თბილისის საქალაქო სასამართლოში დევნილთა სასამართლო პროცესი დასრულდა. ხუთი პირიდან ორს "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერს, მანუჩარ სიგუას და "თავისუფალი საქართველოს" წევრს, გია ყრუაშვილს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენებს ირინა ფირცხელიანს, ბელა ხერგიანს და ჯულიეტა ცინდელიანს კი 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე ნინო შანიძემ სულ ხუთი პირის საქმე განიხილა.
ირინა ფირცხელიანს, გია ყრუაშვილს და მანუჩარ სიგუას პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლი) გარდა, ბრალი წვრილმან ხულიგნობაშიც ედებოდათ (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით).
ბელა ხერგიანს და ჯულიეტა ცინდელიანს კი ბრალი მხოლოდ 173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული.
ეს მუხლები ჯარიმას ან 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.