გარემოს დაცვის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ბრაკონიერები დააკავა.
როგორც დღევამდელ ბრიფინგზე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა, უკანონო ნადირობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს ონის რაიონის სოფელ გლოლაში მცხოვრები იასონ ბიძიშვილი, გოჩა ბიჭაშვილი, თამაზ ბიჭაშვილი და ნესტორ გავაშელი. მათ გეკოს ტიპის შაშხანით და "კალაშნიკოვის" ავტომატით, კავკასიონის ქედზე ნადირობისას, დახოცეს 4 კავკასიური ჯიხვი, რომლებიც წითელ წიგნში არიან შეტანილები.
გარემოს დაცვის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრაკონიერობაში ეჭვმიტანილებისგან ამოიღო ავტომატი, შაშხანა, ჯიხვის 6 რქა და დათვის ტყავი. ხაჩიძემ ბრიფინგზე ვიდეომასალაც წარადგინა, რომელიც, სავარაუდოდ, თავად ბრაკონიერების მიერ არის გადაღებული. ეს ვიდეომასალა Youtube-ზეც გავრცელდა და სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით დაიწყო გარემოს დაცვის სამინისტრომ საქმის გამოძიება.
ბრაკონიერებმა გარემოს 260000 ლარის ზარალი მიაყენეს. მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი არც ნადირობის და არც თევზაობის, თუ ეს ხდება დადგენილი წესით. უფრო მეტიც, მზად ვართ შევცვალოთ ესა თუ ის რეგულაცია ამ სფეროში, თუ ეს იქნება დაფუძნებული თანამედროვე გარემოს დაცვის პრინციპებზე. თუმცა, რაც თქვენ ნახეთ, ეს არანაირ კანონში არ ჯდება. ბრაკონიერობა კანონით ისჯება", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.