ცხინვალის რეჟიმმა ახალგორის რაიონში ლარის მიმოქცევა აკრძალა. ამის შესახებ "ინტერპრსნიუსს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.
"გასული კვირის ბოლომდე, ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები მაღაზიებში დადიოდნენ და მეპატრონეებსა და გამყიდველებს აფრთხილებდნენ, რომ ლარით აღარ ევაჭრათ. დღეიდან ლარის მიმოქცევა უკვე აკრძალულია", - განაცხადეს ახალგორელებმა.
თუმცა, მათივე თქმით, ახალგორში მიმოქცევიდან ლარის ამოღება რთული იქნება.
"ლარს არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ რუსი სამხედროებიც იყენებენ. მაგალითად, მათ თბილისში პროდუქტებისა და სხვადასხვა საქონლის შესაძენად, ნაცნობებს ლარი დღესაც კი გამოატანეს", - განაცხადეს ახალგორელებმა.
ახალგორის რაიონში ლარის აკრძალვის გადაწყვეტილება ცხინვალის რეჟიმმა გასული წლის ბოლოს მიიღო.