ავტორი:

"გუშინ ვიყავი იმ ადგილას, სადაც მელანო მოკლეს... ყელში როგორ გამოუსვა დანა?! წამებით უნდა ამოხდეს სული!" - შუახევში მოკლული ქალის ახლობლების აქცია ბათუმში (ფოტოები)

"გუშინ ვიყავი იმ ადგილას, სადაც მელანო მოკლეს...  ყელში როგორ გამოუსვა დანა?! წამებით უნდა ამოხდეს სული!" - შუახევში მოკლული ქალის ახლობლების აქცია ბათუმში (ფოტოები)

შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ნათესავები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც საპროტესტო აქციას გეგმავენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებული უმკაცრესად დაისაჯოს.

  • მათი თქმით, რაულ დეკანაძემ ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა და მცირეწლოვანი ბავშვები დედის გარეშე დატოვა. ნათესავები ამბობენ, რომ დაკავებულს უმაღლესი სასჯელი, უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

"მათ შორის რაიმე უთანხმოება არ ყოფილა, უყვარდათ ერთმანეთი. ბოლოს დაიძაბა სიტუაცია. ამის შემდეგ ჩაიდინა წინასწარ განზრახული მკვლელობა და ის უვადო პატიმრობით უნდა დაისაჯოს. გუშინ ვიყავი იმ ადგილას, სადაც მკვლელობა მოხდა. უთქვამს, გაგასეირნებო. თოკი და დანა საბარგულში ჩაუდია. ისეთი ადგილია, ფეხით ძლივს ჩავედი, მანქანა იქ როგორ ჩაიყვანა არ ვიცი.

მოტყუებით წაიყვანა ტყეში და აწამა. ყელი გამოჭრა. მეზღვაური იყო, ჩამოვიდა და სასტიკად აწამა. ყელში როგორ გამოუსვა დანა, 33 წლის გოგო გამოასალმა სიცოცხლეს. სასამართლოს იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიიღებს. ხალხი დაუცველია. საზოგადოებისთვის საშიში ადამიანია და აუცილებლად უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯოს. მისთვის სიკვდილი ბაირამობაა, წამებით უნდა ამოხდეს სული" ,- აცხადებენ მოკლული ქალის ახლობლები.

მოკლული მელანო ქიზინიძე და ბრალდებული რაულ დეკანაძე

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა მელანო ქიზინიძეს ყელი გამოჭრა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი ინციდენტის შემდეგ, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიიყენა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 16:30 საათზე გაიმართება. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

წაიკითხეთ ასევე: