ავტორი:

"ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო...სულელები გგონივართ?" - რატომ საყვედურობენ ნუცა ბუზალაძეს: დაძაბულობა კონკურსის პარალელურად და მომღერლის პასუხი

"ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო...სულელები გგონივართ?" - რატომ საყვედურობენ ნუცა ბუზალაძეს: დაძაბულობა კონკურსის პარალელურად და მომღერლის პასუხი

გუშინ, შვედეთში ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ქართველი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა. 2016 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ფინალშია. 11 მაისს 23:00 საათზე ნუცა ბუზალაძე 24-ე ნომრად იმღერებს.

  • წელს "ევროვიზიის" ფინალში 26 ქვეყანა წარდგება, მათ შორის არის საქართველო.

ნუცა ბუზალაძის „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას წინ არაერთი სკანდალი უძღოდა. მათ შორის სტუმრობა რუსეთში, მეგობრის დაბადების დღეზე. ნუცას ასევე არაერთხელ შეახსენეს რუსულ კონკურსში მონაწილეობა. მას ასევე აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერის და ბერა ივანიშვილთან მეგობრობის გამო.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნაწილი რუსთაველის გამზირზე „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აპროტესტებდა, სოციალურ ქსელში ბუზალაძეს, როგორც სხვა არაერთ ქართველ ვარსკვლავს, პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა „სქრინი“, სადაც ბუზალაძე წერდა, რომ „ევროვიზიაზე“ მონაწილეობის გამო, მას არ ჰქონდა პოზიციის დაფიქსირების საშუალება. მოგვიანებით კომენტარი წაშალა.

"ჩვენ არაფერი გვითხოვია ნუცა, შენით იბრალებ რაღაცებს. ამდენი ხანია ჩუმად ხარ და კიდევ "ევროვიზიას" აბრალებ, ხმას არ მაღებინებენო. იმ კონკურსს, რუსეთი რომ გამოთიშა ომის გამო? სულელები გგონივართ? თქვი სიმართლე, რატომ არ იღებ ხმას, ისედაც ხომ ვიცით, ჩვენო „ზალატაია“ - მსგავსი კომენტარები ნუცას ინსტაგრამის გვერდზე დღემდე იძებნება.

გუშინ, კონკურის მიმდინარეობის დროს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა ისევ დაიძაბა, რის გამოც, საზოგადოების ნაწილი ღიად წერდა, რომ ახლა "ევროვიზიის“ დრო ნამდვილად არ იყო. წინა წლებთან შედარებით, წელს ნაკლებად შეხვდებოდით კრიტიკულ პოსტებსაც, მოსახლეობამ დუმილი არჩია...

"აი, მართლა რა „ევროვიზია“ და რის ნუცა ბუზალაძე, როცა ხალხს სახლებთან ხვდებიან და სცემენ... როცა ქალს ავტობუსის გაჩერებიდან თმებით იჭერენ, ძირს აფორთხიალებენ და ისე აკავებენ?...“ - წერდნენ სოციალურ ქსელში.

ნუცას გულშემატკივრების ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ კონკურსზე მომღერალი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებდა, მინიმუმ იტყოდა, სიტყვა ევროპას მაინც ახსენდება, თუმცა მომღერალმა გამოსვლის დასასრულს მხოლოდ ორი სიტყვა თქვა, "მიყვარხარ საქართველო..."

შეგახსენებთ, რომ შარშანდელმა კონკურსანტმა ირუ ხეჩანოვმა, ნახევარფინალში გამოსვლის შემდეგ, იგივე სიტყვები თქვა: "მიყვარხარ საქართველო...“

თუმცა რამდენიმე დღით ადრე ბუზალაძემ ქართულ-იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში სამშობლოში მიმდინარე მოვლენები ასე შეაფასა:

"რა თქმა უნდა, როცა ვუყურებ იმ კადრებს რაც ხდება და რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა და მართლა ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს... მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცხრა მაისს შევძლო და გავაერთიანო ჩვენი საქართველო, როგორც ეს ხდებოდა American Idol-ის დროს, ჩემს მესიჯს რა თქმა უნდა, სცენიდან ვიტყვი...“

"მოსკოვში გაერთო, მაგრამ რუსეთს ოკუპანტი უწოდა“ - წერს უკრაინული მედია ნუცა ბუზალაძეზე. როგორც ონლაინ გამოცემა წერს, ვოკალისტს საკამათო ბიოგრაფია აქვს, სადაც ნახავთ 2021 წელს რუსეთში მის გამოსვლებს და 2023 წელს ოკუპაციის დაგმობას.

უკრაინული მედია იმ სკანდალს იხსენებს, როდესაც ბათუმში დაგეგმილი კონცერტის წინ, ბუზალაძე მოსკოვს მეგობრის დაბადების დღეზე ესტუმრა, თუმცა ეს არ ყოფილა ოკუპანტ ქვეყანაში მისი პირველი ვიზიტი. მის პროფილში ნახავთ მოსკოვში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც დათარიღებულია 2021 წლის მარტით, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე, ნუცა ოდესას და კიევს სტუმრობდა და უკრაინელების წინაშე მღეროდა.

ნუცამ სამი წლის წინ რუსულად დაწერა სიმღერა, რომელიც დღემდე მის არხზეა ატვირთული. დაახლოებით ამავე დროს, მომღერალი მოსკოვს გადაღებებზე ესტუმრა მუსიკალურ შოუში მონაწილეობის მისაღებად.

ცნობილი სკანდალის შემდეგ, როდესაც ნუცა მეგობრის დაბადების დღეზე მოსკოვში ჩავიდა, მომღერალი დაწერს:

„რუსეთი არ წარმოადგენს იმ ბაზარს, სადაც აწმყოში თუ მომავალში ვისურვებდი ჩემი კარიერის გაგრძელებას. მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, ყველა პროექტზე თუ კორპორაციულ შემოთავაზებაზე უარი მაქვს ნათქვამი. ჩემი ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მტკიცე და გააზრებულია. ჩემი რუსეთში ან/და რუსებისთვის სიმღერა არც კი განიხილება… უფრო მეტიც, მიწვეული ვარ უკრაინაში საქველმოქმედო კონცერტზე. სწორედ ამ კონცერტზე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს — რუსეთი ოკუპანტია! ამას ვაჟღერებ ყველგან და ყოველთვის.“

წაიკითხეთ ასევე: