საქართველოს მთავრობამ დანაშაულის იმიტაცია შექმნა?

საქართველოს მთავრობამ დანაშაულის იმიტაცია შექმნა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ებრაელი ბიზნესმენების, ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. ორი თვის წინ სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა მესამე პიროვნება, საბერძნეთის მოქალაქე იოანის კარდასოპოლუსი და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამივეს ბრალი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძისთვის ქრთამის შეთავაზებაში ედება. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი ხარაიძეს სთხოვდნენ, დაერწმუნებინა მთავრობა, არ გაესაჩივრებინა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ბიზნესმენებისთვის 100 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. სამართალდამცველებმა რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ელით.

არჩილ კბილაშვილი, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ადვოკატი:

- მართალია, ფრენკელი და ფუქსი ერთად დააკავეს, მაგრამ ფუქსმა და ბერძენმა იოანის კარდასოპოლუსმა. 2010 წლის მარტში ლონდონში, საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრში, კონტრაქტის გაწყვეტისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მოიგეს. საქართველოს სახელმწიფომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბაინდურაშვილმა თავის მოადგილე ავთანდილ ხარაიძეს დაავალა, დაჰკავშირებოდა დავაში გამარჯვებულ მხარეს და გადასახდელი თანხის რაოდენობისა და პირობების შესახებ მათ მოლაპარაკებოდა.

ფრენკელი მათ მიერ დაქირავებული თანამშრომელი იყო და ამ შემთხვევაში ის მედიატორის როლს ასრულებდა სახელმწიფოსა და ბიზნესმენთა შორის მოლაპარაკებებში. სახელმწიფო, ანუ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დაუკავშირდა ფრენკელს, რომ მისი მეშვეობით ფუქსს დაჰკავშირებოდა. ბრალდებას აქვს ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, მათი აზრით, ადასტურებს, რომ ფუქსმა და ფრენკელმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქრთამი - 7 მილიონი შესთავაზეს.

ვიდეოჩანაწერში საუბრობენ მინისტრის მოადგილე და ფრენკელი, ორ შემთხვევაში არის ფუქსიც. არადა, მათ საფუძველი არ ჰქონიათ, რომ 100 მილიონის მოგების შემთხვევაში ქრთამი შეეთავაზებინათ წაგებული მხარისათვის. ისაუბრეს მხოლოდ იმაზე, რომ აპელაციას მიაქვს ზედმეტი დრო და მისი დასრულების შემდეგ ამ გადაწყვეტილების აღსრულება პრობლემებს გააჩენდა. გართულების თავიდან ასაცილებლად მათ მიიღეს წინადადება: თუკი 65 მილიონ დოლარს გადაიხდიდნენ, უარს იტყოდნენ დანარჩენ 35 მილიონზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შესთავაზა მათ, რომ მორიგების თანხა - 72 მილიონი დოლარის ოდენობით განსაზღვრულიყო და მიღებული თანხიდან 7 მილიონი რეინვესტირების სახით განხორციელებულიყო საქართველოში, რასაც ქართული მხარე დაარქმევდა ინვესტიციას. ამით მთავრობა საზოგადოებას აუხსნიდა, რატომ იხდიდა ამხელა თანხას და ეს გაკეთდებოდა პიარისთვის. ებრაელებს სრულიად არ აინტერესებდათ, 65 მილიონის ზემოთ რას გადაიხდიდა მთავრობა. ისინი ხარაიძეს სახელმწიფოს წარმომადგენლად განიხილავდნენ და არა - ცალკე პირად. ფრაზაში, - 7 მილიონი გადმოგერიცხებათ, - იგულისხმება სახელმწიფო, და არა - ხარაიძე.

- თქვენ დააყენეთ ნიკა გილაურისა და კახა ბაინდურაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა. მოსამართლემ დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნა?

- ებრაელების დასარწმუნებლად, რომ სახელმწიფოსთან ჰქონდათ საქმე, პრემიერ-მინისტრმა გილაურმა მათ მოსაწვევი გაუგზავნა. გილაური წერდა, რომ იცის ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების შესახებ. იგი იწონებს წინა მოლაპარაკებებს და იწვევს ბიზნესმენებს ბათუმში იმ შეთანხმების ხელმოსაწერად, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან შედგა. ისინი ამ წერილს იშველიებენ, როცა აცხადებენ, საქართველოსთვის უნდა დაგვებრუნებინა ფული და არა - კერძო პირისთვისო. ეს მოლაპარაკება შედიოდა საქართველოს ინტერესში, რათა მას 100 მილიონზე ნაკლები გადაეხადა. ჩვენი შუამდგომლობა, მოწმედ დაკითხულიყვნენ გილაური და ბაინდურაშვილი, არ დაკმაყოფილდა

- თქვენ ხელთ გაქვთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რონი ფუქსი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა.

- რა თქმა უნდა. ეს მოსაწვევი გილაურმა გაუგზავნა ფუქსს, რომლის საფუძველზეც ის საქართველოში ჩამოვიდა. მოსაწვევი დევს საქმეში და ჩანს, რომ ეს ადამიანი მოტყუებით ჩამოიყვანეს საქართველოში....

ეს იყო წინასწარ ჩაფიქრებული და მომზადებული გეგმა, რომ ეს ადამიანები ჩამოეყვანათ საქართველოში და დაეპატიმრებინათ. ამით სახელმწიფო აირიდებდა იმ თანხის გადახდას, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა. ასეთია დაცვის აზრი. ახლა მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ანუ საქმეში არსებული დოკუმენტების გამოკვლევა.

- იოანის კარდასოპოლუსზე ძებნაა გამოცხადებული, ითქვა, რომ იმალება.

- არსად იმალება, ცხოვრობს საბერძნეთში, ისევე, როგორც აქამდე ცხოვრობდა. კარდასოპოლუსს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა და იძებნება. თუმცა ჩემთვის ცნობილია, რომ მან თვითონ შესთავაზა საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ოღონდ, რა თქმა უნდა, საქართველოში არ ჩამოვა.

- ცნობილია, რომ რონი ფუქსი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის მეგობარია. პერესი დაინტერესდა გამოძიების მიმდინარეობით და პრეზიდენტ სააკაშვილსაც დაურეკა. სხვა გამოხმაურება ხომ არ მოჰყოლია ამ სკანდალს?

- ამის შესახებ მეც პრესისგან ვიცი და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ შიმონ პერესმა დარეკა, რათა გამოძიება ობიექტურად წარმართულიყო. ისრაელში ეს თემა გამოწვლილვით გაშუქდა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაუგზავნა საკმაოდ მწვავე და კრიტიკული ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს. სხვათა შორის, რონი ფუქსი არა მარტო ისრაელის პრეზიდენტის მეგობარია, ძლიერი გავლენის მქონე პოლიტიკური პიროვნებაა ისრაელში.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებენ კი ებრაელი ბიზნესმენები საქართველოში სიმართლის დამტკიცებას და როგორია მათი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით?

- მათ მიაჩნიათ, რომ არიან უდანაშაულოები, მოატყუეს და შეურაცხყვეს. დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს მხარე არ აპირებდა თანხის გადახდას და ებრაელებთან მოლაპარაკება ვითომდა გადახდის სურვილით წამოიწყო. საქართველოს მთავრობამ შემოიტყუა ისინი ქვეყანაში, შექმნა დანაშაულის იმიტაცია და შეიპყრეს "დამნაშავენი". ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოზე დაცვის მხარე დაამტკიცებს სიმართლეს, თუ სასამართლომ მათი უდანაშაულობა არ ცნო, დავა სტრასბურში გაგრძელდება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ