ავტორი:

ნარკოსკანდალის ახალი დეტალები: პირველი ინტერვიუ გარდაცვლილი ბიჭის დასთან - "როცა პოლიციამ ანა გუდავა ჩვენი სახლიდან აიყვანა, მან ყველაფერი აღიარა..."

ნარკოსკანდალის ახალი დეტალები: პირველი ინტერვიუ გარდაცვლილი ბიჭის დასთან - "როცა პოლიციამ ანა გუდავა ჩვენი სახლიდან აიყვანა, მან ყველაფერი აღიარა..."
  • ფოტოზე: არჩილ ბარდაველიძე და დაკავებული ანა გუდავა

1- ლ მარტს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში 22 წლის ახალგარზდა კაცი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფს კი ბრალი წარედგინა.

  • გამოძიების თანახმად ორმა პირმა, ქალმა და მამაკაცმა შემდგომში გასაღების მიზნით პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ლოკაციებზე განათავსეს, შემდეგ კი ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა 22 წლის არჩილ ბარდაველიძეა, მასთან ერთად მყოფი 19 წლის ანა გუდავა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდა, როდესაც ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს. რამდენიმე საათში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაიღუპა. როგორც გაირკვა, დაკავებული გოგონა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსის, თამარ გუდავას ქალიშვილია. მან თანამდებობის დატოვების თაობაზე 5 მარტს განაცხადა, მას მერე, რაც მომხდარი გახმაურდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ქალიშვილი უკვე 2 მარტს იყო დაკავებული.

AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ბიჭის და მეგი ბარდაველიძე უყვება, რომ როდესაც მათ სახლში პოლიციამ ანა გუდავა დააკავა, მან მაშინვე აღიარა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა.

"ეს გოგონა ( ანა გუდავა) ჩვენთან სახლში სტუმრად წინა საღამოს მოვიდა, მეორე დღეს ჩემი ძმა გარდაცვლილი ვიპოვეთ, სავარაუდოდ, ზედოზირებით. ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ ყოფილა. ამ გოგონაზე ვიცოდი, რომ თბილისში მუშაობდა, თუმცა სად, არ ვიცი. ჩემთან რამდენჯერმე ახსენა აჩიმ ის. როცა პოლიციამ ჩვენი სახლიდან აიყვანა ანა, ყველაფერი ილაპარაკა, აღიარა, რომ ნარკოტიკი მისი იყო და არა - ჩემი ძმის. ამის შემდეგ რა მოხდა, რას საუბრობს, არ ვიცი, ჩვენ შეხება არ გვაქვს. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მას გამოუჩნდა დედა, რომელიც არის მაღალჩინოსანი. ესეც არ ვიცოდი, დედა თუ მაღალჩინოსანი ჰყავდა. დედას ეწერა პოსტში ასეთი რამ - "თუ დაუმტკიცდა ბრალეულობაო". აქედან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ შეიძლება გარდაცვლილ ადამიანს შეტენონ ყველაფერი. ის რაც სახლში იპოვეს ჩემთან, ის ჩემს ძმას არ ეკუთვნის. ამ ქალის პოსტმა გამაღიზიანა. რას ჰქვია, თუ დაუმტკიცდა ბრალეულობა. გოგომ აღიარა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნის.

იმ დღეს, როცა აჩი დაიღუპა, როგორც ჩანს, ანამ სასწრაფო გვიან გამოიძახა. თავად ცდილობდა მდგომარეობიდან გამოეყვანა, დარეკა მეგობრებთან, ბიჭთან და ის ასწავლიდა, რა და როგორ გაეკეთებინა, მაგრამ ვერ უშველა. როცა გამოიძახა სასწრაფო, უკვე გვიანი იყო.

როცა პოლიციამ სახლში ჩხრეკა ჩაატარა, ნარკოტიკები საწოლის ქვეშ იპოვეს. ეს იყო 70 გრამამდე ნარკოტიკი, თავისი ატრიბუტიკით. მეშინია, ვინაიდან პატრონი გამოუჩნდა, იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც კანონს შეეფერება და არ "დააძვრენენ". ცუდ მდგომარეობაშია ქვეყანა, ეს ნარკოსქემა იმდენად მაღლა დგას, უნდათ ახალგაზრდებს ეს ცუდი ჩვევა მოიშორონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან ბევრ ადგილას იყიდება და ყველა ფეხის ნაბიჯზე შეუძლიათ ახალგაზრდებს ნარკოტიკის პოვნა. რაღაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ასე ყველა ნაბიჯზე არ იყოს ხელმისაწვდომი", - ამბობს მეგი ბარდაველიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, ამოიღეს 70 გრამამდე ნარკოტიკი, რომელიც სულ ცოტა, 300 ადამიანზე მაინც იყო გათვლილი. როგორც ირკვევა, ქალი საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: