ავტორი:

"გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურება მოსალოდნელიც იყო" - რა იცვლება ევროპისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე?

"გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურება მოსალოდნელიც იყო" - რა იცვლება ევროპისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე?

ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა "ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა "სოციალისტებისა“ და "დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა "ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, "მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს.

მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

"ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

“ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი: უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სურს გააგრძელოს მუშაობა "მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი.

ამასთანავე, ფონ დერ ლაიენის თქმით, არჩევნები არ ტარდება ვაკუუმში.

"ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს", - აცხადებს ის.

რას შეცვლის ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი ევროპის პოლიტიკაში, რა სიგნალია ჩვენთვის ის, რომ ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს ექნება და, საბოლოო ჯამში, მოახდენს თუ არა ეს ყველაფერი გავლენას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ საკითხებზე ambebi.ge-ს პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:

"ალბათ უნდა დავსვათ კითხვა, ჩვენ რას გავაკეთებთ, თორემ ევროპარლამენტში, პრინციპში, არჩევნები დამთავრდა იმ შედეგით, რა შედეგიც მოსალოდნელი იყო, აქ რამე ისეთი განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა - მიუხედავად მანდატების რაოდენობაში მცირედი ცვლილებებისა, მაინც უმრავლესობაში დარჩა იგივე ძალა, რომელიც აქამდე იყო. შესაბამისად, იმავე მიმართულებით გაგრძელდება ევროკავშირის პოლიტიკაც. რაც შეგვეხება ჩვენ, აქ უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ რას ვიზამთ და როგორ გავაგრძელებთ - გავაგრძელებთ ისე, როგორც ახლა ვართ, როდესაც ყველგან კონსპირაციების თეორიები და გლობალური ომის პარტია გველანდება, თუ დავუბრუნდებით რეალობას და რეალურად ვიზრუნებთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ასე რომ, როგორ განვითარდება საქართველოს ევროპული წინსვლა, ეს თავიდან-ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული.

ევროპარლამენტში პარტიების განლაგებას თუ შეხედავთ, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პარტიას, ვისთანაც "ქართულ ოცნებას“ პარტნიორული ურთიერთობა აქვს, ალბათ ამაზე უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე სხვა რამეზე იმიტომ, რომ ისინი არ არიან არცერთი ალიანსის წევრები, მათ არ ჰყავთ არცერთი მოძმე პოლიტიკური გაერთიანება ევროპარლამენტში, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნის მმართველი პარტიისათვის, თუ ის მიისწრაფვის ევროინტეგრაციისაკენ. "ოცნებაში“ ამას თუ ხვდებიან, კარგია, თუ ვერა - მით უარესი. მათი საქმეა, გააგრძელებენ თუ არა იმ კონსპირაციებში ჩაკარგვას, სადაც ბოლო პერიოდში დაიკარგნენ, თუ დაუბრუნდებიან რეალობას. მაგრამ რეალობა სხვაა და ჯერჯერობით, ვერაფერს სასიკეთოს ვერ ვხედავ ვერც მათ ქმედებებში და ვერც განცხადებებში.

რაც შეეხება გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურებას, ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა გერმანიაში მათ მაინც ვერ აიღეს ის რაოდენობა, რასაც ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა. ეს უფრო საინტერესოა თვითონ შიდა ევროპული და შიდა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტენდენციის შესწავლისათვის, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკისთვის. ზოგადად, ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ტალღა ტრენდული იყო მთელ ევროპაში გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად, პოპულიზმი და ეს თემები აქტუალური გახდა. მიუხედავად ამისა, მათ ვერ აჩვენეს ის, რასაც ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა და ეს ლოგიკურია იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ამომრჩეველი არის პრაგმატული ამომრჩეველი. რაც შეეხება საფრანგეთს, იქ ძალზე საინტერესო რაღაცები მოხდა - კი, მაკრონის საკითხი ცალკე თემაა და არა ევროკავშირს, უფრო შიდა პრობლემებს უკავშირდება, ამიტომაც დაითხოვა მაკრონმა პარლამენტი, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ლეპენის წარმატების მიუხედავად, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში რაღაცა ცვლილებები შეიძლება მოხდეს. საფრანგეთში ახალი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, იქ ყოველთვის საინტერესო სიტუაციაა ხოლმე იმ მხრივ, რომ როდესაც ამა თუ იმ ძალას აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ევროპარლამენტში პირიქით ხდება - ოპოზიცია მეტს იღებს ხოლმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს უფრო შიდა ამბებია და მას ნაკლებად აქვს კავშირი იმ ვითარებასთან, რაც ევროკავშირში ჩამოყალიბდა“.

იხილეთ ასევე: