ავტორი:

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რა დადგინდა

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - რა დადგინდა

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებული შეყვარებული ოთარ ცინდელიანი ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შერაცხადია.

აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დროს და ამჟამადაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ლევან ვეფხვაძის განმარტებით, დაკავებულს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედება ბრალი, რაც გენდერთანაა დაკავშირებული. პროკურორის თქმითვე, პატიმრობის ძალაში დატოვების როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას წარმოადგენს და მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.

ვეფხვაძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულია მტკიცებულებები, ამასთან, ესპანეთის სახელმწიფოდან ცინდელიანის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. ასევე, გარდაცვლილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ესპანეთში ყოფნის პერიოდის ფოტოსურათი, სადაც ქეთი ჯავახიშვილს თვალზე დაზიანება აღენიშნება. როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულს დაზარალებულთან ესპანეთში ყოფნის დროსაც ჰქონდა კონფლიქტი მისი სტერეოტიპული მიდგომებიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატებმა კი სხდომაზე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება სასამართლოს მიეღო. მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებით, პატიმრობა ძალაში დარჩა.

სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ, ცინდელიანმა განაცხადა, რომ ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს ასევე შესთავაზა მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა, რაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა. შესაბამისად, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ ასევე:

"დანის პირი აღმოჩენილია ქეთის თავში ანუ იმ სიმძლავრით დაარტყა, რომ დანის პირი გადატყდა... ცინდელიანი გოგოს დამამცირებელ მესიჯებს უგზავნიდა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

"ის ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა..." - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალებზე ლაპარაკობენ მოკლული გოგონას ახლობლები