ავტორი:

"დღეს ვარ უბედნიერესი ისე, როგორც არასდროს... სამწუხაროდ, მე არ მომეცა შესაძლებლობა, რომ მეთამაშა ევროპის ჩემპიონატზე" - კალაძე

"დღეს ვარ უბედნიერესი ისე, როგორც არასდროს... სამწუხაროდ, მე არ მომეცა შესაძლებლობა, რომ მეთამაშა ევროპის ჩემპიონატზე" - კალაძე

"ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა" - ასე შეაფასა დღევანდელი მატჩის ისტორიული შედეგი ვეტერანმა ფეხბურთელმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ის სტადიონზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომ მან გამარჯვების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

"არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორია, რომელიც დაიწერა, ნამდვილად. ამისთვის ვწვალობდით, ვიბრძოდით რამდენიმე ათეული წელი. სამწუხაროდ, მე როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად ან ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა ან მსოფლიოზე, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, ისე როგორც არასდროს. ამაყი ვარ ბიჭებით, ამაყი ვარ გულშემატკივრით, რომელიც დღეს სტადიონზე იყო, ვინც ვერ მოახერხა, რომელსაც გული დაწყდა, ყველას, ყველას მიყვარხართ, გილოცავთ და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების სიხარული გვენახოს სრულიად საქართველოს. გამთლიანებული ძლიერი საქართველო გვენახოს უახლოეს მომავალში", - განაცხადა თბილისის მერმა.

  • საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დინამო არენაზე დაამარცხეს.

მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.

ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

ნახეთ ასევე: