აფხაზეთში სკეპტიკურად არიან განწყობილნი ევროკავშირის მიერ შემუშავებული ფორმულისადმი - "ურთიერთობა აღიარების გარეშე" . განცხადება ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
"ჩვენ ამ ფორმულას სკეპტიკურად ვუყურებთ, რადგან მასში ვერაფერ კონკრეტულ შემადგენელს ვერ ვხედავთ. ჩვენ მზად ვართ ევროპასთან სათანმშრომლოდ, თუ ამ თანამშრომლობას საქართველოს გავლით არ მოგვახვევენ თავს. ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობას საქართველოს მეშვეობით არ დავამყარებთ", - განაცხადა ღვინჯიამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას.
მისივე აზრით, ევროპა თანდათან დაიწყებს აფხაზეთთან ცივილურ დიალოგს, დასავლეთიც ერთ დღეს შეიცვლის დამოკიდებულებას აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით.
"აფხაზეთის აღიარების რაიმე სიგნალი ევროპიდან არ მიგვიღია, მაგრამ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება, შეუძლებელია რეალობა მუდმივად უგულვებელყო", -აღნიშნა ღვინჯიამ.
მისივე შეფასებით, 2010 წელი აფხაზეთისთვის "წარმატებული და დატვირთული იყო".
"ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან, მოკავშირეებთან. კერძოდ, რუსეთთან 30-ზე მეტი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება გავაფორმეთ. ასევე შეთანხმებები გავაფორმეთ ნიკარაგუასა და ვენესუელასთან", -აღნიშნა ღვინჯიამ.
ღვინჯია 2011 წელს აფხაზეთში იმ სახელმწიფოთა ლიდერებს ელოდება, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.