ავტორი:

ყვავილების თაიგულში დამალული დანა და სასტიკად ჩადენილი მკვლელობა თბილისის ცენტრში - რას ამბობს მოკლულის დედა: "სანდრო პაკელიანმა პროცესზე გვითხრა, ვიზიარებო, ეს იყო ირონია" (ვიდეო)

ყვავილების თაიგულში დამალული დანა და სასტიკად ჩადენილი მკვლელობა თბილისის ცენტრში - რას ამბობს მოკლულის დედა: "სანდრო პაკელიანმა პროცესზე გვითხრა, ვიზიარებო, ეს იყო ირონია" (ვიდეო)

25 იანვარს თბილისში მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი, ნიკიტა აგიევი სასიკვდილოდ დაჭრეს. აგიევი კლინიკაში მიყვანამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

რა მოხდა 2 თვის წინ თბილისის ცენტრში - გახმაურებულ საქმეზე "კურიერი P.S-მა" ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ირკვევა, 25 იანვრის საღამოს ნიკა აგიევი მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ, კონკრეტული პირი მას დანას რამდენჯერმე ურტყამს.

ნიკიტა აგიევი

დამნაშავის იდენტიფიცირება სამართალდამცველებმა მალევე შეძლეს - ის 18 წლის სანდრო პაკელიანია. გარე კამერების კადრებში ჩანს, რომ პაკელიანი სამ მეგობართან ერთად ორბელიანის მოედანზეა, მის ერთ-ერთ მეგობარს ყვავილების თაიგული უჭირავს. რამდენიმე წუთში ხვდებიან ისინი ნიკა აგიევს. სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ კი, პაკელიანიც და მისი თანმხლები პირებიც სანაპიროსკენ გარბიან. ამ დროს თაიგული უკვე პაკელიანს უჭირავს და გამოძიების ვარაუდით, სწორედ ამ თაიგულში მალავს ის მკვლელობის იარაღს.

ამის შემდეგ ისინი ტაქსში სხდებიან, იცვლიან რამდენჯერმე ავტომობილს, საბოლოოდ კი დასამალად ნათესავთან წინწყაროში გეგმავენ წასვლას. გზად ტელეფონებს ხევში ყრიან. ადგილზე მისულები მასპინძელს არაფერს უყვებიან. ვახშმობენ და იძინებენ. თუმცა პოლიციამ ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანა.

სანდრო პაკელიანი პროცესზე

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, სანდრო პაკელიანი დააკავეს და მას განზრახ მკვლელობის ბრალი წარუდგინეს. დაკავებულმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. გამოჰკითხეს მისი თანმხლები პირებიც. "კურიერი P.S-მა" ერთ-ერთი მათგანის, ნიკოლოზ ბუაჩიძის ჩვენება მოიპოვა, სადაც საქმის ფიგურანტი მომხდარის განსხვავებულ ვერსიას აღწერს.

  • "სანდრო პაკელიანმა მითხრა, კოლმეურნეობის მოედანზე ყვავილების შესაძენად გავყოლოდი, რადგან ნათლიისთვის გაეზგავნა. მივედით, ვიყიდეთ ყვავილები და წავედით ორბელიანზე. გავიგონე გინების ხმა, დავინახე მამაკაცი, რომელიც ძირს იწვა და მასთან ახლოს იდგა სანდრო პაკელიანი. დავინახე, რომ მას დანა ეჭირა, ავუქნიე ხელი, რომ სანდროსთვის არაფერი დაეშავებინა" - ამბობს ის ჩვენებაში.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე მოკლული ნიკა აგიევის ოჯახს მიუსამძიმრა, ბრალდებას კი დუმილით უპასუხა. როგორც შვილმკვდარი დედა "კურიერი P.S-ს" უყვება, მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოზე ირონიულად მოიქცა.

"ბავშვი მოკლა და ვიზიარებო, ოჯახს უთხრა... ჩემი ვარაუდი არის, რომ ამ მკვლელობისთვის სანდრო პაკელიანი ემზადებოდა. 2 წლის წინაც ჰქონდათ მცდელობა, სულ ბუკეტით დარბოდნენ, იქ მალავდნენ დანას. უბრალოდ მაშინ ვერ მოახერხეს. გულში ჰქონდა, ფეხებში და მუცელში ჰქონდა დანა ჩარტყმული. არტერიებიც ჰქონდა გადაჭრილი. ჩემი მოთხოვნაა, რომ ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭოს ამ ამბავს", - ამბობს მოკლული ბიჭის დედა.

წაიკითხეთ ასევე: