ავტორი:

"დოხტური უნდა გამევიდესო...“ და საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე" - ეროვნული ნაკრების ექიმის დავით ხარაბაძის გზა მედიცინიდან სპორტამდე და ოცნება მსახიობობაზე

"დოხტური უნდა გამევიდესო...“ და საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე" - ეროვნული ნაკრების ექიმის დავით ხარაბაძის გზა მედიცინიდან სპორტამდე და ოცნება მსახიობობაზე

"აქ ვიღაცა ისტორიაში ხომ არ შევიდა როგორც პირველი ექიმი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უაქიმებს?“ - ისტორიული გამარჯვების მერე ასეთი პოსტი დაწერა და თავადვე უპასუხა კითხვას ნაკრების მთავარმა ექიმმა, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების ფორმაში ყოფნას უზრუნველყოფს.

ალბათ გულშემატკივარს კარგად ახსოვს კადრი, როცა დათო ექიმი საქართველოს ნაკრების ბედის გადამწყვეტი პენალტების სერიას ვერ უყურებს, სათადარიგო სკამების უკან ჩაცუცქული და დაძაბული ზის და ასე, ხალხის რეაქციებიდან გამომდინარე გრძნობს თამაშს. ამ კადრს სოციალურ ქსელში ხუმრობაც მოჰყვა, - ექიმს ექიმი სჭირდებაო.

"მართლაც მჭირდებოდა ექიმი, ასეთ მომენტებში ძალიან ემოციური ვარ. მანამდეც თვალს ვარიდებდი მოწინააღმდეგე გუნდის სახიფათო შეტევებს, თვალებს ვხუჭავდი, რადგან შიში მქონდა, არ გაეტანათ. საერთოდ, როცა დაძაბული თამაშებია, ამ მდგომარეობაში ხშირად ვარ, პენალტების დროს მართლა ვეღარ გავძელი და მოედნიდან გამოვედი, მხოლოდ 2-2 პენალტის დარტყმას დავესწარი და მერე გასახდელში ჩავედი, იქ გავიგონე გამარჯვების ყიჟინა და ამოვისუნთქე“, - მეუბნება თბილისის "დინამოს“ და ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი დავით ხარაბაძე და იმ ემოციებზე მიყვება, ჩვენი ოქროს ბიჭების ორგანიზებულმა ღირსების და გამარჯვების ზეიმმა რომ მოგვიტანა და დღემდე სრულიად ერი 26 მარტის სიზმარში ჩაგვტოვა.

"ზღაპარი დასრულდა კი არა, ზღაპარი ახლა იწყება, მას აუცილებლად საუკეთესო დასასრული ექნება“, - გვაიმედებს და საუბარს ცოტა შორიდან იწყებს:

  • "დოხტური უნდა გამევიდესო...“

1981 წლის შობა დღეს - 7 იანვარს დავიბადე ქალაქ ქუთაისში. ავტოქარხნის დასახლებაში ვცხოვრობდით, 9 კლასი იქვე დავდიოდი სკოლაში, დანარჩენი 2 წელი კი იოსებ ოცხელის სახელობის გიმნაზიაში ვისწავლე. მშობლები ავტოქარხანაში მუშაობდნენ, დედა ბუღალტერი იყო, მამა - ენერგეტიკოსი. ერთად ვცხოვრობდით ბედნიერად 4 წლით პატარა ძმასთან ერთად. ბავშვობაში ხან რაზე მატარებდნენ, ხან - რაზე... სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში. სხვა პროფესია მინდოდა, მაგრამ ერთ-ერთი კლიშეს "მსხვერპლი“ გავხდი - საექიმოზე დედაჩემის ხათრით ჩავაბარე, ხომ გახსოვთ, ოლღა ბებია რომ ამბობს "ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამევიდესო“, მეც ასე დამემართა და "დოხტური" გამოვედი. როცა დავიბადე, ეტყობა თავიდანვე ეს ნიშა დამადეს, არადა, მე მსახიობობა მინდოდა... მერე, უნივერსიტეტის პერიოდში კომპენსაცია იმით გავაკეთე, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბში (მან-სან-კანი) ვთამაშობდი და ასე თუ ისე, სცენაზე გამოვდიოდი. ამ გადმოსახედიდან ექიმობას არ ვნანობ, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და სულით და გულით ვაკეთებ ჩემს საქმეს.

  • "ასე შევრჩი "დინამოს“ და ნაკრებს მთავარ ექიმად"

"როცა სამედიცინოზე ვსწავლობდი, მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ სპორტში და სპორტულ მედიცინაში ვიქნებოდი. აქაც სხვა სურვილი მქონდა და სხვაგან მოვხვდი - მინდოდა ნეიროქირურგიას გავყოლოდი, მაგრამ ესეც რატომღაც არ გამოვიდა. ნეიროქირურგობაში კონკრეტულმა ჯანმრთელობის პრობლემამ შემიშალა ხელი, ვერ შევძელი ამ დარგის გაყოლა. მაინც ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება... სამედიცინო უნივერსიტეტში იმხანად იყო ახლადგახსნილი ფაკულტეტი - სამხედრო-სამედიცინო და მანდ ჩავაბარე. ზუსტად ანალოგიური სწავლება იყო, როგორიც სამკურნალო ფაკულტეტზე და დამთავრების შემდეგ გარანტირებული სამსახური გქონდა ჯარში. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, რეფორმირება დაიწყო, წესი შეიცვალა, ასე აღარ მოხდა, ამიტომ ამას შევეშვი და მიმართულება შევიცვალე - სპორტულ მედიცინაში, რეაბილიტაციაში გავიარე რეზიდენტურა და ავიღე სერთიფიკატი.

ჩემი პირველი სამსახური იყო კლუბი თბილისის "სპარტაკი“, სადაც 1 წელი ვიმუშავე. ეს კლუბი ახალი გადმოსული იყო უმაღლეს ლიგაში, სამწუხაროდ, იმ წელს უმაღლესი ლიგიდან ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდა და დღესდღეობით, როგორც ვიცი, აღარც არსებობს. ამის შემდეგ ერთწლიანი პაუზა მქონდა. მერე იყო თბილისის "ლოკომოტივი“ (2005-2011), ხოლო 2011 წლიდან უკვე თბილისის "დინამოს“ ექიმი ვარ. "დინამოში“ ჯერ მთავარი ექიმის - მერაბ ვარძუკაშვილის ასისტენტად მივედი, ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, რომლის რეკომენდაციითაც დავიწყე პირველი სამსახური ჯერ "სპარტაკში“, მერე "დინამოში“ და მისივე რეკომენდაციით მოვხვდი ასაკობრივ ნაკრებში - ჯერ 17 წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში, მერე - 18, 21 წლამდელებშიც და ბოლოს მერაბი და მე ერთად ვიყავით ეროვნულ ნაკრებში. შემდეგ მერაბმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა მოღვაწეობა და ერთ-ერთი ძლიერი გუნდის მთავარი ექიმი და სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო არაბეთში, მე კი დავრჩი ეროვნულ ნაკრებში მთავარ ექიმად. ჩემი მეუღლეც ექიმია, ნევროლოგი გახლავთ, ერთმანეთი სამედიცინო უნივერსიტეტში გავიცანით. 13 (გოგონა) და 9 წლის (ვაჟი) შვილები გვყავს, აქამდე არცერთს არ მოსვლია აზრად ექიმობა. გოგონას ენების ნიჭი აქვს, რამდენიმე უცხო ენა იცის უკვე, ბიჭს მათემატიკური ნიჭი აქვს, ვნახოთ, რა იქნება..."

  • "მის გადარჩენას ვცდილობდით მე და სტიუარდესები“

"ჩემს საექიმო პრაქტიკაში მქონია რთული ეპიზოდები. მახსენდება შემთხვევა სტადიონზე, როდესაც ჩვენმა ფეხბურთელმა ძალიან მძიმე თავის ტრავმა მიიღო. იმ წუთში მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია და იყო კითხვის ნიშნები მის გადარჩენასთან დაკავშირებით, კარიერას ვინ ჩიოდა... ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად დასრულდა, ფეხბურთელი გადარჩა, ის ახლა ვეტერანი ფეხბურთელია და კარიერას თავი დაანება, ოღონდ, არა ჯანმრთელობის, არამედ ასაკის გამო. იყო ერთი მომენტიც: ჩვენი გუნდი შეკრებაზე მივდიოდით, როცა თვითმფრინავში, შუა ფრენის დროს რიგით მგზავრს გული გაუჩერდა. დაახლოებით 1 საათი მე და სტიუარდესები ვცდილობდით უცხოელის გადარჩენას, მოვახერხე კიდეც. როცა ადგილზე ჩავფრინდით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის კლინიკაში გადაიყვანა. სამწუხაროდ, არ ვიცი, მერე რა ბედი ეწია, იმედია, კარგადაა.

  • "მართლა მჭირდებოდა ექიმი“

"პენალტების სერიის დროს სათადარიგო სკამების უკან გავედი და ჩაცუცქული ველოდი შედეგს, მაშინ მთლიანად ხალხის რეაქციებზე ვიყავი დამოკიდებული. მართლაც მჭირდებოდა ექიმი, ასეთ მომენტებში ძალიან ემოციური ვარ. მანამდეც თვალს ვარიდებდი მოწინააღმდეგე გუნდის სახიფათო შეტევებს, თვალებს ვხუჭავდი, რადგან შიში მქონდა, არ გაეტანათ. საერთოდ, როცა დაძაბული თამაშებია, ამ მდგომარეობაში ხშირად ვარ, სპაზმური ხველა მეწყება და ხშირად უკითხავთ ჩემთვის, ცუდად ხომ არ ხარო. პენალტების დროს უკვე იმდენად კულმინაცია იყო, მართლა ვეღარ გავძელი და მოედნიდან გამოვედი. მხოლოდ 2-2 პენალტის დარტყმას დავესწარი, მერე, როცა ჩვენმა ჟორჟ მიქაუტაძემ ბურთი კარს ააცილა, გასახდელში ჩავედი, იქ გავიგონე გამარჯვების ყიჟინა და ამოვისუნთქე... მერე იყო უდიდესი სიხარული, მაშინვე ვერა, თანდათან გავაცნობიერე რაც მოხდა. უცებ ვილი სანიოლს შევეჩეხე და პირველად ვნახე მის თვალზე ცრემლი. მეთქი, რა ხდება, გავიხედე უკან და ხალხის ტალღა მოდის ცუნამივით, აი, მერე აღარაფერი მახსოვს... ვილი ბრწყინვალე პიროვნებაა და ძალიან კარგი მწვრთნელიც რომ არის, ეს უკვე დაამტკიცა. რაც მთავარია, ის არის მწვრთნელი, რომელიც გენდობა თავიდან ბოლომდე და შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ის ძალიან უშუალო, უბრალო და გულისხმიერი ადამიანია, ასეთივე დამოკიდებულება აქვს ფეხბურთელებთან, მაგრამ რა თქმა უნდა, სამწვრთნელო პროცესის დროს არის ძალიან მომთხოვნი და ეს ასეც უნდა იყოს. მე თუ მჭირდებოდა ექიმი, ჩემგან განსხვავებით, მას არ დასჭირვებია, რკინის ნერვების პატრონია ვილი.

"ამიტომაც გამოუვიდათ ბიჭებს...“

"დიდი ხანია ფეხბურთში ვარ, ვაკვირდები და დავასკვენი, რომ რა მაგიაც ფეხბურთს აქვს, ასეთი სხვა არც ერთ სპორტს. არც არაფერს შეუძლია ერის ისე გამთლიანება და ერთ მუშტად შეკვრა, როგორც მის უდიდებულესობა ფეხბურთს. ერთ სპორტში თავმოყრილია აბსოლუტურად ყველაფერი - გუნდურობა, ვაჟკაცობა, პატრიოტობა, მეგობრობა, ერთმანეთის გვერდით დგომა, გატანა, გონიერება, თავდადება და ყველაფერი. სხვა გუნდურ სპორტშიც ასეა, უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, ფეხბურთი არის ყველაზე პოპულარული სპორტი და ყველაზე მეტად ადამიანებს თავიანთი ნაკრების წარმატება უხარიათ. ეს ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში კი არიან, ამ კლუბებს სხვადასხვა თამაშის სტილი აქვთ, მაგრამ როდესაც ნაკრებისთვის ჩამოდიან, ეს ბიჭები ერთ მუშტად იკვრებიან. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ძალიან მეგობრული და ჯანსაღი სიტუაციაა თვითონ ნაკრებში და ბიჭებში, ყველა ერთმანეთის მეგობარია, ძალიან უყვართ ერთმანეთი. ასეთი ერთიანი ნაკრები ალბათ, არასდროს ყოფილა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში. ბიჭებს ამიტომაც გამოუვიდათ...

შედეგიც აქედან მოდის - ყველაფერს სწორად, სამართლიანად და პროფესიონალურად რომ აკეთებ, მიზანიც მიღწეულია. ნებისმიერ სპორტს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ფეხბურთს განსაკუთრებით - ფეხბურთელებისთვის არ არსებობს დასვენება, სულ ფორმაში უნდა იყვნენ (რასაც ერთად ვცდილობთ) ამისთვის გიწევს დიდი შრომა, ვარჯიში, ამასთანავე, ფსიქოლოგიურად ძლიერი თუ არ ხარ, მიზანს ვერ მიაღწევ და ოცნებას ვერ აიხდენ. მე რაც შემეხება, ფეხბურთელი თუ არ გიჯერებს, ე.ი. შენს კომპეტენციაში ეჭვი ეპარება და ავტორიტეტი არ ხარ. თუ ასეა, იქ არც უნდა იყო. ჩვენთან ასეთი რამ გამორიცხულია.

  • "ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული მომენტი იყო...“

"ამ თამაშებში ჩემთვის ემოციურად ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული მომენტი, რა თქმა უნდა, ნიკა კვეკვესკირის გოლი იყო, გადამწვეტი თერთმეტმეტრიანი რომ შეასრულა და გავიმარჯვეთ, მაგრამ მანამდე იყო თამაში ლუქსემბურგთან... თუ დაუკვირდით, იქ იყო ერთი ძალიან ლამაზი მომენტი, როდესაც მოქმედმა კაპიტანმა გურამ კაშიამ სამკლაური გადასცა ნაკრებში დაბრუნებულ ყოფილ კაპიტან ჯაბა კანკავას. ეს იყო სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის და ადამიანობის გამოხატულების უმაღლესი მწვერვალი. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რატომ მოვიგეთ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. კვარას საქციელიც გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო, როცა მან სამოტივაციო სიტყვებით მიმართა თანაგუნდელებს - ზუსტად თამაშზე გასვლის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ ითხოვა სიტყვა, შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს ასე მიმართა: ჩემო ძმებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი, ეს ის მომენტია, როდესაც შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ. აქ მივხვდი, რომ წინ რაღაც დიდი სიხარული გველოდა".

  • "იუმორი ყველაფერში გვეხმარება"

"მუშაობასა და ურთიერთობაში იუმორი ძალიან გვეხმარება. ერთ ისტორიას გავიხსენებ: ფეხბურთელებს ვაფრთხილებ ხოლმე, უჩემოდ არანაირი პრეპარატი არ მიიღონ. წამლებს უჩემოდ არც სვამენ, ძალიან ვფრთხილობ, შემთხვევით, რამე ისეთი პრეპარატი არ დალიონ, რაც ფეხბურთელებისთვის აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს. ერთხელ ერთ ფეხბურთელს კლუბიდან (არა ნაკრებიდან) თავი ასტკივდა და მითხრა, თუ შეიძლება, სახლში მაქვს და ამა და ამ წამალს დავლევო. რა წამალია, მაჩვენე-მეთქი და ფოტო გამომიგზავნა, ოღონდ, არა წამლის კოლოფის, არამედ ტაბლეტების, რომელიც ხელზე ეყარა, ეტყობა, ამით უნდა მივმხვდარიყავი, რა წამალი იყო. ყუთი ჩამიგდე, ყუთი-თქო, ვუთხარი. ერთხელ, ერთი ფეხბურთელი მირეკავს, ექიმო, ჩემი პატარა ძმაც ფეხბურთელია, ფეხი გადაუბრუნდა და ვინმე კაი ექიმი ხომ არ იციო. რა იყო, რას მიწუნებ, ჩემზე კაი ექიმი სად უნდა ნახო-თქო, სიცილით ვუთხარი. ბევრია ასეთი მომენტი და ვხალისობთ ხოლმე.

ზოგადად, ხალისიანი და იუმორით სავსე ბიჭები გვყავს, რაც მთავარია, თავისუფალი თაობაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოშია დაბადებული და ეს განასხვავებს მას სხვა თაობებისგან. მაგ. ბუდუს აქვს უშრეტი ენერგია, ნახავდით კადრს, გადაღლილი, მაგრამ მაინც ცეკვა-ცეკვით რომ ჩამოდის ავტობუსიდან. ეს ბიჭი პოზიტივის საბადოა. ნაკრების გამარჯვების და რესპუბლიკის მოედანზე ზეიმის შემდეგ, პატარა ბანკეტი გვქონდა, იქედან მე და ბუდუ ზივზივაძე ერთად წამოვედით, სახლში რომ დავტოვეთ, კოდი რამდენჯერმე აკრიფა და კარი არ გაიღო. დააჭირა ერთს, დააჭირა მეორეს - არაფერი ხდება. მივაძახე, რა იყო, კოდი დაგავიწყდა-მეთქი და, მომიგო, თუ დამავიწყდა, არა უშავს, ნებისმიერს ავკრეფ და ყველა შემიშვებს დღეს მაინცო. მერე კი გახსოვთ, ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემს სახლში მობრძანდითო, რომ გამოაცხადა.

  • "ზღაპარი დასრულდა კი არა, ზღაპარი ახლა იწყება“

"ეს არ არის ზღაპრის ბოლო. ზღაპარი დასრულდა კი არა, ზღაპარი ახლა იწყება, მას აუცილებლად საუკეთესო დასასრული ექნება იმიტომ, რომ ჩვენი ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა, ჩემპიონატზე ყველას იქეთ ეშინოდეთ ჩვენი. "ევრო 2024"-ზე წარმატებაში დარწმუნებული ვარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ისედაც არის, მაგრამ ფეხბურთის გაათმაგებული ბუმი იქნება და ძალიან მაგარი და მაგარი თაობები წამოვა. ორი აზრი არ არსებობს, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა, ჩვენი ბიჭები იმედიანად არიან და საკუთარი თავის რწმენა აქვთ. ამდენი დღეა გასული და ქუჩაში რომ გავდივარ, ხალხი ისევ მილოცავს, მანქანებიდან ხელს მიქნევენ, არის შეძახილები, ერი ბედნიერია, ეიფორია არ განელებულა და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. წინ, ზაფხულში უფრო დიდი წარმატება გველის".

იხილეთ ასევე: