ავტორი:

"უკრაინას რუსეთში, რაც უფრო ღრმად ექნება შეტევის მიტანის უფლება, მით უკეთესი" - რა ხდება ფრონტზე: როგორ შეჩერდა რუსების შეტევა ხარკოვისკენ და როდის უნდა ველოდოთ ომში გარდატეხას?

"უკრაინას რუსეთში, რაც უფრო ღრმად ექნება შეტევის მიტანის უფლება, მით უკეთესი" - რა ხდება ფრონტზე: როგორ შეჩერდა რუსების შეტევა ხარკოვისკენ და როდის უნდა ველოდოთ ომში გარდატეხას?

ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვისა და მისი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვოლჩანსკის მიმართულებით. ვოლჩანსკი ბელგოროდთან მოსაზღვრე ქალაქია, სადაც ოკუპანტებმა ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს. ომის დაწყებამდე ვოლჩანსკში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა და ნახევარზე მეტმა ქალაქი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა. ჰუმანიტარული ვითარება საკმაოდ რთულია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში, რომელზეც რუსეთის არმია მრავალი თვის განმავლობაში ახორციელებს საავიაციო შეტევებს.

უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე GIPA-ს პროფესორი, პოლიტოლოგი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რუსეთის მცდელობა სწრაფად გაერღვია ხარკოვის ფრონტი და ჩასულიყო ხარკოვამდე, ანუ აეღო ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქი, როგორიცაა ვოლჩანსკი, წარუმატებლად დასრულდა. მეტიც, რუსეთის შეტევა ახლა ჩაანაცვლა უკრაინელთა კონტრშეტევამ და ვხედავთ სრულიად საპირისპირო სურათს - რუსეთის 50 000-იანი დაჯგუფებიდან დიდი ნაწილი დაჭრილები და დაშავებულები არიან, შესაბამისად, ნაწილი გამოეთიშა საბრძოლო მოქმედებას, დიდი რაოდენობით არიან დაღუპულებიც და რუსეთის წარმატებული შეტევა ჩაანაცვლა იმან, რომ ახლა უკრაინელები რუსებს ბომბავენ არა მარტო უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ ბომბავენ რუსებს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-მ და უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინელებს მისცეს მწვანე შუქი გამოეყენებინათ ევროპული და ამერიკული იარაღი ხარკოვის მომიჯნავე ტერიტორიაზე, როგორიც გახლავთ ბელგოროდის ოლქი. რუსეთმა ამ შემთხვევაში პანდორას ყუთი გახსნა თავისი თავის წინააღმდეგ. რაც ყველაზე მთავარია, პუტინი და კრემლი იმას ამბობდა, რომ თუ დასავლეთი მწვანე შუქს აუნთებდა უკრაინას, ისინი შურს იძიებდნენ, განსაკუთრებულ ესკალაციას მოახდენდნენ და ა.შ. ვხედავთ, არაფერი მოხდა, უკრაინელებს აქვთ ძალიან ამაღლებული მოტივაცია, ვინაიდან კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ესკალაციის საფრთხე არ არსებობს - ესკალაციის თვალსაზრისით რუსეთს რაც კი შეეძლო გამოეყენებინა, ყველაფერს იყენებს ბირთვული იარაღის გარდა, მეტი რა ესკალაციაზეა საუბარი, ანუ რუსეთმა რაღა უნდა გააკეთოს ისეთი, რასაც ახლა არ აკეთებს? ამიტომ ახლა არის ძალიან საინტერესო კრიტიკული წერტილი, როდესაც ვხედავთ, უკრაინული ნაწილების დიდი რაოდენობით მობილიზებას, წვრთნას, უკრაინული პოზიციებიდან რუსეთის პოზიციების დაბომბვას, მათ შორის ქერჩის ტერიტორიის დაბომბვას, კრასნოდარის ოლქი, პრაქტიკულად, ყოველდღიურად იბომბება, ბელგოროდის ოლქი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად დაბომბილი წერტილი მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე აქამდე იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მცდელობა არა მარტო ხარკოვის ოლქში გადაეტანა საბრძოლო მოქმედებები, არამედ ეიძულებინა უკრაინა მოეხსნა თავისი დანაყოფები დონბასიდან და გადაესროლა სწორედაც ხარკოვისაკენ, ესეც ჩავარდა. კი, რუსებს კვლავაც აქვთ შენარჩუნებული ინიციატივა დონბასში, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, მაგრამ მიუხედავად ამ ინიციატივის ფლობისა, გარდატეხის შეტანა ვერც ამ 50-ათასიანმა დაჯგუფებამ მოახდინა, რომელიც ხარკოვის მიმართულებას უტევდა.

ქალაქი ხარკოვი საზღვრიდან სულ 30კმ-შია, შესაბამისად, სინამდვილეში, ძალიან დიდ ტერიტორიაზე გვაქვს ლაპარაკი. მართალია, უკრაინას უფლება აქვს მოკავშირეების იარაღის მხოლოდ 40კმ. სიღრმეში გამოყენებისა, მაგრამ რაც მთავარია, ლოჯისტიკური მომარაგების ცენტრები ისევე, როგორც სამართავი ცენტრები და პუნქტები ამ 40კმ-ს მასშტაბზე მდებარეობს. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ხელში ამჟამად არის ძალიან დიდი უპირატესობა, რადგანაც ლოჯისტიკა, ანუ რუსული არმიის მომარაგება, პრაქტიკულად, ვეღარ ხერხდება. ის, რომ უკრაინელებმა "ჰაიმარსიზაცია" არ მოახდინონ, ანუ აქტიურად არ დაბომბონ ეს ტერიტორიები (რასაც ბომბავენ კიდეც), ამას ემატება მნიშვნელოვანი რამ - სამართავი პუნქტები, რომლებიც სწორედაც ამ დისტანციაზე მდებარეობს (დაახლოებით 20-დან 40კმ-ში ფრონტის ხაზიდან) და ისინიც, პრაქტიკულად, პერმანენტული დაბომბვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უკრაინას უზარმაზარი უპირატესობა აქვს - უკრაინას რაც უფრო ღრმად ექნება დარტყმის უფლება, მით უკეთესი, მაგრამ მაინც ეს დაშორებაც გახდა იმის პრეცედენტული საფუძველი, რომ ახლა უკრაინელებმა დააჩლუნგეს რუსული მომარაგება, გამოდის, რომ მტრის ზურგი მოშიშვლებულია და ამიტომ რუსეთმა კიდევ უფრო ღრმად და ღრმად უნდა გადაიტანოს მომარაგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძვირდება რუსეთის ლოჯისტიკა - რაც უფრო შორს გაქვს გადატანილი ლოჯისტიკური ცენტრი, შემდეგ იქიდან ფრონტის ხაზამდე ტვირთის, იარაღის, საკვების, ამუნიციის, წყლის მიტანა კიდევ უფრო მეტად ჭირს და კოლონების დაბომბვა კიდევ უფრო ადვილად ხდება. იგივე საწვავი, რომელიც უფრო და უფრო ძვირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელები აქტიურად ბომბავენ რუსეთის ნავთობმომარაგების ცენტრებს. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და წვრილ-წვრილი წარმატებები რუსეთის წარმატების შანსებს უფრო და უფრო ამცირებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულდება რუსული არმიის შეტევის პოტენციალი, რუსეთს ხომ თავდაცვით პოტენციალზე აქცენტი არ აქვს, ის შეტევით მიმართულებაზეა გადასული და აქედან გამომდინარე, მისი შეტევითი პოტენციალის სუსტდება და უკრაინელებს ეძლევათ საშუალება, რომ შესულ დანაყოფებს ძალიან გაურთულონ საქმე. რაც მთავარია, ვიცით, რომ ლოჯისტიკურად ცუდად მომარაგებული სამხედრო ნაწილები ხშირად გადადიან დემორალიზების მდგომარეობაში.

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების კონტურები დაახლოებით მომდევნო 10 თვის განმავლობაში გამოიკვეთება, ეს პერიოდი იქნება გარდამტეხი იმიტომ, რომ უკრაინელებს კონტრშეტევა აუცილებლად უწევთ, ამ 10 თვის განმავლობაში, სავარაუდოა ვიხილოთ ლოკალური კონტრშეტევა შემოდგომის პირველ ნახევარში, უფრო მასირებული კი მომდევნო წლის გაზაფხულზე. ამ პერიოდში რუსები, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილები არ იქნებიან, შეეცდებიან შეტევას. ამასთანავე, ვიხილავთ არჩევნების შედეგებს ამერიკაში, ევროპაში ჩატარებულ არჩევნებს და, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური და სამხედრო კონტურები უკეთ გამოჩნდება წლის ბოლოსა და მომდევნო წლის დასაწყისში. მომდევნო 10 თვეში უკეთ გამოჩნდება, როგორ და რა ფორმით დასრულდება ომი იმიტომ, რომ თუ ის შევიდა ჩიხში, შემდგომ ძალიან გაჭირდება რომელიმე მხარემ დაიბრუნოს სრული ინიციატივა. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთ მხარეს მომდევნო 10 თვის განმავლობაში ექნება ისეთი ხელშესახები უპირატესობა, რომელიც უკეთ წარმოაჩენს შემდგომ შესაძლებლობას ერთი ან მეორე მხარისთვის“.

იხილეთ ასევე: