ბაგებში მდებარე სტუდქალაქის შესასვლელთან პოლიციელებსა და დევნილებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაახლოებით 10.00 საათისთვის დაიწყო.
ინციდენტის შედეგად დააკავეს ექვსი ადამიანი, ოთხი დევნილი - ჯულიეტა ცინდელიანი, ირინა ფირცხელიანი, ბელა ხერგიანი და ნაზი იოსელიანი. ასევე, "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი გია ყრუაშვილი.
ყველა მათგანი პოლიციელებმა სტუდქალაქის ტერიტორიაზე შეიყვანეს, რომლის პერიმეტრიც შემოღობილი ჰქონდათ და არავის უშვებდნენ.
შესასვლელთან დევნილები და ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები.
დაკავებული დევნილები უკვე გამოსახლებული დევნილების ახლობლები არიან, რომლებიც სხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ცხოვრობენ და გამოსახლება მათაც ემუქრებათ.
მათ ტერიტორიაზე შეღწევა ძალის გამოყენებით სცადეს და ჯებირების მოხსნა დაიწყეს. ჯებირების გაწევაში დევნილებს ლაშა ჩხარტიშვილი, კახა კუკავა და ალექსანდრე შალამბერიძეც ეხმარებოდნენ. ჯებირები პოლიციამ გაამაგრა. პერიმეტრს ასობით პოლიციელი იცავდა. მათ ხელმძღვანელობდა თბილისის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ონიანი.
ფიზიკური დაპირისპირების დროს სწორედ გიორგი ონიანმა გასცა ბრძანება, რომ გარკვეული პირების დაკავება მომხდარიყო, მათი ვინც აქტიურობდა და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა.
ყოფილი "კმარელი" გიორგი ონიანი სტუდქალაქის შესასვლელთან მაშინ გამოჩნდა, როდესაც დევნილებმა სტუდქალაქიდან გამომავალ სატვირთო მანქანას გზა გადაუღობეს. გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით პოლიციელებმა მოახერხეს დევნილების ნაკადის გარღვევა და მანქანისათვის გზა გახსნენ. გზის გახსნის პროცესის დროს პოლიციელებსა და დევნილებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა უკვე მეორედ მოხდა.
რაც შეეხებათ სტუდქალაქის კორპუსებში მცხოვრებ დევნილებს, ისინი ამ პერიოდის განმავლობაში პერიმეტრის შიგნით იმყოფებოდნენ და, როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ საკუთარ ნივთებს ძალით ალაგებინებდნენ. საოჯახო ნივთებით დატვირთული მანქანები კი ტერიტორიას პერიოდულად ტოვებდნენ.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში სტუდქალაქის შესასვლელთან მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია და პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოჩნდნენ.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ გიორგი ონიანს სთხოვა, სტუდქალაქის ტერიტორიაზე შეეშვათ, სადაც გამოსახლების პროცესისათვის თვალყურის დევნებას შეძლებდა. ლორთქიფანიძემ ონიანს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოწმობაც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, უფლება ჰქონდა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობა და ადამიანის უფლებებზე მეთვალყურეობა გაეწია.
ონიანმა ლორთქიფანიძეს განუცხადა, რომ სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობდა და მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ შეძლებდა ტერიტორიაზე შესვლას.
შეკითხვაზე, თუ ვისთვის უნდა მიემართა, ონიანმა ლორთქიფანიძეს უპასუხა, რომ - შსს-სთვის. ონიანმა ლორთქიფანიძის ქმედებას პიარიც უწოდა და თქვა, რომ პარლამენტარი პოლიციას მუშაობაში ხელს უშლიდა, პოლიცია კი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მას შემდეგ, რაც ვითარება შედარებით დაწყნარდა და დევნილების ნივთებიც გამოიტანეს, გამოსახლებული დევნილებიც გამოჩნდნენ.
გამოსახლებული დევნილის, ზეინაბ გურჩიანის განცხადებით 14 წლის შვილთან ერთად, რომელსაც 40 გრადუსიანი სიცხე აქვს, ქუჩაში აღმოჩნდა.
"მეც არ ვიცი, რა ვქნა, სად წავიდე. ჩვენი ნივთები ერთად შეყარეს და გვითხრეს, სად მივიტანოთო, ჩვენ დაგეხმარებით ტრანსპორტირებაშიო. რა მისამართი უნდა ვუთხრა, რაც არ მაქვს. ჩემი მთავარი პრობლემაა, ახლა ბავშვი შევიყვანო სითბოში. არ ვიცი რა იქნება. არაფერი, არც ფოცხო-ეწერი არ შემოუთავაზებიათ", - განაცხადა ზეინაბ გურჩიანმა.
დევნილები სტუდქალაქის შესასვლელთან მყოფ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან მიდიოდნენ და სთხოვდნენ, შეფასება გაეკეთებინათ კანონიერი იყო თუ არა გამოსახლების პროცესი. ევროკავშირის მონიტორები აცხადებდნენ, რომ მათ კომენტარის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. ისინი მხოლოდ პროცესს აკვირდებოდნენ, ინიშნავდნენ ფაქტებს და უსმენდნენ დევნილებს.
ევროკავშირის მონიტორები გამოსახლების პროცესს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ისინი სტუდქალაქის ტერიტორიაზე დილის 08:00 საათიდან, პოლიციის მისვლიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ და დაინტერესდნენ, გამოსახლების დაწყების მზადების პერიოდში, სატვირთო მანქანით მისული 60-მდე პირი ვინ იყო. ლაშა ჩხარტიშვილმა და ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადეს, რომ ესენი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ, რომლებსაც ხელისუფლება გამოსახლებისათვის იყენებდა. პოლიციამ სტუდქალაქში არც ევროკავშირის წარმომადგენლები არ შეუშვა.
რაც შეეხება დევნილთა და განსახლების სამინისტროს, სამინისტროს წარმომადგენლები პერიმეტრის შეგნით იმყოფებოდნენ და ჟურნალისტებისთვის არანაირ განმარტებებს არ აკეთებდნენ.
სტუდქალაქში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი ფართების დატოვების შესახებ ბოლო გაფრთხილება გუშინ საღამოს მიიღეს. ამ გაფრთხილების მიხედვით, ფართის დასატოვებლად 24:00 საათიან ვადას აძლევდნენ, რომელიც დღეს, 06:00 საათზე იწურებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილეს, რომ ძალით გაასახლებდნენ.
სტუდქალაქის ტერიტორიაზე სამი საცხოვრებელი კორპუსია. დევნილების გამოსახლება სამივე კორპუსიდან მოხდა.
ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ კორპუსებში 191 დევნილია დარეგისტრირებული, არაოფიციალური ცნობით კი, მათი რაოდენობა 400-მდეა.
საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან დევნილთა გამოსახლებაც დილიდან დაიწყო. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აქ მცხოვრები 18 ოჯახიდან უმეტესობა ცხინვალის რაიონის სოფელ ქემერთადანაა. მათ კუთვნილი კომპენსაციები ამ დრომდე არ მიუღიათ და როგორც ორიოდე დღის წინ შეიტყვეს, კომპენსაციების ასაღებად საჭირო დოკუმენტაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გადაგზავნილიც კი არ არის. ისინი ხელისუფლების პირობას იხსენებენ, რომელის მიხედვითაც, გამოსახლების საფრთხე კომპენსაციების მიღებამდე არ დაემუქრებოდათ.
"დილის ექვს საათზე მოვიდა პოლიცია. გვითხრეს, რომ შენობა უნდა დავცალოთ. მე და ჩემს ოჯახს არც კომპენსაცია მიგვიღია და არც სხვა თავშესაფარი გვაქვს. აღარც ეს ავეჯი მინდა, ყველაფერს ასევე დავტოვებ. ერთხელ უკვე დავკარგე მთელი ცხოვრება ქემერთში და ახლაც აღარ აქვს მნიშვნელობა, მექნება თუ არა რამე. ისიც კი არ ვიცი, სად შევაფარო თავი ან ექვსსულიანი ოჯახი როგორ ვარჩინო", - გვითხრა ქემერთადან დევნილმა, გურამ ოთინაშვილმა.
ამასობაში შენობიდან დევნილების საწოლები, ლეიბები და სხვა საოჯახო ნივთები გამოიტანეს და საგანგებოდ მოყვანილ სატვირთო მანქანებში ჩაალაგეს. ბარგის გამოსატანად საგანგებოდ მოიყვანეს 20-მდე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი.
შენობის პერიმეტრზე წესრიგს რამდენიმე ათეული პოლიციელი იცავდა, პოლიცია იყო განლაგებული შენობაშიც. თუმცა, მათ დღეს მძიმე სამუშაო დღე არ ჰქონიათ. ბაგების შემთხვევისგან განსხვავებით, იქ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამოჩენილან.
რკინის ბარიერებითა და პოლიციელებით გარშემორტყმულ ეზოში ვიღაც ცდილობდა პროცესის ხელმძღვანელობას. იგი სუბელიანის უწყების წარმომადგენელი აღმოჩნდა, თუმცა, ვინაობის დასახელება და ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის გვაცნობა, რომ დევნილებს კახეთში - ბაკურციხეში გადაიყვანენ.
დილით დაწყებული პროცესი დასასრულს დღის ორი საათისკენ მიუახლოვდა. ყველა სატვირთო მანქანამ შენობის ეზო დატოვა. თავად დევნილები კი ეზოში გამოიყვანეს. ელოდნენ ავტობუსს, რომლითაც ახალ საცხოვრებელში გადაიყვანენ.
საბაჟო დეპარტამენტის ყოფილ შენობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მოვიდნენ, რომლებმაც შენობა დალუქეს.
დაცლილი შენობის მესამე სართულზე ვიღაცას გაფენილი სარეცხი - ბავშვის ტანსაცმელი დარჩა.
კობა სუბელიანის უწყებამ განმარტება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს იმ ობიექტების დაცლა, სადაც დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ, თუმცა სამინისტრო უბინაოდ არავის ტოვებს.
სამინისტროს ცნობით, დევნილებს გარემონტებულ ფართებს რეგიონებში საკუთარებაში სთავაზობენ და თან ტრანსპორტირებაში ეხმარებიან.
ამასთან, სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბაგების სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველა კორპუსის გამოსახლება იგეგმება.
"ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შეგახსენებთ, რომ 2 კორპუსი დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ, რაც შეეხება დანარჩენ კორპუსებს, მასში დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ 2008 წლის შემდეგ. ყველას ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში, საკუთრებაში",-განაცხადეს სამინისტროში.
ბელა ზაქაიძე
მანანა მჭედლიშვილი
"ინტერპრესნიუსი"