ავტორი:

"ჩემი ძმები სახლში იარაღით დადიან და თვლიან, რომ "ველურ დასავლეთში" არიან" - პოლიციამ ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: რას ამბობს ვარსკვლავის ქალიშვილი

"ჩემი ძმები სახლში იარაღით დადიან და თვლიან, რომ "ველურ დასავლეთში" არიან" - პოლიციამ ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: რას ამბობს ვარსკვლავის ქალიშვილი

საფრანგეთის პოლიციამ ლეგენდარული მსახიობის, ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამოიღო. პროკურორების ცნობით, დელონს იარაღის ფლობის ნებართვა არ ჰქონია.

  • სამართალდამცველები ალენ დელონის ძვირადღირებულ სახლში გასულ კვირას მივიდნენ, მას შემდეგ, რაც მისი შვილი ანუშკა დელონი გამოცემა Elle-ს ესაუბრა მამის იარაღის კოლექციის შესახებ

ანუშკამ ასევე ისიც თქვა, რომ როცა ძმები სტუმრობენ, შეიარაღებულები დადიან და თვლიან, რომ "ველურ დასავლეთში" არიან.

  • 2019 წელს, ინსულტის გადატანის შემდეგ, ალენ დელონის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ინსულტს თან დაერთო სხვა "სერიოზული დაავადებაც", რომლის შესახებ მედიისთვის დამატებით დეტალები ცნობილი არ არის.

ალენ დელონის ოჯახური სიტუაცია საფრანგეთში ტაბლოიდური პრესის პირველ გვერდებზე უკვე დიდი ხანია მოექცა. დელონის შვილებს ერთმანეთთან სასამართლო დავა აქვთ, უფრო ზუსტად კი ანუშკა დელონს მისი ძმები მამის ჯანმრთელობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მამაზე ამჟამად სწორედ ანუშკა, ალენ დელონის 33 წლის ქალიშვილი ზრუნავს.

გარდა ამისა, 88 წლის ალენ დელონის შვილებს სამართლებრივი დავა ჰქონდათ მის მომვლელთან და ამბობდნენ, რომ ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, მომვლელი ცდილობდა ალენ დელონის ნდობა მოეპოვებინა და ამბობდა, რომ მსახიობთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

ალენ დელონი ბოლოს საჯაროდ 2019 წლის კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა, სადაც მას საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა