ავტორი:

კალცონას მულოდნელი გადაწყვეტილება - 67-ე წუთზე შეცვლილი კვარაცხელია და ფრედ დასრულებული მატჩი "ბარსასთან", მარადონაზე

კალცონას მულოდნელი გადაწყვეტილება - 67-ე წუთზე შეცვლილი კვარაცხელია და ფრედ დასრულებული მატჩი "ბარსასთან", მარადონაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ტურის პირველ მატჩში "ნაპოლიმ" "ბარსელონას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

  • "ნაპოლი" - მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, კაიუსტე, ლობოტკა, ანგისა, კვარაცხელია, პოლიტანო, ოსიმენი.

  • "ბარსელონა" - ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელო, დე იონგი, კრისტენსენი, გიუნდოგანი, იამალი, პედრი, ლევანდოვსკი.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიურმა "ნაპოლიმ" მთავარი მწვრთნელი ამ სეზონში კიდევ ერთხელ - მესამედ შეიცვალა. ნეაპოლელებმა ვალტერ მაცარის კარისკენ მიუთითეს, მის შემცვლელად კი 55 წლის სპეციალისტი, ფრანჩესკო კალცონა მოიყვანეს, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. მისი თავკაცობით "ნაპოლი" პირველად სწორედ "ბარსელონას" წინააღმდეგ გავიდა მოედანზე.

პირველი ტაიმი საკმაოდ უღიმღამოდ წარიმართა, ორივე გუნდი უკიდურესად ფრთხილობდა.

მატჩი "ბარსელონას" უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე კატალონიელებს ბურთის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა მერეტის კარგმა თამაშმა "ნაპოლი" გოლს გადაარჩინა. ნეაპოლელები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ვერაფერს ახერხებდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელსაც კატალონიელები მჭიდროდ მეურვეობდნენ, 21-ე წუთზე მერეტმა კიდევ იმარჯვა და ზედიზედ 2 უმწვავესი შეტევისას ბურთი ორჯერ მოიგერია.

35-ე წუთიდან "ნაპოლი" შედარებით გააქტიურდა, მისი შეტევებიც მწვავე გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება ტაიმის ბოლომდე, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხდა და პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმი "ნაპოლიმ" აქტიურად დაიწყო, გაცილებით უფრო დინამიური და სწრაფი გახდა ნეაპოლელთა თამაში, თუმცა შეტევაზე გადასვლას ახერხებდნენ კატალონიელებიც. შედეგად 62-ე წუთზე პედრის კარგი გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ მერეტის კარი ძლიერი დარტყმით აიღო და ანგარიში გახსნა.

68-ე წუთზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, რაც გულშემატკივართა ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

74-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ვიქტორ ოსიმენმა შეძლო, რის მერეც მწვრთნელმა ის შეცვალა. ამის მერე "ნაპოლი" უტევდა, თუმცა მოედანზე მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა. მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

განმეორებითი მატჩი გუნდებს შორის 12 მარტს გაიმართება.

იხილეთ ასევე: