ავტორი:

დრამებით სავსე ღამე და მაკრონის "ბომბი" - ევროპარლამენტის არჩევნებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია იმარჯვებს: როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი?

დრამებით სავსე ღამე და მაკრონის "ბომბი" - ევროპარლამენტის არჩევნებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია იმარჯვებს: როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი?

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას დასრულდა. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდა, თუმცა რიგ ქვეყნებში მანამდეც გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები.

ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა "ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა.

  • "ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი: უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სურს გააგრძელოს მუშაობა მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი. ამასთან, ფონ დერ ლაიენის თქმით, არჩევნები არ ტარდება ვაკუუმში.

"ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს”, - დაასკვნის ის.

  • მემარჯვენეების ტრიუმფი

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

  • Reuters-ი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის და განაცხადა, რომ ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

”ეს არის სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ენდობა "ფრანგების შესაძლებლობებს, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი მათთვის და მომავალი თაობებისთვის".

მისივე თქმით, საფრანგეთს სჭირდება "მკაფიო უმრავლესობა, რათა შეძლოს სიმშვიდითა და ჰარმონიით მუშაობა“ და განაცხადა, რომ "მოისმინა“ ფრანგების გზავნილი და წუხილი.

”მე მათ უპასუხოდ არ დავტოვებ”, - აღნიშნა მაკრონმა.

მედიის ცნობით, საფრანგეთში წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" (RN) ხმების 31,5%-ით ლიდერობს, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის "რენესანსის" პარტიასთან შედარებით. "რენესანსი", რომელსაც ვალერი ჰეიერი ხელმძღვანელობს, მეორე ადგილზე გავიდა ხმების 15,2%-ით. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო.

Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე გადაიტანა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, როდესაც მისმა "სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ევროპის არჩევნებში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და "კონსერვატორებისა“ და ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

რაც შეეხება იტალიას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯო მელონის პოზიცია გაძლიერდა, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა - "იტალიის ძმები" ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

პოლონეთში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტული "სამოქალაქო კოალიცია" იმარჯვებს, რომელიც "ევროპის სახალხო“ პარტიის წევრია. ესპანეთშიც მემარჯვენე-ცენტრისტული "სახალხო პარტია“ ლიდერობს, რომელიც ასევე "ევროპის სახალხო“ პარტიის ნაწილია და რომელიც, შედეგებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ "მუშათა პარტიას“ უსწრებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, მაგრამ უფრო მცირე სხვაობით, ვიდრე პროგნოზირებული იყო.

ნიდერლანდებში, წინასწარი შედეგების თანახმად, "ლეიბორისტებ“/“მწვანე მემარცხენეების“ კომბინაციამ რვა ადგილი მოიპოვა და გეერტ უილდერსის პარტია დაამარცხა.

Euronews-ის თანახმად, მემარჯვენეების მიღწეულმა შედეგებმა შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროპარლამენტში. ამის გარდა, მემარჯვენეთა წარმომადგენლებს შეეძლებათ იბრძოლონ ევროკავშირში, მათ შორის ევროკომისიაში, ხელმძღვანელი თანამდებობებისთვის.

მაგრამ საბოლოოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ სხვადასხვა მემარჯვენე ძალები ერთმანეთთან თანამშრომლობას: მაგალითად, მათ შორის რამდენიმე არსებითი უთანხმოებაა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების თემაზე, თუმცა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში პირიქით, ისინი ძირითადად ერთსულოვანნი არიან.

წაიკითხეთ ასევე: