ავტორი:

"უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს აეღოთ ის ლიცენზია, რომელიც მათთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი" - კალაძე

"უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს აეღოთ ის ლიცენზია, რომელიც მათთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი" - კალაძე

ტაქსის მძღოლებს შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ გამოთქმულ იმ პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც A კატეგორიის ტაქსების მსგავსად, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლების მინიჭებას ეხება.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილია გარკვეული ცვლილებები.

"რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს ის კატეგორია გამოეყენებინათ და აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და ზოგადად ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გაგვიკეთებია. ასე რომ, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გამართულია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მომავალში კიდევ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ცვლილებები, სიახლეების შემოტანა, რაც ვფიქრობ, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა).

ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობუსებს და მხოლოდ A კატეგორიის ტაქსების გარკვეულ ნაწილს მგზავრის აყვანა-ჩამოსმის მომენტში, თუ ამ დროს ხელს არ უშლიან ამავე ზოლში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

იმისთვის რომ A კატეგორიის, თეთრი ფერის ტაქსი გადაადგილდეს საავტობუსო ზოლში, ავტომანქანის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2023 წლის პირველი ივნისიდან, იმ ტაქსების რაოდენობა კი, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თბილისში 3 500-ია.

ასევე იხილეთ: