სეპარატისტული დღესასწაული რუსულ "ვოენნი გოროდოკში"

სეპარატისტული დღესასწაული რუსულ "ვოენნი გოროდოკში"

"ერთხელ რუს ჯარისკაცს ვკითხე, - რატომ გიწერიათ თქვენს საშტაბო ნაწილებზე, "გდე მი - ტამ მირ?" - ხომ იცით, რომ ასე არ არის-მეთქი. - დიახ, მაგრამ ამას ჩვენ არავინ გვეკითხებაო... ბოლო რამდენიმე წელია, აფხაზეთში ყველა დღესასწაული და მათ შორის ახალი წელიც, ერთმანეთს ჰგავს: მოკრძალებული სუფრა, ბევრი დაუპატიჟებელი სტუმარი და საჭიროზე მეტი იარაღი... ყოველ ახალ წელს იმდენ ტყვიას ისვრიან, რომ ერთ ასეულს თავისუფლად მოამარაგებდა", - ამბობს თბილისში სტუმრად ჩამოსული აფხაზი ქალბატონებიდან ერთ-ერთი. ისინი "ენგურს გადმოღმა საქართველოში" რამდენიმე წელია, არ ყოფილან.

ფატიმა, 47 წლის, სოხუმელი აფხაზი:

- ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, პირველად ვარ თბილისში. აქამდე საქართველოს ამ ნაწილის ქალაქების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ქართული ტელევიზიებიდან ვიგებდით. ვიცოდი, რომ ყველაფერი დასაჯერებელი არ იყო და აქ ხალხი სამოთხეში არ ცხოვრობდა, მაგრამ რასაც უჩვენებდნენ, ისიც საკმარისია დღევანდელ აფხაზეთთან პარალელის გასავლებად... მეუღლე რუსი მყავდა და ვინაიდან აფხაზეთში სამსახური და სტაბილური შემოსავალი კარგა ხანია, აღარ არსებობს, თავის სარჩენად წვრილი ბიზნესი წამოვიწყეთ და რუსეთში წასვლა ხშირად გვიწევდა (ახლა მე მარტო დავდივარ).

- რას საქმიანობდით?

- გალში ციტრუსს ვიბარებდით და ფსოუს საზღვრის გავლით რუსეთში მიგვქონდა... ახლა ჩემი პატარა სურსათის მაღაზია მაქვს, რომელიც ვალებსა და ნისიებზე მუშაობს. ხალხს შაქარსა და პურზე უარს ვერ ვეუბნები და კარგა ხანია, მოგებაზეც აღარ ვფიქრობ... თუმცა, მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ თხრობას: დეკემბრის პირველივე რიცხვებიდან, ჩვენ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის ძიებაში ღირსებააყრილი აფხაზები და სახლკარდაკარგული ქართველები, მოსკოვის ვაგზალზე, ჭუჭყიანი ხელებითა და გამურული სახით, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, გაყინულ ფეხებს ვაბაკუნებთ და ახლა უკვე კლიენტების წართმევაში ვეჯიბრებით ერთმანეთს... ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, პირველად, როცა ქართველმა ქალმა, მოსკოვის ვაგზალზე ცხელი ხაჭაპური მომაწოდა, ასე მეგონა, სირცხვილისგან მიწა გამისკდებოდა და ქვეშ ჩამიტანდა, მაგრამ თვალი მოვკარი, როგორ ილუკმებოდა ჩემ გვერდით ჩემი ნაცნობი, აფხაზი ქვრივი, ქართველის მიერ მოწოდებულ ცხელ ხაჭაპურს და მეც იგივე გავაკეთე... მერე თანდათან, რუსების მიერ ჩვენი მისამართით გამოთქმულ რეპლიკებსაც შევეჩვიე: "ზა შტო ონი ვოევალი?! ზა შტო ონი უბივალი დრუგ დრუგა, ი შტო ონი პოლუჩილი?!." მაშინ სახლში ჩემი მშიერი შვილები მეგულებოდნენ და მთავარი იყო, რაც შეიძლებოდა მალე და კარგ ფასში გამეყიდა გალის მანდარინი და ფორთოხალი, სახლში დავბრუნებულიყავი და ბავშვები გამეხარებინა...

- როგორც მივხვდი, ასე გააქვთ თავი აფხაზეთში დანარჩენებსაც...

- დიახ, ვისაც ხელის განძრევა არ ეზარება, ასე წვალობს, ვისაც ეზარება - ან გაჭირვებაში ცხოვრობს, ან Nქურდობს... როცა მოსკოვურ ტკბილეულსა და სურსათსაც ვიყიდდით და ცოტა ფულს სიმბოლური საჩუქრებისთვისაც ვიტოვებდით, ქვეყანა ჩვენი გვეგონა. ის დამცირება მეორე წუთში აღარც კი გვახსოვდა და სახლისკენ კმაყოფილი მოვდიოდით. მაგრამ კარგი განწყობილება მხოლოდ ფსოუმდე მოგვყვებოდა: საზღვარზე უზარმაზარი რიგი იდგა. იმ სიცივეში ხალხს "ბომჟებივით" პირდაპირ ჩანთებზე ეძინა... მერე ჩემი ქმარი დაფაცურდებოდა, თავის ეროვნებას "მოიშველიებდა" და იმ ცოცხალ რიგში უსინდისოდ გამოვძვრებოდით, - რუსები ვართ და გვეკუთვნის-თქო. ხალხი უკვე შეჩვეული იყო იმ აზრს, რომ რუსი მათზე რამდენიმე საფეხურით მაღლა დგას და პრივილეგიით უნდა სარგებლობდეს, ამიტომ უსიტყვოდ გვიშვებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ხალხის ტკივილი არ მაწუხებდა, მაგრამ სანერვიულო საკუთარიც მყოფნიდა... ეს დაუსრულებელი კოშმარი დღემდე გრძელდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ უღელს უკვე მარტო ვეჭიდები.

- რატომ? მეუღლე გარდაიცვალა?

- არა, ცოცხალია, უბრალოდ, ამ ჯოჯოხეთს ვერ გაუძლო და რუსეთში დაბრუნდა. ერთი წელი მეხვეწა, სოხუმში ბინა გავყიდოთ ან გავაქირაოთ და რუსეთში დავბრუნდეთ, ადამიანურ პირობებში მაინც ვიცხოვრებთო, მაგრამ ვერ დამიყოლია... ბოლოს, ისევ წინასაახალწლო სეზონზე, მოსკოვის ცენტრალური ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიკინკლავეთ. ისევ ჩემს პოზიციაზე ვიდექი, - სამშობლოს ვერ მივატოვებ-მეთქი. - ჰოდა, კარგად იყავიო, - გატრიალდა და წავიდა. სახლში მარტო დავბრუნდი, ოღონდ ტრადიციულად, 31 დეკემბერს კი არა, 2 იანვარს: მანამდე ფსოუსთან საზღვარზე ვიდექი. გავცივდი და ფილტვების ანთება დამემართა... ჩემი ყოფილი მეუღლე კი მალე ოჩამჩირიდან დევნილ ქართველზე დაქორწინდა და ახლა შვილიც ჰყავთ. ჩვენს საერთო შვილებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ბავშვები მამასთან ჩადიან. ამას წინათ მითხრა, - როგორც კი სრულწლოვნები გახდებიან, აქაურ პასპორტებს ავაღებინებ და ჩემთან წამოვიყვანო...

ნათელა, 41 წლის, სოხუმელი აფხაზი:

- ფსოუს საზღვართან "შექუჩებული" ხალხი და საერთოდ, იქ შექმნილი მდგომარეობა - დღევანდელი აფხაზეთის ნამდვილი სახეა... რიგში დგომით დაღლილ ხალხს ფქვილისა და შაქრის ტომრებზე სძინავს. ადრე, იქვე ანთებდნენ ცეცხლს და თბებოდნენ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა აკრძალეს და ახლა ხალხს თერმოსით ჩაი და ყავა მოაქვს... როგორც სხვა დანარჩენი, მეც გამოუვალმა მდგომარეობამ მიმიყვანა იქ. როცა ის სიტუაცია ვნახე, ერთმანეთზე დახვავებული ტვირთი და ზედ დამსხდარი, გასაცოდავებული ხალხი, ამან ჩემზე იმდენად ცუდად იმოქმედა, ვიფიქრე, არასდროს წავალ-მეთქი; მაგრამ როცა რუსეთიდან ჩამოტანილი მარაგი გამომელია, ისე გავეშურე, ფსოუს ჯოჯოხეთი არც კი გამხსენებია...

- წინასაახალწლოდ ალბათ ისევ მოგიწიათ იმ "რუსულ-აფხაზური ჯოჯოხეთის" გავლამ...

- დიახ, ასე იყო. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ფსოუს საზღვარი არ არის - მთელი ჩვენი ცხოვრებაა ტრაგედია... იქ ქართველებიც დადიან და ისინიც ჩვენს ბედს იზიარებენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათი უმეტესობა სოფელში ცხოვრობს, მიწას ამუშავებს და საკვების პრობლემა არა აქვს. ჩვენს ხალხს კი მუშაობა არ უყვარს. ამიტომაც, 90-იანი წლების შემდეგ, აფხაზებით დასახლებული სოფლებიდან ხალხი აიყარა და ქართველების სახლებში დაბინავდა, იქაურობა კი დაცარიელდა. ომის შემდეგ გაირკვა, რომ აფხაზები უუნარო ერი ვართ... რუსეთში ცნება "სოხუმელი", რომელიც 1990 წლამდე საამაყო იყო, უკვე აღარ არსებობს - იქაურები ზიზღით გვიყურებენ. საერთოდ, აფხაზი მშიერსა და ქურდბაცაცასთან ასოცირდება. რუსული მილიცია და ზოგადად რუსეთის მთავრობა, ქართველებთან შედარებით, ჩვენ მიმართ უფრო მეტ ლმობიერებას იჩენს, მაგრამ ხალხი ძალიან უარყოფითად არის განწყობილი - ისე გვიყურებს, როგორც ველურ ტომს. ერთი სიტყვით, ყველა გვერიდება... თქვენ წინასაახალწლო განწყობილებაზე გვკითხეთ... ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ყველა ახალი წელი ერთმანეთს ჰგავს: ყველას ძალიან უჭირს, სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება, მაგრამ ყველა ოჯახიდან ისმის ავტომატის ან უფრო მსხვილკალიბრიანი იარაღის სროლის ხმა... ჩემს მეზობლად ერთი ქართველი კაცი ცხოვრობს; მარტოხელაა, მხატვარი. ომის შემდეგ მისი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა, ის კი დარჩა, - სოხუმის ხედებს ვერ შეველევიო... თავიდან ყველას გიჟი გვეგონა. მეომარი აფხაზები რამდენჯერმე შეუცვივდნენ, მაგრამ მის სახლში ომამდელი და ომის შემდგომი სურათების გარდა, ვერაფერი ნახეს და თავი დაანებეს. ამ კაცს ეზოც აქვს, ბოსტანიც, მიწის დამუშავებასაც ასწრებს, თევზაობასაც და ხატვასაც... კარგ და ცუდ ამინდში მხარზე მოლბერტგადაკიდებული დადის სოხუმის სანაპიროზე და ხატავს. მისი ამბავი იმიტომ მოგიყევით,  რომ ყველა დღესასწაულზე მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს, გამასპინძლება არ უჭირს... ალბათ იცით, რომ ტრადიციულად, აფხაზს სტუმარი ძალიან უყვარს; კარგი ოჯახი აქვს, სტუმრიანიო, - ადამიანზე რომ იტყვიან, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის სხვებისგან გამორჩეულია. ამას წინათ, იმ ქართველ მხატვართან ერთი შეიარაღებული აფხაზი შესულა. ნუ გეშინია, საჭმლის სუნი მეცა და იმიტომ შემოვედიო, - უთქვამს. არადა, ვიცნობ იმ აფხაზს, აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო გმირის წოდება მიანიჭეს...

- დღესასწაულებზე რუსი სამხედროები არ გსტუმრობენ?

- რუსი სამხედროები ყოველთვის გვსტუმრობენ, მათ მიზეზი არ სჭირდებათ... ზოგი ძალიან უზრდელია, პირდაპირ გვიბრძანებს, - მაჭამეო!.. ზოგს კი ერიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მშივრები არიან. ზოგჯერ თვითონ მოაქვთ ნაწილში მოპარული სურსათი - "გავიადინა", ბურღულეული, პური და გვთხოვენ, მოგვიმზადეთო... ადგილობრივებს პროდუქტს არაყზეც უცვლიან.

ფატიმა:

- სხვათა შორის, ციტრუსის ბიზნესს რუსებმაც გაუგეს გემო. ისინი ყველგან არიან - ქუჩაში, სკვერში, სასადილოში, ნაცნობის სახლში... საერთოდ, აფხაზეთი ერთი რუსული "ვოენნი გოროდოკია", სადაც რუსი სამხედროები თავიანთ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ და ჩვენ ვემსახურებით... ერთხელ ორი რუსი სამხედროს საუბარი მოვისმინე: უნდა ვიჩალიჩო, რომ გალში გადამიყვანონ, "ოქროს ბიზნესი" არც მე მაწყენდაო, - თქვა ერთ-ერთმა. გამიკვირდა: გალში ოქროს რა უნდა-მეთქი?!. მერე აფხაზებისგან გავიგე - ციტრუსის ბიზნესს ეძახიან ასე. მათთან ბიზნესკავშირის დამყარებას აფხაზებიც ცდილობენ.

- ასეთ შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტია მეტია?

- დიახ, ასეა... გალის რაიონიდან ყოველდღე ფსოუს მიმართულებით მიმავალი 10 სატვირთო მანქანიდან 4 რუს სამხედროებს ეკუთვნით; მანქანასაც სამხედრო პირი მართავს - ეს გალიდან რუსეთის ნებისმიერი ქალაქის ბაზრამდე დაუბრკოლებლად გადაადგილების წინა პირობაა. მათ არსად აჩერებენ, მათ შორის, არც "ფსოუს ჯოჯოხეთთან"... გალში კი ციტრუსის შეძენაზე რუსი სამხედროები არ იწუხებენ თავს - ამაზე აფხაზი "ბიზნესმენები" ზრუნავენ, რომლებმაც, რა თქმა უნდა, მეგრული იციან და არც კლიენტის პოვნა უჭირთ. მანდარინის შეძენა კი ჩალის ფასად შეუძლიათ - გალში ხომ ყველაფრის, მათ შორის ციტრუსისა და თხილის ფასსაც აფხაზები და რუსები ადგენენ... ასე რომ, გალში კაპიკებად, ზოგჯერ ნისიად ნაყიდი ციტრუსი რუსეთში ძვირად იყიდება. ერთი სიტყვით, ძალიან დიდ მოგებაზე აწყობილი ბიზნესჯაჭვიც აწყობილია... ბოლო დროს, რუსი სამხედროებისთვის "ოქროს ბიზნესი" ძალზე ხელსაყრელი გახდა და ამიტომაც, გალში დაბანაკებულ სამხედრო ნაწილში მოსახვედრად, "ჩაწყობა" და ნაცნობების გამონახვაა საჭირო. ციტრუსის ბიზნესში ჩაბმულ სამხედრო პირებს, აფხაზებსა და ადგილობრივ ქართველებს შორის ბიზნესის გავლენის სფეროების განაწილება ზოგჯერ სისხლისმღვრელ შეტაკებამდეც მიდის, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საქმე იმდენად სარფიანია, რომ რისკზე წასვლა უღირთ...

- ქართველებისთვის ციტრუსის ნისიად გამორთმევა ახსენეთ; თანხის დაბრუნების ალბათობა არსებობს?

- ხშირ შემთხვევაში - არა. გააჩნია, ნაცნობთა როგორი წრე ჰყავს იმ ქართველს, ვისგანაც აფხაზები და რუსები ციტრუსს ყიდულობენ. სხვათა შორის, ამ ბიზნესში ჩაბმას არც ქართველები თაკილობენ... ზოგი ქართველი დამოუკიდებლად ცდილობს ციტრუსის ბიზნესის წარმოებას, მაგრამ მხოლოდ ფსოუს საზღვრამდე მიდის. თუმცა ციტრუსის გასაღების პრობლემა არც იქ დგას - ფსოუს საზღვართან მყოფი გადამყიდველები ნებისმიერი ოდენობის ციტრუსს იღებენ, გალელებს კი სახლში დაბრუნება იმავე დღეს შეუძლიათ...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?