საქართველოში ურანის კონტრაბანდისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოში ურანის კონტრაბანდისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოში გამდიდრებული ურანის შემოტანის მცდელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. "ეხო კავკაზა"-ს ცნობით, ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა.

მას 8 წელი ჰქონდა მისჯილი. თუმცა 2007 წელს პრეზიდენტის ამნისტია შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა.

ყოფილი პატიმარი თავს უდანაშაულოდ ცნობს. როგორც თავად ყვება, პატიმრობიდან 6 იანვარს გაათავისუფლეს, თუმცა იმის გამო, რომ ციხე მხოლოდ ერთი მაისურით დატოვა და პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა, აქამდე სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო.

მისი თქმით, იძულებული იყო საქართველოში დარჩენილიყო, ვიდრე რუსეთის საკონსულომ მას ქვეყნის დასატოვებლად საჭირო ახალი დოკუმენტები არ გაუფორმა. "ეხო კავკაზა"-ს ჟურნალისტს ხინცაგოვი 2006 წელს განვითარებული მოვლენების საკუთარ ვერსიას უყვება.

მისი განცხადებით, საქართველოში ის ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შევიდა, რასაც მის პასპორტში არსებული ბეჭედიც ადასტურებს.

"გადმოსვლისას სასაზღვრო სამსახურის რადიოლოგიურ ეკრანზე შემოწმება გავიარე და ამ ეკრანებმა არაფერი აჩვენა. მე მქონდა ტიპოგრაფიული საღებავი, რომელიც ქართული მხარის თხოვნით მომქონდა. არც მიფიქრია, რომ რაიმე მოხდებოდა. თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადრე დაგეგმილი აღმოჩნდა, მე უკვე მელოდნენ. 31 იანვარს მე გადავლახე საქართველოს საზღვარი და ღამით ჩავედი თბილისში. 1 იანვარს კი, ბინა, რომელშიც ვცხოვრობდი, სპეცრაზმმა გატეხა. პირველივე წუთებიდან დაიწყეს ყვირილი - "შენ ურანი შემოიტანე". ის რაც მქონდა, ამოიღეს და ურანად გაასაღეს.

სინამდვილეში კი, ეს იყო 73 გრამი ნაცრისფერი ტიპოგრაფიული საღებავი. ადგილობრივმა ექსპერტმა 85 გრამი შეისწავლა, ამერიკელმა ექსპერტმა - 115 გრამი, რუსეთში კი, მგონი 35 გრამი გამოგზავნეს. თუ ამ ციფრებს შევკრებთ, ეს უზარმაზარი წონა გამოვა, ჩემგან კი მხოლოდ 73 გრამი ამოიღეს. თქვეს, რომ აშშ-ში ექსპერტმა 90%-ით გამდიდრებული ურანი შეისწავლა. თუკი ეს მე მქონდა, აუცილებლად რადიაციას მივიღებდი", - აცხადებს ინტერვიუში ხინცაგოვი.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესის დროს, მის ქართველ ადვოკატებზე გავლენა მოახდინეს, რუსი ადვოკატები კი ქართულმა მხარემ არ დაუშვა.

ოლეგ ხინცაგოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ყოფილი პატიმარი უახლოეს წლებში საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ