ისრაელის მოქალაქეს ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას აიძულებენ?

ისრაელის მოქალაქეს ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას აიძულებენ?

რამდენიმე წლის წინ ისრაელის მოქალაქე, რეუვენ ციონი საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად გადასულ ახლა უკვე ისრაელის მოქალაქე შორენა შუბითიძეზე დაქორწინდა. ქართველების სიძემ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოება გადაწყვიტა.

2009 წელს ჩამოვიდა საქართველოში და გორში თავისი მეუღლის დეიდაშვილ ვანო ხალაძესთან ერთად ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ისრაელის მოქალაქის ხიფათით აღსავსე თავგადასავალი საქართველოში...

რეუვენ ციონი ქართველმა სამართალდამცველებმა გასულ წელს დააკავეს და 2010 წლის 2 აგვისტოს პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ყალბი ვალუტის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა-გასაღებასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვაში. სასჯელთა შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით და ჯარიმა 140 ათასი ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი რეუვენ ციონის დამცველებმა გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს საქმის განხილვა. 

შალვა შავგულიძე, რეუვენ ციონის უფლებების დამცველი:

- 2009 წლის გაზაფხულზე საქართველოს სოდ-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ქარელში მცხოვრები ლევან ბაბლიძე და მამუკა კორძაძე ყალბი ვალუტის შეძენა-გასაღებით იყვნენ დაკავებული. პოლიციამ გამოყო ორი თანამშრომელი, რომლებიც ლევან ბაბლიძეს წარუდგნენ ყალბი ვალუტის შეძენის მსურველ პირებად, სახელებით - ემზარი და კახა. 2009 წლის 8 და 27 აპრილს ემზარმა და კახამ ლევან ბაბლიძისა და მამუკა კორძაძისაგან შეიძინეს ყალბი დოლარები, რისთვისაც გადაიხადეს სახელმწიფოს მიერ ამ ოპერაციისათვის გამოყოფილი თანხა - 10.100 აშშ დოლარი.

სოდ-ის თანამშრომლები ამ ადამიანებთან შეხვედრებსა და სატელეფონო საუბრებს ფარულად იწერდნენ. 2009 წლის მაისში მამუკა კორძაძემ უთხრა ემზარს და კახას, რომ მათ ყალბი ვალუტით ვეღარ მოამარაგებდა, ვინაიდან მომწოდებელმა შეუქმნა პრობლემა. მომავალი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთისა და დამნაშავე პირთა დაკავების ნაცვლად პოლიციელები მთელი 5-6 თვის განმავლობაში აქეზებდნენ მამუკა კორძაძეს ახალი დანაშაულის ჩასადენად, სთხოვდნენ და აგულიანებდნენ მას, ახალი არხი მოეძებნა მათთვის ყალბი ვალუტის შესაძენად.

- რატომ იქცეოდნენ ასე პოლიციელები?

- სავარაუდოდ, პოლიცია უკანონოდ იმის გამო იქცეოდა, რომ მამუკა კორძაძის და ლევან ბაბლიძის დაპატიმრების შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა მათგან თუნდაც იმ თანხის ამოღება, რაც დახარჯული იყო ყალბი ვალუტის ზემოხსენებული საკონტროლო შესყიდვებისას.  მამუკა კორძაძე და ლევან ბაბლიძე მხოლოდ შუამავლები იყვნენ და მათ ყალბი ვალუტის გასაღებით ნაშოვნი თანხიდან მცირე ნაწილი ეძლეოდათ.

სწორედ ამიტომ პოლიცია ცდილობდა გასულიყო ყალბი ვალუტით მოვაჭრე ისეთ პირზე, ვისგანაც შესაძლებელი იქნებოდა თანხის ამოღება. 2009 წლის შემოდგომაზე მამუკა კორძაძე შეხვდა ქარელში მცხოვრებ ვანო ხალაძეს და ჰკითხა, ხომ არ შეეძლო ყალბი ვალუტის შოვნა, რეალური მყიდველები მყავს (იგულისხმებოდა ემზარი და კახა), რომლებიც კარგ ფასს გადაიხდიან ყალბ ვალუტაშიო.

ვანო ხალაძემ დეიდაშვილის მეუღლეს, რეუვენ ციონის მიმართა და ჰკითხა, თუ შეეძლო ყალბი ვალუტის ჩამოტანა ისრაელიდან საქართველოში.

რეუვენ ციონიმ უპასუხა ვანო ხალაძეს, რომ ის საქართველოში ყალბ ვალუტას არ შემოიტანდა, ვინაიდან არ სურდა კანონთან პრობლემები შეჰქმნოდა. თუმცა კორძაძის, ემზარის და კახას დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ვანო ხალაძემ 2009 წლის 2 ნოემბერს რეუვენ ციონი ქარელის გადასახვევთან მდებარე რესტორან "ზუკოში" დაპატიჟა და იმ ადამიანებს შეახვედრა. სუფრაზე ემზარმა და კახამ რეუვენ ციონის, ცხადია, ყალბი ვალუტის შეძენაზე ჩამოუგდეს ლაპარაკი, მაგრამ მისგან კვლავ უარი მიიღეს. პოლიციელები არ მოეშვნენ, სთხოვდნენ დახმარებას ყალბი ვალუტის შეძენაში ისრაელში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში.

რეუვენ ციონიმ თავიდან მოშორების მიზნით, მათ სრულიად მიუღებელი და არასერიოზული პირობები შესთავაზა, რაც ემზარისა და კახასათვის მიუღებელი აღმოჩნდა და რეუვენ ციონის სთხოვეს, იქნებ უფრო რეალური პირობები დაგვიდგინოო. ეს ადამიანები ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ არავითარი შეთანხმება ყალბი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ან მომავალი კონკრეტული შეხვედრის შესახებ არ მომხდარა.

2009 წლის 11 ნოემბერს ვანო ხალაძემ მამუკა კორძაძის, ემზარის და კახას დაჟინებული თხოვნით, კიდევ ერთხელ სთხოვა რეუვენ ციონის რესტორან  "ზუკოში" შეხვედრა. როდესაც რეუვენ ციონი შევიდა რესტორანში, ის ადგილზე დააკავეს სამოქალაქოფორმიანმა პოლიციელებმა. პოლიციამ, აგრეთვე, დააკავა ძმები მამუკა და კობა კორძაძეები და ვანო ხალაძე, რომლებიც ემზართან და კახასთან ერთად ელოდნენ რესტორანში რეუვენ ციონის მისვლას. სწორედ მაშინ გახდა მათთვის ცნობილი, რომ ემზარი და კახა სინამდვილეში ყალბი ვალუტის შემსყიდველები კი არა, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

ციონის მოთხოვნა, მიეცათ მისთვის შესაძლებლობა, დაერეკა მეუღლესთან, რათა მისთვის ადვოკატი გამოეგზავნა, პოლიციელებმა არ დააკმაყოფილეს. პოლიციამ კანონდარღვევით - ადვოკატის მონაწილეობის გარეშე გაჩხრიკა რეუვენ ციონი. რის შედეგადაც ამოღებული ნივთები პოლიციამ გაიტანა მეორე ოთახში, დალუქა და ჩხრეკის ოქმი რეუვენ ციონის  ხელმოსაწერად წარუდგინა.

ეჭვმიტანილმა ხელმოწერაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მან ვერ დაინახა, რა ნივთები ჩააწყო პოლიციამ კონვერტში, მაგრამ თარჯიმანმა მამუკა ბუცხრიკიძემ აუხსნა, ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ჩხრეკის შედეგად შენგან 3.200 დოლარი და 470 ევრო ამოიღესო. თარჯიმნისაგან ამგვარი განმარტების მიღების შემდეგ, რეუვენ ციონიმ ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს. სინამდვილეში, ოქმში ჩაწერილი იყო, რომ რეუვენ ციონისაგან ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მცენარეული წარმოშობის მასა.

იქვე რეუვენ ციონიმ განუცხადა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანის საბარგულში მოთავსებულ ხელჩანთაში შენახული ჰქონდა 84  ათასი დოლარი და სთხოვა პოლიციელებს, თარჯიმნის თანდასწრებით ამოეღოთ თანხა ავტომანქანიდან და მიეცათ მისთვის შესაძლებლობა, ფანქრით მოეწერა ხელი თითოეულ კუპიურაზე. 

პოლიციელებმა ამაზეც უარი განუცხადეს და ბორკილდადებული ციონი თბილისში ჩამოიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ თბილისში, პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ეზოში პოლიციამ მისი ავტომანქანიდან ამოიღო ჩანთა, შეიტანა ადმინისტრაციულ შენობაში და გარკვეული დროის შემდეგ რეუვენ ციონის უთხრეს, რომ ჩანთაში იყო არა 84 ათასი, არამედ 83  ათასი დოლარი. მათ ეს თანხაც ციონის დაუსწრებლად დალუქეს. ადვოკატის და დამსწრეთა გარეშე გაჩხრიკეს ციონის ბინაც. საძინებელ ოთახში, ლოგინიდან ამოიღეს პარკში გახვეული აშშ დოლარების შეკვრა, რომელშიც აღმოჩნდა 5.000 აშშ დოლარი.

- პოლიციელების მიერ ამოღებულ მტკიცებულებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა?

- ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, რეუვენ ციონის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მცენარეული მასა ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში, ხოლო კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 83.000-დან 144 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა ყალბი აღმოჩნდა; რეუვენ ციონის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული 50 ცალი 100-დოლარიანი კუპიურაც  ყალბი "აღმოჩნდა". რომლებიც ასევე დაურთეს საქმეს მტკიცებულებად.

ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რათა  ჩატარებულიყო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ამოღებულ ყალბ ვალუტაზე, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე რეუვენ ციონის დაცვის მხარემ თარჯიმან მამუკა ბუცხრიკიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ეჭვმიტანილ რეუვენ ციონის პასუხისმგებლობის დამძიმების მიზნით, მის მიერ რამდენიმე გარემოება არასწორად ითარგმნა.

კერძოდ, ოქმში ეჭვმიტანილ ციონის მიერ ივრითულ ენაზე შესრულებული  ჩანაწერი - "მე გავეცანი ამ დოკუმენტის შინაარსს და ვადასტურებ, რომ ეს არის ჩემ მიერ დადასტურებული", მამუკა ბუცხრიკიძის მიერ ნათარგმნია არასწორად: "გავეცანი წინამდებარე დოკუმენტის შინაარსს და ვადასტურებ, რომ ჩემგან ამოღებული ნივთიერება არის ჰაშიში".

ბოლო ხუთი სიტყვა ბუცხრიკიძემ ოქმში თვითნებურად ჩაამატა. ასე რომ, სასამართლოს ის ოქმიც, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული ყალბი დოლარების კუპიურებიც და ჰაშიშიც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაუშვებელი მტკიცებულებები საფუძვლად დაუდო რეუვენ ციონის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომელიც აშკარად დაუსაბუთებელია.

- ახლა რას აპირებთ, ბატონო შალვა, ყოველივე ამის შემდეგ როგორია ბრალდებულის პოზიცია?

- ესენი იბრძვიან, რომ ამ ადამიანს აღიარებინონ ჩაუდენელი დანაშაული, მაგრამ ებრაელი ბიზნესმენი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ისრაელის მოქალაქე ციონი პრინციპულად ამბობს უარს საპროცესო შეთანხმებაზე. მან თქვა, რომ რადაც უნდა დაუჯდეს, თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად იბრძოლებს. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას და აუცილებლად მივმართავთ ევროპულ სასამართლოს. გარდა ამისა, დავაყენებთ საკითხს კონკრეტულ დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე - თარჯიმან ბუცხრიკიძის, მოსამართლე ლალი ბესტაევას, იმ პოლიციელების, რომელთაც მოახდინეს დანაშაულის პროვოცირება და პროკურორ ნათია სონღულაშვილის, რომელიც ესწრებოდა უკანონო ჩხრეკებს.

რეუვენ ციონიმ სასამართლოზე თქვა: "მე  შეცდომაში შემიყვანა თქვენი პრეზიდენტის ჩამოსვლამ აშდოდში და შეხვედრამ ებრაელ ბიზნესმენებთან. მან განგვიცხადა იქაურ ებრაელებს, საქართველოში არის ჯანსაღი ბიზნესგარემოო. მოვტყუვდი და ვენდე თქვენი პრეზიდენტის სიტყვებს. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ყოველივე იყო მტკნარი სიცრუე?! ჩვენი ვალია ბოლომდე მივყვეთ ამ საქმეს, დავამტკიცოთ ციონის უდანაშაულობა, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მძარცველებისა და ყაჩაღების ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ნანა ფიცხელაურმა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ