ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის შვილი ტასო გომელაური გასული წლის ბოლოს გათხოვდა. წყვილი უკვე ერთად, მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს. ტასომ რამდენიმე დღის წინ ცხოვრებაში პირველად მოამზადა საჭმელი, უხარია, რომ პირველივე ჯერზე გემრიელი გამოუვიდა და რაც მთავარია, ნახელავი ქმარმა მოუწონა.
-ტასო, მოგვიყევი, ვინაა შენი მეუღლე?
-ჩემი მეუღლეა კოტე თაყაიშვილი. სარეჟისორო აქვს დამთავრებული. კინოსტუდია "სანგუკოში" მუშობს.
-როგორ გაიცანით ერთმანეთი?
-კოტეს უკვე სამწელიწად-ნახევარია ვიცნობ. მანამდე დედაჩემი, ეკა ნიჟარაძე იცნობდა პროფესიიდან გამომდინარე. ერთხელ ეკამ დამირეკა და მითხრა, ერთ-ერთ კაფეში ვარ და მოდიო. მაშინ გამაცნო კოტე.
-მალევე შეგიყვარდათ ერთმანეთი?
-გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში ერთმანეთს ზღვაზე შევხვდით. მახსოვს, 25 აგვისტო იყო, შეყვარებულები რომ გავხდით. დაოჯახება სპონტანურად გადავწყვიტეთ. არ დამიგეგმავს, გავთხოვდები-მეთქი. მამას გარდაცვალებიდან წელი არ გასულა და თან მარხვა იყო.
-როგორც ვიცი, პრაღაში იყავით...
-მე ჩემს მეგობართან ვიყავი პრაღაში და კოტე ბერლინში იყო თავის მეგობრებთან ერთად. ცალ-ცალკე წავედით გასართობად. კოტე ბოლო დღეს ჩამოვიდა პრაღაში და ერთად გადმოვფრინდით თბილისში.
-ახალ წელს თბილისში შეხვდით?
-კი, ახალ წელს უკვე თბილისში ვიყავით. სალომე კორკოტაშვილის ბენდში კლავიშზე ვუკრავდი და ახალ წელს რუსთაველზე შევხვდი. კარგი იყო, მომეწონა ახალი წლის გარეთ შეხვედრა. პირველი ახალი წელი იყო, როცა სახლში არ შევხვდი.
-მეუღლემ ახალ წელს მოგისმინა, მაყურებელთა შორის იყო?
-არა, კოტე სახლში შეხვდა ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად. ზუსტად თორმეტ საათს რომ გადასცდა, მაშინ ვუკრავდი. მერე ჩემთან ავედი სახლში და კოტეც მოვიდა. მოგვიანებით ნიაზ დიასამიძის კაფეში წავედით და იქ გავერთეთ.
-მღერი?
-არ ვმღერი, მაგრამ დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი. ახლა მოვინდომე გიტარაზე დაკვრის სწავლა. ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე.
-რამდენი წლის ხარ?
-18 იანვარს თვრამეტი წლის გავხდები.
-ჩემი აზრით, ძალიან პატარა გათხოვდი. ეკა როგორ შეხვდა შენს ამ გადაწყვეტილებას?
-ეკას არაფერი უთქვამს, თვითონაც პატარა, თვრამეტი წლის გათხოვდა. თან ეკა არ არის ისეთი, რომ ჩემი გადაწყვეტილება გააპროტესტოს. თვლის, რომ რადგან გათხოვება გადავწყვიტე, ე.ი. ასეა ჩემთვის კარგი. არჩევანის თავისუფლებას მაძლევს.
-შენ და კოტე ეკასა და შენს ძმებთან ერთად ცხოვრობთ?
-ბინა ვიქირავეთ და მარტო ვცხოვრობთ.
-დიასახლისობა არ გიჭირს?
-არ მიჭირს, უბრალოდ, დედა და ძმები მენატრება ძალიან. გუშინ პირველად გავაკეთე დამოუკიდებლად საჭმელი. მანამდე არ გვქონდა არც ქვაბი და არც ტაფა. კოტეს მშობლებმა ტაფა გვაჩუქეს, მე სახლიდან ქვაბი წავიღე. მოვხარშე ბრინჯი, ვიყიდე ქათმის ფილე, შევწვი და ის მივირთვით. გემრიელი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გამიკეთებია საჭმელი.
-მეუღლეს მოეწონა?
-კი, ძალიან. სულ ორი კვირაა, რაც ცალკე ვცხოვრობთ. ხშირად მიწევს ეკასთან მისვლა. ჩემს ახალ სახლში ჯერ ყველაფერი არ წამიღია.
-როგორც ვიცით, ნიკო იცნობდა კოტეს, იცოდა, რომ მისი სიძე გახდებოდა?
-არა მგონია, ეს ზუსტად სცოდნოდა, თუმცა იცნობდა და ვიცი, რომ ძალიან მოსწონდა. მეგობრობდნენ.
-კითხულობთ ხოლმე მამის ლექსებს ერთად?
-ნიკოს გარდაცვალების მერე მისი არაფერი წამიკითხავს. მანამდე ნიკოს ლექსებს ყოველთვის მარტო ყოფნისას ვკითხულობდი.
-დადიოდით ნიკოს სპექტაკლებზე ერთად?
-მამას სპექტაკლებზე უფრო ბავშვობაში დავდიოდი. ზოგიერთ სპექტაკლზე ოცჯერ მაინც ვარ ნამყოფი და ზეპირადაც კი ვიცოდი. ბოლო დროს მის სპექტაკლებზე აღარ დავდიოდი.
-რატომ? ძალიან დაკავებული იყავი?
-არც ისეთი დაკავებული ვყოფილვარ, რომ სპექტაკლზე წასასვლელად ვერ მომეცალა. მაგრამ ამის სურვილი არ გამჩენია. ახლა ჩემი ნათქვამი ალბათ ცუდად ჟღერს, მაგრამ ასე იყო.
-იმის გამო, რომ მამა ცუდად იყო...
-არ ვიცი, ალბათ.
-მხატვრობის ნიჭი ვისგან გამოგყვა?
-ნიკოს ხატვის ნიჭი ჰქონდა. მისი რამდენიმე ჩანახატი მაქვს ნანახი. ერთხელ, პატარა რომ ვიყავი, წყნეთში ვისვენებდით. მახსოვს, ნიკომ დახატა ორი ხე და თვითონ დაინახა, როგორც ქალი და კაცი და იქვე გალექსილი ორი წინადადება მიაწერა. როცა გადავწყვიტე, რა პროფესია მინდოდა ამერჩია, მერე დავიწყე ხატვის სწავლა. მანამდე არაფერი მქონდა დახატული. მასწავლებელთან მივედი და ნულიდან ვისწავლე ხატვა. მგონი, არცთუ ცუდად ვისწავლე.
-მეუღლე თუ დაგიხატავს?
-არა, არ დამიხატავს (იცინის). პორტრეტებს არ ვხატავ.
-მეუღლე საჩუქრებით განებივრებს?
-სიურპრიზების მოწყობა არ უყვარს. შეიძლება უნდა, მაგრამ ფიქრობს, რომ მე არ მომეწონება. რამეს რომ ყიდულობს ჩემთვის, სულ მეკითხება, გინდა თუ არაო. ახალ წელსაც საჩუქრის გაკეთება რომ უნდოდა, ერთად წავედით მაღაზიაში და ავარჩიეთ ჩემთვის საჩუქარი. თვითონ არ იყო დარწმუნებული, მომეწონებოდა თუ არა მისი არჩეული.
-პრეტენზიული ხარ, როგორც ჩანს.
-არ ვიცი, შეიძლება (იცინის).
-ლექსებს წერ?
-ვწერდი, მაგრამ მამის გარდაცვალების მერე მხოლოდ ერთი ლექსი დავწერე და მერე აღარ დამიწერია.
-მამას მიუძღვენი ის ლექსი?
-ალბათ.
-შეგიძლია წაგვიკითხო?
-არა, მამას ლექსების შემდეგ არ მინდა, ჩემი ლექსი დაიბეჭდოს.
-ორი ძმა გყავს, ისინი როგორ შეეგუვნენ ერთადერთი დის გათხოვებას?
-ჯეჯი და ნოდარი სულ მეკითხებიან, დღეს მოხვალ თუ არა ჩვენთანო. კოტე ძალიან უყვართ. მეგობრობენ მასთან.
-ეკა როგორი სიდედრია?
-ძალიან კარგი, ბოლო დროს გამკაცრდა. შემაწუხებელი სიდედრი არ არის, უბრალოდ, სასაცილო სიმკაცრეებს ავლენს ხოლმე.
-პატარას ხომ არ ელოდებით?
-ჯერ მინდა ვისწავლო და არ ვჩქარობთ ბავშვის გაჩენას.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)