ავტორი:

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურებიო, აი, ბატონო, მიზეზი" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასახლებული ექსდეპუტატი, რომელიც ბოლო დროს აქციებზე გამოჩნდა

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურებიო, აი, ბატონო, მიზეზი" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასახლებული ექსდეპუტატი, რომელიც ბოლო დროს აქციებზე გამოჩნდა

ყოფილი პოლიტიკოსი და პარლამენტარი მარიამ საჯაია მაისის აქციებზე რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა. მარიამი თითქმის ყოველდღე ესწრებოდა აქციებს, მის ფოტოებს სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებდნენ.

კომენტარებში ბევრი წერდა, რომ არ იცოდნენ სად იყო ეს პერიოდი ყოფილი დეპუტატი და მისი დანახვა და პოლიტიკურ პროცესში ჩართვა გაუხარდათ. თუმცა მოგვიანებით ყოფილმა პარლამენტარმა დაწერა:

"გმადლობთ, მეგობრებო, ამხელა ყურადღებისთვის. მე ვარ, კი, ალბათ დიდი ხანია გარდასახული არ გინახივართ ბევრს. თუმცა კი ბევრმა იცით სად ვარ, რას ვაკეთებ.

ძირითადად მიწასთან და დედამიწასთან ახლოს. ჩემი ენერგიის ამბავი იცით. მთავარია სადმე მივმართო.

ჰოდა, საქართველოზე მაქვს მიმართული, რადგან ვთვლი, რომ სამშობლო გვაქვს ბრწყინვალე და იქ არის საჭირო.

მოკლედ ცოტა გადმოვეშვი ამ ამბავში. ცოტა მეტ ყურადღებას გამოვუშვებ აქეთ.

აუცილებლად ჩავეხუტოთ ერთმანეთს. სიყვარულს გაუმარჯოს. სიყვარულით ვდგავართ ნაცრისფერობის წინააღმდეგ..."

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯაია პოლიტიკაში აღარ დარჩენილა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს საცხოვრებლად თბილისთან ახლოს, მუხრანში გადავიდა. ყოფილმა პარლამენტარმა საკუთარი ხელით დაიწყო სახლის რემონტი, რომელიც სოფელში შეიძინა.

"არემარე", როგორც მას მარიამი უწოდებს, ახლა უკვე ტურისტებსაც მასპინძლობს. სოფელში გადაბარგებული ექსდეპუტატი მისი ცხოვრების შეცვლილ სტილზე სოციალურ ქსელში ხშირად წერს.

ბევრს ეგონა, რომ ახალგაზრდა დეპუტატს სოფელში ყოფნა მალე მოჰბეზრდებოდა, თუმცა მარიამის "არემარე" ყველა სეზონზე განსაკუთრებულად გამოიყურება.

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურები, როგორ გახდი, ლამაზი ხარო, აი, ბატონო მიზეზი, 10 ნაბიჯში და ამ წუთას მოკრეფილი ჯანსაღი, სუფთა და ნატურალური პროდუქტი რომ იშვიათობა (კი არადა თითქმის არარსებული) გახდა, მაგაზე დიდი უცნაურობა და ამავდროულად უგუნურება, ალბათ კაცობრიობას არ ახსოვს... უცოდინარობამ ის მოიტანა, რომ სოფლის ხალხიც კი, სახლისთვის მოყვანილ პროდუქტებს შხამ-ქიმიკატებს ასხამს. არადა, მოდის აგერ ეს ოხერი, თავისით, არაფერი რომ არ მიგვიკარებია ისე", - წერს ერთ-ერთ პოსტში ექსპოლიტიკოსი.

  • მარიამ საჯაია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, 21 წლის ასაკში გახდა პარლამენტარი, პოლიტიკურ კარიერას არ გაჰყვა. მან შვილთან ერთად სოფლად გადასახლება და საინტერესო სივრცის მოწყობა ამჯობინა, სადაც ეკომეგობრული გარემოა.

საჯაიას დედა ნაზი არონია 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტარი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.

საჯაიას საპარლამენტო მოღვაწეობიდან მედიაში 2015 წლის ინციდენტს იპოვით, როდესაც ახალგაზრდა დეპუტატს იმჟამინდელმა ოცნების დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ სხდომათა დარბაზში მიმართა:

"მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ნეპოტიზმზე გველაპარაკებით, თქვენ რომელი სიით მოხვდით პარლამენტში? რა დამსახურება გქონდათ ასეთი? თქვენ ზუსტად მაიძულეთ თქვენი უზრდელური გამოსვლის შემდეგ, ასე გიპასუხოთ. რა უნარ-ჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან, რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ? მაინტერესებს, გამცემთ პასუხს? ვერ გამცემთ".

წაიკითხეთ ასევე: