ინტერპოლმა მაიორ ევგენი ბორისოვზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა მაიორ ევგენი ბორისოვზე ძებნა გამოაცხადა

2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო რუსეთის მოქალაქეზე, მაიორ ევგენი ბორისოვზე

საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

შსს-ს ინფორმაციით, 1980 წლის 22 აპრილს დაბადებული ევგენი ბორისოვი ინტერპოლის მიერ საქართველოს სსკ-ის 323 მუხლის მესამე ნაწილით და 236 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით იძებნება.

323-მუხლი, ტერორისტული აქტი, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 236-ე მუხლი კი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა-გაგზავნას გულისხმობს და რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებაში და ხელშეწყობაში ბრალდებულ პირთა ვინაობა დაადგინა, რის შედეგადაც 2010 წლის 4 დეკემბერს დააკავეს: გოგიტა რევაზის ძე არქანია (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე; ჯონი მურადის ძე აბულაძე (დაბ. 1982 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; მარიამ მურმანის ას ნიკოლავა (დაბ. 1977 წ.) - თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი; გოჩა მალხაზის ძე ხურცილავა (დაბ. 1985 წ.) - თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას; გოდერძი რევაზის ძე არქანია (დაბ. 1978 წ.) - თანამონაწილე; ლელა მალხაზის ას ხურცილავა (დაბ. 1983 წ.) - თანამონაწილე.

ამავდროულად, ძებნა გამოცხადდა სხვა ეჭვმიტანილებზე, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ გალის რაიონში იმყოფებიან: მერაბ შერმადინის ძე ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია" (დაბ. 1979 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი; მუხრან გიორგის ძე ცხადაია (დაბ. 1962 წ.) - აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი, (2003 წლიდან იძებნება ადამიანის გატაცებისათვის).

გამოძიებით იკვეთება, რომ ტერაქტების უკან ევგენი ბორისოვი იდგა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ