ავტორი:

4 მოსამართლე, რომლებიც თავიანთი ქონების შემოწმების წინააღმდეგები არიან - რა ვიცით მათ ფინანსურ მდგომარეობასა და უძრავ-მოძრავ ქონებაზე

4 მოსამართლე, რომლებიც თავიანთი ქონების შემოწმების წინააღმდეგები არიან  - რა ვიცით მათ ფინანსურ მდგომარეობასა და უძრავ-მოძრავ ქონებაზე

არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინფორმაციით, მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებენ, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით.

მათი შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას.

"4 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის” სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

  • შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.

მოსამართლეებმა, ლეილა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია. (სანიმუშოდ იხ. სტუდია მონიტორის სიუჟეტი 2022 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტური გამოძიება).

კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ, ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება, სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ლევან მურუსიძის ქონება

2022 წლის 6 აგვისტოს ეთერში გავიდა "სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ფილმი, რომელიც მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუსაბუთებელ ქონებას შეეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, სასამართლო ხელისუფლების ლიდერები მათ ქონებას დეკლარაციაში არ უთითებენ და სხვათა სახელზე გაფორმებული მათი მდიდრული და გადამალული ქონება, ამ სისტემაში არსებულ კორუფციაზე მიანიშნებს.

მას შემდეგ, რაც დასანქცირების ამბავი შეიტყო, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

"სიმართლე გითხრათ არ მეშინია, გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც არის. არ არის ნამდვილად სასიამოვნო, მაგრამ არც იმის მეშინია - ქონება არ მაქვს, რომ ანგარიშები დამიყადაღონ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ღირსეულად, საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო თუ ვიღაცებს თავიანთი მიზნები აქვთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, მერე მართონ და ამას დაარქვან ადამიანის უფლებებისა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება...".

მართალია, მურუსიძე იმედიანად არის და ამბობს, რომ "ქონება არ გააჩნია", თუმცა "მონიტორის" გამოძიების თანახმად, ისიც და ე.წ. სასამართლო კლანიც რეკორდულად გაზრდილი ქონებით გამოირჩევა - მოსამართლეები, რომლებიც მოსახლეობამ ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებით გაიცნო, დღეს მილიონერები არიან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძის ანგარიშზე მდიდრული აგარაკი, ძვირადღირებული ავტომობილი და დიდი ქონებაა.

2022 წლის ივნისში ლევან მურუსიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ მოსამართლე მხოლოდ ერთ ბინას ფლობს თბილისში ავტოფარეხითურთ, ასევე მიწის ნაკვეთს მცხეთაში და ერთ ავტომანქანას. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძემ ბინა თბილისში 2009 წელს იყიდა - 100.03 კვადრატული მეტრი, 40 ათას აშშ დოლარად, ასევე ავტოფარეხი 5 ათას აშშ დოლარად. მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ ძეგვში, 10 500 აშშ დოლარად არის შეფასებული და ის მოსამართლეს 2019 წელს შეუძენია.

2020 წელს კი, ლევან მურუსიძეს ავტომანქანა "მერსედეს ბენცი“ 102 420 ლარად იყიდა. ლევან მურუსიძის წლიური ანაზღაურება 2021 წელს 72 681 ლარი იყო (თვე - 6 056 ლარი). მოსამართლე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მას ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს აღებული სესხი 30 ათასი ამერიკული დოლარი 2018 წლიდან და 2021 წელს ამ სესხის ნაწილის დასაფარად 10 ათასი აშშ დოლარი დასჭირდა.

ირკვევა, რომ ლევან მურუსიძე, რომელიც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვში მდებარე ფეშენებელურ სახლში მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს, გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქონების დამალვის მიზნით, მურუსიძე ქონებას სწორედ ლელა ჭანიაზე აფორმებს.

ლევან მურუსიძეს დეკლარაციაში ოჯახის სხვა წევრებს არ ასახელებს. სტუდია "მონიტორმა“ კი გაარკვია, რომ ლევან მურუსიძეს თანაცხოვრება აქვს ლელა ჭანიასთან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია. მისი ანაზღაურება თვეში 2750 ლარია და 2015-2016 წლებში, მხოლოდ ორ წელიწადში - 166 200 აშშ დოლარის ღირებულების ქონება შეიძინა - 3 ბინა (თბილისსა და ბათუმში) და 2 მიწის ნაკვეთი. სასამართლო სისტემის ექსპერტები ამბობენ, რომ მურუსიძის დეკლარაცია კითხვებს ბადებს და ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, უკვე შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მოქმედი სისტემის პირობებში, მათ ამის იმედი არ აქვთ.

რა ვიცით მიხეილ ჩინჩალაძის და მისი ქონების შესახებ?

მიხეილ ჩინჩალაძე ლევან მურუსიძის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2005 წელს მას მიღებული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენი.

სტუდია "მონიტორის“ მიერ ადრე გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებითვე გაირკვა, რომ ჩინჩალაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელიც მამიდის სახელზე იყო რეგისტრირებული. ასევე მას დედაზე აქვს გაფორმებული საგურამოში მდიდრული სახლი, რომელიც 1500 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. ორსართულიან სახლს რამდენიმე აივანი და ვერანდა აქვს. მიხეილ ჩინჩალაძეს მამიდის სახელზე აქვს გაფორმებული ბინები ვერაზე და ჯანაშიას ქუჩაზე. ერთ კორპუსში ჩინჩალაძის ოჯახი ორ ბინას და სამ ავტოფარეხს ფლობს.

წაიკითხეთ ასევე: