როგორ მოხვდა ''სიყვარული ყველას უნდას'' მაყვალა ''ჩემი ცოლის დაქალებში''

როგორ მოხვდა ''სიყვარული ყველას უნდას'' მაყვალა ''ჩემი ცოლის დაქალებში''

1975 წლიდან თუმანიშვილის თეატრის მსახიობია და ამ ეტაპზე ექვს სპექტაკლშია დაკავებული. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მხატვრული ფილმის ეპიზოდში გადაიღეს და ახლახან სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გამოჩნდა.

23 წლის იყო, როცა გიორგი შენგელაიამ ფილმში ''სიყვარული ყველას უნდა'' მთავარ როლზე დააკავა. 1980 წელს ეკრანებზე გამოსულმა ამ მუსიკალურმა კომედიამ არაერთი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.

ამ ფილმს არაერთი სიუჟეტი, სტატია და გადაცემა მიეძღვნა. წლების განმავლობაში, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ მიიწვევდნენ ტელეგადაცემებში, თუმცა ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა მისი ინტერვიუზე დათანხმება. ''თუ ძალიან გამოუვალი მდგომარეობაა, რა გაეწყობა, სხვა შემთხვევაში მირჩევნია, თავი ავარიდო'', - ასე გვიპასუხა მსახიობმა. ალბათ, სწორედ ასეთი ''გამოუვალ მდგომარეობაში'' ჩავაგდეთ ქალბატონი დარეჯან ხაჩიძე, რადგან საუბარზე დაგვთანხმდა და ერთმანეთს თუმანიშვილის თეატრში შევხვდით...

- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ბევრი ვერ გცნობთ.

- ნაკლებად მცნობენ და თუ მაყურებელი თუმანიშვილის თეატრში არ დადის, ეს არცაა გასაკვირი. ბოლო წლებში სამ მხატვრულ ფილმში მივიღე მონაწილეობა, მანამდეც გადამიღეს, თუმცა ეს პატარ-პატარა ეპიზოდებია. ბოლო ნამუშევრებს შორის ერთი იყო უკრაინის, საფრანგეთისა და საქართველოს კოპროდუქცია ''ფარაჯანოვი'', რომელშიც რეჟისორის მეზობლის მანანას როლი შევასრულე, შემდეგ იყო თინათინ ყაჯრიშვილის ''პატარძლები'' და მომდევნო ახალი ნამუშევარი ვანო ბურდულის ფილმია, რომლის პრემიერა ჯერ არ ყოფილა.

''სიყვარული ყველას უნდას'' შემდეგ გიორგიმ ''ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში'' გადამიღო. ასევე ''დღეს ღამე უთენებიაში'' პატარა ეპიზოდი მქონდა. უწინ იშვიათად გადიოდა ეს ფილმი და ამას წინათ ვუყურე. ისეთ ტემპერამენტს ვავლენ, რომ (იცინის)... ქალს ვთამაშობდი რომელიც მიწის გამო დავობს. ისეთი ტემპერამენტი მოდიოდა ჩემგან, მეც გამიკვირდა.

- ვიცი, რუსთავში ცხოვრობდით და სტუდენტობისას ბატონმა მიშა თუმანიშვილმა თავისი ბინა დაგითმოთ...

- დიახ, ასე იყო. რუსთავში ვცხოვრობდი, სტუდენტობის დროს ისეთი განრიგი გვქონდა, დილიდან საღამომდე რეპეტიციებზე ვიყავით. ერთი პერიოდი ბინა მქონდა ნაქირავები, მერე ბატონმა მიშამ და მისმა მეუღლე ლეილამ შემომთავაზეს საცხოვრებელი ადგილი. მათ კალანდაძის ქუჩაზე ბინა ჰქონდათ, თავად ბარნოვზე ცხოვრობდნენ. ასე ვთქვათ, მიშვილეს, სამოთახიანი ბინა დამითმეს, სადაც დიდი სახლის პატარა დიასახლისი ვიყავი (იღიმის). ვერასოდეს დავივიწყებ იმ სითბოსა და ყურადღებას, რაც ბატონმა მიშამ, ქალბატონმა ლეილამ და მათმა ქალიშვილმა ლიკამ ჩემ მიმართ გამოავლინეს.

- ვინ იყვნენ თქვენი მშობლები?

- ჩემი მშობლები ხაშურის რაიონიდან იყვნენ, შემდეგ რუსთავში დასახლდნენ. დედა დიასახლისი იყო, როცა წამოვიზარდეთ, მერე დაიწყო მუშაობა. ხოლო მამა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით ოჯახში: ოთხი გოგო და ერთი ბიჭი. ახლა ჩემი ძმა ჩვენს ადგილ-მამულს უვლის აძვისში, სადაც სულ ხაჩიძეები ცხოვრობენ. დებს სხვადასხვა პროფესია აქვთ, მათგან მხოლოდ მე გადავწყვიტე სამსახიობოზე სწავლა. თეატრალურ ინსტიტუტში ისე ჩავაბარე, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ. კი არ დამიმალავს, უბრალოდ, იმ დროს, როცა გამოცდებმა მომიწია, დედ-მამა პენსიაზე გავიდა და სოფელში წავიდნენ, სადაც ჩვენს ეზო-კარს უვლიდნენ. არც ვიცოდი, თეატრალური ინსტიტუტი სად იყო, გაზეთიდან ამოხეულ გვერდზე მითითებული მისამართით მივაგენი. ყველა მორცხვობდა, მე თამამი ვიყავი და როცა მალიკო მრევლიშვილის წინაშე ლექსი წავიკითხე, შემდეგ ტურებზე გამიშვა. ჯერ კოტე სურმავას ჯგუფში მოვხვდი, მესამე კურსის სტუდენტი კი ბატონმა მიშამ თავისთან მიმიწვია, სწორედ მაშინ ხსნიდა კინომსახიობთა თეატრს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი დღე იყო ის ჩემთვის?!

- მსახიობის პროფესია სითამამეს, დიდ ენერგიას, გამძლეობას მოითხოვს. ოდესმე გინანიათ პროფესიული არჩევანი?

- არასოდეს. ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი ვიყავი. ინსტიტუტშიც იურა ზარეცკისა და კოწო ბადრიძის ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი გახლდით. ჯანმრთელობა ხელს მიწყობდა და ნებისყოფა მქონდა არანორმალური.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება