კომპანია "აუდი" 2012 წლის დასაწყისისთვის "კუპესმაგვარი სედანის - A9 - წარმოდგენას გეგმავს. ავტომობილის პროექტი მწარმოებელს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია, თუმცა კომპანია უკვე მუშაობს მომავალი მოდელის დიზაინსა და მოტორების ხაზზე. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილი "ლამბორჯინის" ახალი სედანის პლატფორმაზე აიგება.
ადრე იტალიური ბრენდის გენერალურმა დირექტორმა, სტეფან ვინკლმანმა განაცხადა, რომ თუ კომპანია ოთხკარიანი მანქანის გამოშვებას გადაწყვეტდა, ამ შემთხვევაში "ლამბორჯინის", მისი სერიული ვერსიის შემუშავება კონცერნ "ფოლკსვაგენის" ფინანსური მხარდაჭერით მოუწევდა. ეს თუ განხორციელდება, "აუდი" ახალი სედანის ასაგებად, ახალი პლატფორმის გამოყენებას შეძლებს. ამასთან, "ლამბორჯინისა" და "აუდის" ავტომობილები სხვადასხვა ძრავათი აღიჭურვება: A9-ს ალბათ, 4-ლიტრიანი V8 მოტორს დაუყენებენ, ხოლო ტოპ-ვერსიისთვის - 6,3-ლიტრიანი, ჭ12-ია განკუთვნილი; "ლამბორჯინის" სედანს კი სავარაუდოდ, კუპე "გალარდოსაგან" 5,2-ლიტრიანი V10 ერგება.
მოსალოდნელია, რომ "კუპესმაგვარი" სედანი Audi A9 ამჟამად გამოშვებულ 4-კარიან სედანებს - Mercedes-Benz CLS, Porsche Panamera, აგრეთვე BMW-ს მომდევნო მოდელს - Grancoupe-ს გაუწევს კონკურენციას. ადრე გავრცელებული ცნობით, უახლოეს მომავალში კომპანია "ლამბორჯინი" სამოდელო რიგის გაზრდას 4-კარიანი ავტომობილის ხარჯზე აპირებს, რომლის პროტოტიპად, კონცეპტავტო Estoque იქცევა. ეს მანქანა 2008 წელს პარიზის ავტოსალონზე წარმოადგინეს. მას შემდეგ, რაც ავტომობილი პუბლიკამ და პრესამ ერთხმად მოიწონეს, 2011 წლისთვის სერიულ წარმოებაში მისი ჩაშვება გადაწყვიტეს, მაგრამ 4-კარიანი "ლამბორჯინის" პროექტი მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო შეჩერდა.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)