ავტორი:

"დღემდე იმ 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ, რომელიც კინოსტუდიამ მაჩუქა... წლების წინ დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი" - როგორია "მაყვალას" დღევანდელობა: დარეჯან ხაჩიძე თუმანიშვილზე, შვილებსა და მძიმე პერიოდზე

"დღემდე იმ 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ, რომელიც კინოსტუდიამ მაჩუქა... წლების წინ დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი" - როგორია "მაყვალას" დღევანდელობა: დარეჯან ხაჩიძე თუმანიშვილზე, შვილებსა და მძიმე პერიოდზე

დარეჯან ხაჩიძე 1975 წლიდან თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. არაერთ სპექტაკლში უთამაშია. ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა მხატვრული ფილმის ეპიზოდში გადაიღეს, ასევე ითამაშა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც".

"სერიალში სულ სხვანაირი ვარ. ქეთი დევდარიანმა დამირეკა, მივედი, მითხრა, რომ ეძებდნენ ერთგულ, კარგ დიასახლის ქალბატონს, ვისაც ოჯახი ენდობა, აუტისტ ბავშვს გულისხმიერებით ეპყრობა და ასეთი სახე უნდა შემექმნა. შევეცადე, სწორედ ამ მიმართულებით ''წამეყვანა'' როლი. მშვენიერი პარტნიორები მყავს, არაჩვეულებრივი არიან ნინო კასრაძე და გია როინიშვილი - მასთან ერთად თუმანიშვილის თეატრში რამდენიმე სპექტაკლში მომიწია მუშაობამ. ახალგაზრდებიც მშვენივრად ართმევენ თავს. რაც შეეხება ჩემს გარეგნობას, ახლობელმა პარიკი მაჩუქა. გადაღებებზე წავიღე, იქნებ, გამომადგეს-მეთქი. დავიხურე თუ არა, გიორგი ლიფონავას მოეწონა. სხვა ვარიანტი არც მიცდია. თმის მოვლასა და ვარცხნილობის კეთებას დიდი დრო მიაქვს. მარტივად გადავწყვიტე პრობლემა - ''შლიუპ'', ჩამოვიფარებ პარიკს და უკვე მზად ვარ, ყველაზე სხარტად მე ვემზადები" - ამბობდა წლების წინ მსახიობი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

23 წლის იყო, როცა გიორგი შენგელაიამ ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" მთავარ როლზე დააკავა. 1980 წელს ეკრანებზე გამოსულმა ამ მუსიკალურმა კომედიამ არაერთი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ამ ფილმს არაერთი სიუჟეტი, სტატია და გადაცემა მიეძღვნა.

  • როგორია დღეს მსახიობის ცხოვრება და რა სირთულის გადატანა მოუწია ცოტა ხნის წინ - ამ თემებზე დარეჯან ხაჩიძემ გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" ისაუბრა. ცნობილია, რომ მიხეილ თუმანიშვილმა დარეჯან ხაჩიძეს საცხოვრებლად საკუთარი ბინა დაუთმო. მანამდე მსახიობი რუსთავში ცხოვრობდა. ბინა თბილისში არ ჰქონდა.

"ახლა რომ ბატონი მიშა ცოცხალი იყოს, მოერიდებოდა ამაზე საუბარი. როგორია, როცა შენი პედაგოგი, პროფესორი რომ მოგკიდებს ხელს და წაგიყვანს თავის სახლში. მის მეუღლეს ბინა ჰქონდა კალანდაძეზე, თავად ბარნოვზე ცხოვრობდნენ მთელი ოჯახი, მიმიყვანეს ბინაში, რომელიც კანდელაკზე მდებარეობდა და 5 წელი მაცხოვრეს იქ. არაჩვეულებრივი მეზობლები მყავდა. არაჩვეულებრივი საღამოები იმართებოდა იმ ბინაში. ცოტა უცნაური ბინა იყო. რაღაც ტრიალებდა იქ, ჩემს გარდა თითქოს ვიღაც ცხოვრობდა. ერთხელ სპექტაკლში უნდა მეთამაშა და სპექტაკლის წინ ყოველთვის ვიძინებდი ხოლმე. ჩემი საწოლის თავზე იყო ჩამოკიდებული წმინდა გიორგის ჩარჩოში ჩასმული ნახატი, ძილ ბურანში ვარ და მესმის ხმა, "ეს სურათი ახლა ჩამოვარდება, ფრთხილად იყავი". თვლემაში წავედი და მესმის ჭახანის ხმა, გადავიხედე საწოლის უკან და ჩამოვარდნილი იყო ნახატი. 2 საათი შეშინებული დავდიოდი. მოკლედ, ჩემი ბიოლოგიური მშობლების შემდეგ ბატონი მიშა და მისი მეუღლე ჩემი მეორე მშობლები და პატრონები იყვნენ.

... მეორე ბავშვი ბავშვი რომ გამიჩნდა წავედით სიონში, მამამთილს ჰქონდა სახლი. რომ დავბრუნდი თბილისში ბატონი მიშა უკვე ავად იყო. მახსოვს ბავშვი მეჭირა ხელში, გამოვედი გარეთ და მეზობელმა მითხრა, რომ ბატონი მიშა გარდაიცვალაო. ბავშვი კინაღამ დამივარდა ხელიდან... შემდეგ იყო რთული 90-იანები. კინოსტუდიამ ვაშლიჯვარში მაჩუქა ბინა. დღემდე იმ 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ.

შვილები

"2 ქალიშვილი მყავს. უფროსმა ქალიშვილმა ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში და სწავლობდა რეჟისურასა და მონტაჟზე. თეატრში არ გვყავდა დასის მმართველი და იქ დაიწყო მუშაობა. მშვენივრად გაართვა თავი საქმეს.

მეორე ქალიშვილი 13 წლის იყო, როცა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დადგა სპექტაკლი და მოიპატიჟა. მთავარი როლი ანდო ანა-მარიას. მე მათ არჩევანში არ ჩავრეულვარ. თავად გადაწყვიტეს, რომ ამ სფეროს გაჰყოლოდნენ".

დიაგნოზი სიმსივნე

"წლების წინ ცუდი დიაგნოზი მქონდა, მაგრამ გავიკეთე ოპერაცია და ახლა კარგად ვარ. სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. როცა გავიგე ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე, თავი შემეკავებინა და არ გამომეხატა არაფერი.

ვთქვი, რომ მე ამას უნდა შევებრძოლო. ვიბრძოლე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ოპერაცია წარმატებით გაკეთდა. ამ დიაგნოზის დამარცხება შეიძლება მაგრამ შიგნიდან უნდა მოძებნო ძალა".