გროზნოში მცხოვრებ აჰმედ გისაევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 55 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.
საქმის ვითარების შესწავლის შემდეგ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სამი პუნქტი დაარღვია.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2003 წლის 23 ოქტომბრის დილის 7 საათზე რუსული სამხედრო ფორმიანი შეიარაღებული პირები თავს დაადგნენ გისაევს. იგი სახლიდან იძულებით გაიყვანეს და ჩეჩენი მებრძოლების შესახებ ინფორმაციას თხოვდნენ.
"გამტაცებლები მას ელექტროდენით აწამებდნენ, ცემდნენ, ხელებით კიდებდნენ, აიძულებდნენ მხუთავი ნივთიერებები შეესუნთქა, მისი და მისი ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდნენ. აიძულებდნენ დაელია ალკოჰოლი და მოეწია თამბაქო, იმის გასარკვევად, ხომ არ იყო იგი ორთოდოქსი ისლამისტი" - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
8 ნოემბერს გისაევი გროზნოს მიდამოებში მიიყვანეს და ნათესავებს გადასცეს. როგორც გისაევი ირწმუნება, ოჯახმა მის გათავისუფლებაში ათასობით დოლარი გადაიხადა.
მოსარჩელემ სასამართლოს სამედიცინო დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, გადატანილი წამების შემდეგ გისაევი უძილობისგან იტანჯება, უჩივის თავბრუსხვევას, კარგავს კოორდინაციას და გონებას.
სტრასბურგის სასამართლოს უკვე 100-ზე მეტი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომლითაც რუსეთს ჩეჩნების წამებისა და უკანონო დაკავებების გამო პასუხისმგებლობას აკისრებს.
რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციას ევროპის საბჭოში შესვლის დღიდან (1996 წლის 28 თებერვალი) ცნობს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.