ავტორი:

"ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს" - მსაჯით უკმაყოფილო ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი, სანიოლის კომენტარი უმაგრესი თამაშის შემდეგ და ბუდუს მიმართვა: ვინ რა შეფასებები მიიღო?

"ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს" - მსაჯით უკმაყოფილო ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი, სანიოლის კომენტარი უმაგრესი თამაშის შემდეგ და ბუდუს მიმართვა: ვინ რა შეფასებები მიიღო?

წუხელ მთელი ქვეყანა ერთ მხარეს იდგა - ყველა ზეიმობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას, რომლითაც ჩვენი ფეხბურთელები საოცნებო ფინალში მოხვდნენ.

  • საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია. ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო - მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.

დინამო არენაზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში მე-40 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. 57-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის მსაჯმა მოედნიდან ლუქსემბურგელთა მცველი, მაკსიმ შანო გააძევა. 64-ე წუთზე, ლევან შენგელიას პასით ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

  • თამაშის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

"გარკვეული სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, პირველ ტაიმს კარგად ვაკონტროლებდით. 60 წუთის შემდეგ "ავიჭერით", რასაც აუცილებლად გავაანალიზებთ. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან დაკავშირებით მეტოქეს პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბოლო წუთების გამო არ დავისაჯეთ, მაგრამ ფინალში მეტის გაკეთება მოგვიწევს.

კვარაცხელია ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ. ჩემი ზოგიერთი საკადრო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ყველასთვის მისაღები არ იყოს... დავაკვირდები, ფეხბურთელები ძალებს როგორ აღიდგენენ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. ამის შემდეგ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს,ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და მიქაუტაძის თამაშითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ მოთამაშის გუნდიდან მოკვეთა და განაცხადის შემცირება ადამიანურად რთულია. საბა საზონოვი კარგი ადამიანი და ფეხბურთელია, მაგრამ ახლა გუნდში ცოტას თამაშობს და ფეხბურთელი მზად უნდა იყოს 90 წუთი და უფრო მეტიც ითამაშოს. ამის შესახებ მასაც ვესაუბრე", - განაცხადა სანიოლმა.

რა თქვა თამაშის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა?

"ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენ ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი გოლი გააუქმა და აქეთ დავისაჯეთ. უკვე მეორე შეხვედრაა, ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. (ცნობისთვის, მატჩის მთავარი არბიტრი ესპანელი ხოსე მარია სანჩესი იყო)

გულშემატკივრები საკუთარ ნაკრებს ძალიან ეხმარებოდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში, როგორც ვთქვი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით, შესაბამისად, ეს ფაქტორი ნაკლებად მოქმედებდა. ვიდეორეფერმა ის ეპიზოდი შეამოწმა, როცა წესებს ჩვენი ფეხბურთელი არღვევდა და არა ორიოდე წამით ადრე, როცა ამას მიქაუტაძე აკეთებდა. VAR-ის გადაწყვეტილებები ზოგჯერ გაუგებარია...".

მატჩის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა.

"მეგობრებო, გელოდებით 26-ში ფინალზე, დღეს საოცარი ატმოსფერო იყო, ამიტომ 26-შიც იგივე უნდა გავიმეოროთ", - ამბობს ზივზივაძე ვიდეომიმართვაში.

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ლუქსემბურგთან მატჩში?

ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან მოგებულ მატჩში (2:0) საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაში Sofascore-მა შეაფასა:

მამარდაშვილი 7.1, კაკაბაძე 7.0, კაშია 7.2, კვირკველია 7.2, დვალი 7.7, შენგელია 8.1, ქოჩორაშვილი 6.7, ჩაკვეტაძე 7.5, კიტეიშვილი 7.1, ზივზივაძე 8.4, მიქაუტაძე 6.5, წიტაიშვილი 6.6, კვეკვესკირი 6.6, დავითაშვილი 7.0, კანკავა 6.2, ქვილითაია 6.3.

ნახეთ ასევე: