ავტორი:

"სავიზო შეზღუდვები "მარტივ" სანქციებად ითვლება, რადგან ტოვებს განცდას, რომ ობიექტს მხოლოდ აშშ-ში შესვლა ეზღუდება, სინამდვილეში..." - როგორია პროგნოზი აშშ-ის მორიგი მკაცრი ნაბიჯის შემდეგ?

"სავიზო შეზღუდვები "მარტივ" სანქციებად ითვლება, რადგან ტოვებს განცდას, რომ ობიექტს მხოლოდ აშშ-ში შესვლა ეზღუდება, სინამდვილეში..." - როგორია პროგნოზი აშშ-ის მორიგი მკაცრი ნაბიჯის შემდეგ?

გუშინ აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

"აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე, როგორც ქართველი ხალხი სურვილს.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა უკვე ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა. ამის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო აკრძალვის პოლიტიკა... დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვაწესებთ სავიზო აკრძალვებს ათეულობით პირზე და მათ შორის, ოჯახის წევრებზე, მათზე ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლებაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე... სანქციების ამ პირველ ნაკადში, მოიაზრებიან "ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის წევრები, პოლიცია და კერძო პირები", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

  • მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ მას კანონი უკრძალავს, დაასახელოს კონკრეტული პირები, ისინი, ვისაც სავიზო აკრძალვა შეეხო.

"არ შემიძლია კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება. შეგახსენებთ, რომ კანონით, კონფიდენციალურია სავიზო ინფორმაცია. როგორც აღვნიშნე, ეს შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის გავრცელებაზე, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე და ეს არის ჩვენი ქმედებების სერიის მხოლოდ პირველი ნაკადი".

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გვეუბნება, პროგნოზი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის, რადგან ნებისმიერი სანქცია და ურთიერთობების გაფუჭება ხელისუფლებასთან, აუცილებლად აისახება სახელმწიფოსა და თითოეულ მოქალაქეზე, ხოლო იზოლაციაში მოქცეული ხელისუფლება, რომელიც სანქციებს ელოდა და პირველი ეტაპისთვის ფინანსურ მომზადებას მოასწრებდა, ამას აუცილებლად გამოიყენებს შიდა მოხმარებისთვის, რათა ისევ დასავლეთი დაადანაშაულოს სუვერენიტეტის შელახვაში.

"სავიზო შეზღუდვები ერთის მხრივ ყველაზე "მარტივ" სანქციებად ითვლება, რადგან ტოვებს განცდას, რომ ობიექტს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეზღუდება, თუმცა, სინამდვილეში ეს ძალიან დამაზიანებელი აქტია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე, სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის. აქ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამგვარ განვითარებაზე და ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები ამ ფაზაში შევიდა, ან საგარეო პოლიტიკის სრული ჩავარდნაა, ან საგარეო კურსის, ვექტორის შეგნებული ცვლილება. ორივე მათგანი პასუხისმგებლობას იწვევს.

პირველ რიგში, ხაზგასასმელია, რომ როდესაც ქვეყნის ხელისუფლება სანქცირებულია რაიმე ფორმით, ნებისმიერი პოზიტიური კონტაქტი, თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმატი, თუ პლატფორმა შეფერხებულია და ხდება ურთიერთობების გადახედვა. ბუნებრივია, თუკი ასანქცირებ ქვეყნის ხელისუფლებას, თანაც დემოკრატიის ძირის გამოთხრის, რუსული პროპაგანდის გავრცელების, ძალადობის წახალისების ბრალდებით, მათთან აღარ საუბრობ დახმარებისა თუ თანამშრომლობის წარმატებულ პროექტებზე და ურთიერთობებიც აუცილებელ მინიმუმამდე გყავს დაყვანილი. საგულისხმოა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა, ფაქტობრივად, თანხვედრაშია აშშ-სთან, ხოლო ევროკავშირი, მიუხედავად გარკვეული განსხვავებებისა, ასევე ითვალისწინებს ამერიკის ძირითად ხაზს.

სანქციებზე გაცილებით დამაზიანებელია ის განცხადება, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გაჟღერდა და რაც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ყოველმხრივ გადახედვას ითვალისწინებს. სახელმწიფო მდივნის ადრინდელი და პრეს-სპიკერის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, რომ ეს პროცესი, სამწუხაროდ დაწყებულია.

გარდა ეკონომიკის, საბანკო, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, კულტურისა და მეცნიერების სფეროში უამრავი წარმატებული პროექტისა, შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა პირდაპირ აცოცხლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს:

სამხედრო აღმშენებლობა პირდაპირ არის მიბმული საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ქართული ჯარის აღჭურვა, შეიარაღება, წვრთნები ნატოს, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, ფინანსური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, თუ სამხედრო დახმარება პირდაპირ აშშ-ის პატრონაჟით ხორციელდება. ამ საუკუნის დასაწყისში "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით" დაწყებული, ამ დახმარების ხარჯზე ქართული ჯარი და მთლიანად თავდაცვის სისტემა სანდო პარტნიორად გადაიქცა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი მეგობარი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე ეხმარებიან საქართველოს თავდაცვის ძალებს, ამერიკული დახმარების უწყვეტობა გადამწყვეტი ფაქტორია. ამ ურთიერთობების შეფერხება გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს ქართულ თავდაცვის ძალებს.

ქართული სპეცსამსახურების და პოლიციის ძლიერება სწორედ ამერიკული მხარის მრავალწლიანი ტექნიკური, ტექნოლოგიური, ინფორმაციული, ინტელექტუალური, თუ ფინანსური დახმარების ხარჯზეა მიღწეული. დეტალებზე საუბარი ღია ფორმატში შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, სწორედ ამერიკის დახმარებით და თანამედროვე ანტიტერორისტული დანაყოფის ჩამოყალიბებით განეიტრალდა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში რუსული მუქარა პანკისის დაბომბვასთან და საერთო ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის ხელმეორე ოკუპაციას ნიშნავდა.

შეერთებული შტატების როლი გადამწყვეტია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტული რეჟიმების არაღიარების პოლიტიკაში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ წარმატებით ხორციელდება. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლება ცდილობს საუბარი ისევ რუსული პროპაგანდის სტილში წარმართოს და ამომრჩეველს უთხრას, თითქოს ვინმე საქართველოს ამ რეგიონების აღიარებით ემუქრებოდეს. ბუნებრივია, ეს ასე არ არის, უბრალოდ რუსეთი დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსს ხარჯავდა და ხარჯავს აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და წყნარი ოკეანის ქვეყნების მთავრობებთან აღიარების მისაღწევად. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ამერიკის ფაქტორი, საგარეო პოლიტიკაში არაღიარების პოლიტიკის უპირობო მხარდაჭერა, ზოგჯერ კი წნეხიც აკავებთ ამ ქვეყნებს მსგავსი დამაზიანებელი ნაბიჯის გადადგმისაგან. ცხადია, სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გადახედვა ამ მიმართულებაზეც ნეგატიურად აისახება.

შეერთებული შტატები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი იყო. ამას გარდა, მისი ნებისმიერი ადმინისტრაცია ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისას. რამდენად შეძლებს საქართველო რეალური სუვერენიტეტის დაცვას იმ პირობებში, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ამ ფორმებს იღებს, ადვილი მისახვედრია. რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხის სანაცვლოდ, რუსული პროპაგანდა ამომრჩეველს „სუვერენიტეტად“ ვიღაცის სქესობრივი ურთიერთობების, პირადი ცხოვრების, გამოხატვის თავისუფლების კონტროლს ასაღებს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, აქედან გამომდინარე შედეგებით.

პროგნოზი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის, რადგან ნებისმიერი სანქცია და ურთიერთობების გაფუჭება ხელისუფლებასთან, აუცილებლად აისახება სახელმწიფოსა და თითოეულ მოქალაქეზე, იზოლაციაში მოქცეული ხელისუფლება, რომელიც სანქციებს ელოდა და პირველი ეტაპისთვის ფინანსურ მომზადებას მოასწრებდა, ამას აუცილებლად გამოიყენებს შიდა მოხმარებისთვის, რათა ისევ დასავლეთი დაადანაშაულოს სუვერენიტეტის შელახვაში“.

წაიკითხეთ ასევე: