წიგნი, რომელიც კოსმოსური საშინელების სიღრმეში ჩაგძირავთ: რატომ უნდა წაიკითხოთ ლავკრაფტის "ჰიპნოზი"

წიგნი, რომელიც კოსმოსური საშინელების სიღრმეში ჩაგძირავთ: რატომ უნდა წაიკითხოთ ლავკრაფტის "ჰიპნოზი"

ადამიანში ინტერესს იწვევს ყველაფერი, რაც საშიში და ბნელია, რადგან ყველაფერი საშიში - ძალიან საინტერესოა. ხშირად მიფიქრია იმ ადამიანებზე, რომელთა თავშიც გენიალური და წარმოუდგენელი ისტორიები იბადებოდა, ხორცს ისხამდა და წარუშლელ კვალს ტოვებდა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ასეთი ადამიანების სიაში ჩემთვის გამორჩეული ადგილი უჭირავს ედგარ ალან პოსა და ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტს.

ედგარ პო სწორედ ის მწერალია, რომელმაც ბავშვობაში, ჩემში მისტიკის ჟანრისადმი განსაკუთრებული სიყვარული გააღვივა. მისტიკა, ფენტეზი, ფანტასტიკა და საშინელებათა ჟანრი ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა, რადგან ყოველ ჯერზე ძალიან ღრმად ვიძირებოდი გასაოცარ სამყაროებში. ისეთში, როგორის წარმოდგენაც ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ადამიანის გონებას არ შეუძლია. მხოლოდ განსაკუთრებულებს... ასეთი იყო ამერიკელი მწერალი ჰოვარდ ლავკრაფტი, რომლის ცხოვრებაც ისეთივე იდუმალებით მოცული და ბნელი იყო, როგორიც მისი შემოქმედება. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და იდუმალი ავტორია საშინელებათა ჟანრის ლიტერატურის ისტორიაში.

ვფიქრობ, შედევრებს ისეთი ადამიანები ქმნიან, რომელთაც რთული და ხშირად ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდათ. ფაქტია, რომ ლავკრაფტიც შთაგონებას საკუთარი უცნაური ცხოვრებიდან იღებდა. როცა პირველად წავიკითხე მისი მოთხრობები, ჩემში ბავშვობის იმ შეგრძნებებმა გაიღვიძა, რომლებიც ედგარ პოს წიგნების კითხვისას მეუფლებოდა.

ერთდროულად შიშის და აღფრთოვანების, ადრენალინის და ცნობისმოყვარეობის, რაც გაიძულებს ბევრი იფიქრო, ჩაუღრმავდე საკუთარ პერსონას და დააკვირდე სიზმრებს, რომლებშიც შესაძლოა იმალებოდეს პასუხები ჩვენს გაუცემელ კითხვებზე...

ლავკრაფტის მოთხრობებში მოგზაურობამ ჩემში დაბადა სურვილი, მომეძია და გავცნობოდი იმ ავტორის ბიოგრაფიას, რომლის გონებამაც დაუჯერებელი განზომილებები და პერსონაჟები შექმნა. სულაც არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ მისი საყვარელი მწერალი ედგარ პო იყო. არც ის გამკვირვებია, რომ მთელი ცხოვრება კოშმარები ტანჯავდა და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ლავკრაფტი არ ცდილობდა გაჰქცეოდა საშინელ სიზმრებში მოვლენილ ურჩხულებს, ის აკვირდებოდა და სწავლობდა მათ, წერდა წიგნებს და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, გაჩნდებოდა ახალი ჟანრი - Lovecraftian horror „ლავკრაფტისეული საშინელება“.

ლავკრაფტის მოთხრობების უმეტესობა სიზმრების იდუმალ სამყაროსთანაა დაკავშირებული. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი მისი ნაწარმოებები დღემდე გაოცებასა და შიშში ტოვებს მკითხველს. ლავკრაფტის მდიდარმა ფანტაზიამ და უნიკალურმა სტილმა შექმნა საკუთარი მითოლოგიური სამყარო, რომელიც ცნობილია როგორც Cthulhu Mythos (ქთულხუს მითოსი), სადაც მივიწყებულ სამყაროში უძველეს ღმერთებს სძინავთ და კაცობრიობა მათ ბოროტ გავლენას ეჯახება.

ლავკრაფტი ცნობილია თავისი უნარით შექმნას უნიკალური საშინელებათა ატმოსფერო. მისი მოთხრობები სავსეა პირქუში, უძველესი ქალაქებით, სიბნელითა და უფსკრულებით. მან ოსტატურად გამოიყენა კოსმოსური საშინელებათა ელემენტები, რაც მის ნამუშევრებს წარმოუდგენლად მისტიკურს ხდის.

დღეს ბევრი მწერალი და მხატვარი იღებს შთაგონებას ჰოვარდ ლავკრაფტის შემოქმედებიდან. მისი სამყარო მრავალი წიგნის, ფილმისა და თამაშის საფუძველი გახდა და მისი გავლენა საშინელებათა ჟანრზე დღესაც კი ღრმად არის გამჯდარი.

მოგზაურობა ჰოვარდ ლავკრაფტის შემოქმედებაში არის ჩაძირვა მისტიკის, საიდუმლოებისა და საშინელებების სამყაროში. მისი მოთხრობები ცოცხლობს და მკითხველს აძლევს უნიკალური კითხვის გამოცდილებას, რომლის დავიწყება შეუძლებელია. თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ ლავკრაფტის ნამუშევრებს, გირჩევთ, დღესვე დაიწყოთ კითხვა. ლავკრაფტის მოთხრობების კრებული „ჰიპნოზი“, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, „პორტალის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. კრებული მწერლის თორმეტ ცნობილ მოთხრობას აერთიანებს.

გვერდები: 220; ყდის ტიპი: მაგარი; ფასი: 14.95 ₾

ესენია: „ჰიპნოზი“, რომელიც ჩემი აზრით საკუთარი სიზმრების გამოცდილებით დაწერა და პერსონაჟში თავად მწერალს ამოიცნობთ. „ჯადოქრების ბუნაგი“, რომელიც ალქაჯების და ჯადოქრების არსებობას თითქმის დაგაჯერებთ. „უცნაური მოხუცი“, „სიცივე“, „მთვარის ჭაობი“, „სიზმრის კედელს მიღმა“, „იდუმალი ხე“, არტურ ჯერმინი“, „ხუან რომეროს გარდასახვა“, „ბოროტების მსახური“, „რენდოლფ კარტერის ჩვენება“ და „ვერცხლის გასაღები“.

უფრთხილდით ძველ ღმერთებს და მოემზადეთ წარმოუდგენელი თავგადასავლებისთვის სიბნელისა და საიდუმლოების სამყაროში!

თეა ინასარიძე

შესაძლოა დაგაინტერესოთ: მოგზაურობა სტივენ კინგის ბნელ სამყაროებში: მწერლის 2 წიგნი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის