლოვეი მსუბუქ წონაში შეხვდება ჯასტინ გეიჯის, რომელიც ურთულესი მოწინააღმდეგეა. როგორც არ უნდა მორჩეს ის ბრძოლა, ჰოლოვეი სწრაფად ვერ დაბრუნდება და დასჭირდება აღდგენა-რეაბილიტაცია. ეს დრო დაახლოებით დაემთხვევა ილიას მომდევნო ბრძოლას, შესაბამისად, ილია და მაქსი ამ ეტაპზე ვერ შეხვდებიან.

იაირ როდრიგესი - მექსიკელი, რომელიც მუდმივად სანახაობრივად იბრძვის და ნამდვილ შოუს დგამს, შესაშური შედეგებით არ არის წარმოდგენილი. 2023 წლის ივლისში ვოლკანოვსკიმ მას გადაუარა და იმის მერე როდრიგესს აღარ უჩხუბია. მისი და ილიას შეხვედრა, ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევს, აუცილებლად ლამაზ ბრძოლას მიიღებს პუბლიკა და რეალურად, თოფურიასთვის იაირი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. როდრიგესს ტიტულზე ბრძოლა არ ეკუთვნის, მაგრამ თუ ამას თოფურია მოისურვებს, დეინა უაითი ორგანიზებას გაუწევს.

ბრაიან ორტეგა - ორტეგა მიმდინარე კვირაში აქტიური იყო და არაერთხელ დააფიქსირა თოფურიასთან ბრძოლის სურვილი. თუმცა ამ ეტაპზე არც ბრაიანი იმსახურებს ტიტულისთვის ბრძოლას, ის ჯერ ალექს ვოლკანოვსკიმ უსასტიკესად დაამარცხა, შემდეგ იაირთან წააგო, ტრავმის გამო. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მას ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას არავინ მისცემს.

მოვსარ ევლოევი - მიუხედავად იმისა, რომ მოვსარი მეხუთე ადგილზეა, ამ ჩამონათვალში ყველაზე დიდ ძალას წარმოადგენს და დანარჩენებთან შედარებით თოფურიასთვის საფრთხეს წარმოადგენს. ინგუში მებრძოლი ისედაც დიდი ხანია ილიას "კბენს“ სოციალურ ქსელებში, ხოლო მისი გულშემატკივარი აჟიტირებული დასდევს ილიას პოსტებს "ინსტაგრამსა" და "ტიკტოკზე" და ტროლებივით წერენ, რომ "მალე ტიტული მოვსარის იქნება“. UFC ამერიკული ორგანიზაციაა, სადაც შოუ და ისტორიები მოსწონთ. ევლოევისა და თოფურიას პოტენციური დაპირისპირება კი უკვე ისტორიაა, მებრძლებს ამის სურვილი არაერთხელ გამოუხატავთ და ისედაც არ აქვთ ნეიტრალური ურთიერთობა. ასეთი რაღაცები UFC-ის პიარ-მანქანას უყვარს, ისტორია ყიდის ბრძოლას, ფულზე კი უარს არავინ ამბობს. თანაც ევლოევი თოფურიას მსგავსად დაუმარცხებელია (15-0 ილია, 18-0 მოვსარი), რაც დამატებით ინტერესს იწვევს.

კონორ მაკგრეგორი - კონორი იყო მებრძოლი, რომელიც თოფურიამ გამოიწვია ალექსის დამარცხებისა და გაჩემპიონების შემდეგ. თუმცა... კონორ მაკგრეგორისა და ილია თოფურიას შეხვედრა 100%-ით გამორიცხულია. ჯერ ერთი, რომ კონორმა ალკოჰოლიზმით წონა და კუნთოვანი მასა იმდენად მოიმატა, რომ ვერაფრის ფასად ვერ შეძლებს ნახევრადმსუბუქ ან მსუბუქ წონაში ბრძოლას. მეტიც, მისი პოტენციური მოწინააღმდეგე მაიკლ ჩენდლერია, ხოლო პოტენციური წონა ნახევრადსაშუალო, ან საშუალო სახელდება. ილიას წონასა და საშუალო წონას შორის სხვაობა 20 კგ-ია.

  • ახლა რაც შეეხება დვალიშვილს, აქ სიტუაცია უფრო მარტივია:

დეინა უაითმა დაადასტურა, რომ სეჰუდოს დამარცხების შემდეგ, დვალიშვილი იქნება შემდეგი, ვინც ტიტულისთვის იბრძოლებს. ამჟამად მსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო’მალია, რომელსაც ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს. ო’მალი 9 მარტს მარლონ "ჩიტო“ ვერას შეხვდება. მარლონს მძიმე და საინტერესო ცხოვრება აქვს,

ადრე ჩვენს მკითხველს მის შესახებ მოვუყევით კიდეც (წაიკითხეთ ვრცლად - ბრძოლა შვილის ღიმილისთვის - "ყველა მამა ოცნებობს ბავშვის ჯანმრთელობაზე... ყოველ დღე ჩემს თავს ვეუბნებოდი, - შენ ეს უნდა შეძლო - მეთქი!")

აღსანიშნავია, რომ ვერამ ერთხელ უკვე დაამარცხა ო’მალი, ზუსტად ამიტომ აირჩია ჩემპიონმა მარლონთან ბრძოლა, რადგან სურს, ძველი და ერთადერთი მარცხი "გამოასწოროს“. შესაბამისად, 9 მარტს ვინც გაიმარჯვებს, იმას შეხვდება დვალიშვილიც. ამ ორთან მოგების შანსი კი საკმაოდ მაღალია, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს 2 ჩემპიონი ეყოლება მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში.

ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე: