რა წერილი გაუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოსო შატბერაშვილს

რა წერილი გაუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოსო შატბერაშვილს

სოსო შატბერაშვილი ახალ წელს შვილიშვილთან ერთად შეხვდა. ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი 2010 წელს ბაბუა გახდა. ნაახალწლევს ბატონ სოსოს ლეიბორისტთა ოფისში შევხვდი და ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრე.

- ბატონო სოსო, როგორ იახალწლეთ ლეიბორისტებმა?

- ეს დღესასწაული სიხარულსა და სიახლესთან არის დაკავშირებული. რაც უნდა სევდიანი იყო, ამ დღეს მაინც ამაღლებულ განწყობაზე უნდა შეხვდე. ლეიბორისტებმაც არ დავარღვიეთ ეს ტრადიცია და კარგი განწყობით შევხვდით ოჯახებში. მეორე და მესამე დღეს პარტიის წევრები ერთად შეიკრიბნენ რაიონების მიხედვით და ერთად გაატარეს ბედობის დღე.

- ქუჩაში ახალი წლის შეხვედრა მისაღებია თქვენთვის?

- არანაირი ქუჩის კონცერტი! რა უნდა ქუჩაში ადამიანს ახალ წელს. შესაძლებელია, თინეიჯერები გავიდნენ ამ დღეს ქუჩაში, მაგრამ ზრდასრული ადამიანები შინ უნდა შეხვდნენ 12 საათს. 12 საათის შემდეგ მეც გავედი სახლიდან, ჩემს შვილთან ვიყავი. ეს წელი გამორჩეული იყო ჩემთვის იმით, რომ პირველ ახალ წელს შევხვდი ბაბუის რანგში. შვილიშვილის, პატარა ქეთევანის სანახავად წავედი სწორედ ახალი წლის ღამეს.

- საახალწლო გადაცემებს თუ უყურეთ?

- რა თქმა უნდა, ვუყურე, მაგრამ მცირე დოზით. ვერც ერთ ქართულ არხზე ვერ აღმოვაჩინე ისეთი გადაცემა, რომლითაც საახალწლო განწყობას შევიქმნიდი. თბილისის კონცერტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, იმდენად დაბალი ხარისხის იყო. ბათუმს კიდევ არა უშავდა, ბოლოს და ბოლოს, ბოჩელი მღეროდა, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რამდენი მილიონია გადახდილი მის ჩამოყვანაში... ერთი მილიონი მარტო მეგრული ნანა დაუჯდა სახელმწიფოს დომინგოს შესრულებით. მეგრელების გულის მოსაგებად შეასრულებინა პრეზიდენტმა ეს სიმღერა პლასიდო დომინგოს.

- თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- ტრადიციული ჟურნალისტური შეკითხვაა (იღიმის) მაქვს!.. რომც არ მქონდეს ინფორმაცია, ასეთი დონის მომღერლები მილიონზე ნაკლებად სიმღერას არ ასრულებენ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. მსგავსი დონის მსახიობების მოწვევა საქართველოში უფასოდაც შესაძლებელი იყო. თუ მათ აუხსნი, რომ ეს არის კონფლიქტური ზონა, აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორია, აქ არის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოვიდოდნენ და უფასოდ იმღერებდნენ. მაგრამ ჩვენ როგორ გვეკადრება თავის დამცირება. მაინცდამაინც ფული უნდა ვყაროთ ხელუკუღმა. მართალია გვიჭირს, უამრავი უმუშევარი გვყავს, მაგრამ მაინც გვილხინს და გვემღერება... თბილისს დედაქალაქის ფუნქცია დაუკარგეს. ნელ-ნელა თბილისიდან ვიპარებითო, ბრძანეს. ხელისუფლების ნაწილი ბათუმში იპარება, ნაწილი - ქუთაისში, თბილისი, ფაქტობრივად, დასაბრუნებელი გვაქვს, როგორც დედაქალაქი. ბათუმში უფრო მეტ ფულს ხარჯავს სააკაშვილი, ვიდრე თბილისში, იმიტომ, რომ თვითონაც იქ ერთობა თავის ამალასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უგემოვნოა სახელისუფლებო ელიტა. ისიც არ იცის, როგორ მოაწყოს საახალწლო კონცერტები ისე, როგორც ეკადრება მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ერს. თბილისის კონცერტი იყო მარაზმი. შემსრულებლებს არაფერს ვერჩი, უგემოვნო იყო სცენარი, რეჟისურა. მსგავს კონცერტებს მართავენ სახელისუფლებო რეჟისორები, რომლებსაც ერთი დამსახურება აქვთ ხელისუფლების წინაშე - ჰიმნები დაუწერონ ხელისუფალთ და მერე უმღერონ. ასეთ ჰიმნებს წერენ მხოლოდ უნიჭო ადამიანები. გაგიგიათ, ზაქარია ფალიაშვილს რომელიმე ცეკას მდივნისთვის ჰიმნი დაეწეროს? ხელისუფალთ ჰიმნებს უწერენ მხოლოდ ისეთი უნიჭო კომპოზიტორები, როგორიცაა ჩვენი ბლანჟეიანი მინისტრი, ბატონი ხაჩიძე. რეჟისორებიც ასეთივე უნიჭო ჰყავთ, ეს იგრძნობოდა საახალწლო კონცერტიდან.

- ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ მოგილოცეს ახალი წელი?

- ხელისუფლების მთავარმა წარმომადგენელმა, მიხეილ სააკაშვილმა მომილოცა ახალი წელი ტელევიზიით და, რა თქმა უნდა, მაშინვე სხვა არხზე გადავრთე. როგორც კი პატრიარქის მილოცვა დამთავრდა და ჩაერთო სააკაშვილის პორტრეტი მესტიიდან, მაშინვე მოვიმარჯვე პულტი.

- განახლებულ მესტიაში უკ­რაინელებმა დარი-დური რომ გვიმღერეს ქართულად, ამაზე რას იტყვით?

- ჰო, ბარიდან და რესტორნიდან გამოყვანილი მომღერლები ჩამოიყვანეს. უკრაინაში გაცილებით უკეთესი ესტრადაა, ვიდრე ჩვენ ვნახეთ მესტიაში. თუმცა კიევის ოპერის თეატრში ჩემი სტუდენტობის დროს ქართველ მომღერლებს იწვევდნენ და საკმაოდ დიდ ჰონორარებს უხდიდნენ. ასე რომ, უკრაინელებს ჩვენ იქით ვეხმარებოდით სახელოვნებო კადრებით, მაგრამ არც ისეთი მდარე დონის მომღერლები ჰყავთ უკრაინელებს, როგორიც ჩვენ ჩამოგვიყვანეს სვანეთში. ეს სამარცხვინო იყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლებისგან აღარაფერი მიკვირს, ბულვარული გართობის მოყვარულნი არიან.

- მეგრულ ნანაში დომინგოს შესრულებით მილიონი გადაიხადესო, ბრძანეთ, უკრაინელების დარი-დურიში რამდენი გადაიხადეს, ესეც ხომ არ იცით?

- ეგენი ძალიან იაფფასიანი მომღერლები არიან, ძალიან!

- მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ ხათუნა გოგორიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა წერილი გამოგიგზავნეს.

- მსგავსი წერილი არ მიმიღია.

- ქალბატონმა ხათუნამ მი­თ­ხრა, თქვენ გითქვამთ, რომ მას აქვს ვილა პარიზში, ხოლო ბატონ პეტრეს ედინბურგში. თურმე ქალბატონ ხათუნას პარიზი მაინცდამაინც არ ხიბლავს და გადაწყვიტა, თავისი ვილა ბატონ პეტრეს გადაუცვალოს ედინბურგის ვილაში. ერთი პრობლემა აქვთ, მისამართები არ იციან და ამიტომ მოგმართეს წერილობით, იქნებ, მოგვწეროს მისამართები და მადლობის ნიშნად გარკვეულ თანხით ლეიბორისტების ბიუჯეტს გავამდიდრებთო.

- (იცინის). ეს წერილი ნამდვილად არ მიმიღია, მაგრამ რა პრობლემაა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვუპასუხებ, რომ ჩავსულიყავი პარიზში ან ედინბურგში, აუცილებლად ვიკითხავდი, სად მდებარეობს მათი ვილები. მაგრამ, სამწუხაროდ, მისამართები არ ვიცი. ბატონი პეტრე ჩემს მეზობლად ცხოვრობს თბილისში და კარგად ვიცი მისი სახლი, რომ დავდივარ ამ ქუჩაზე, ვტკბები მისი სახლის სილამაზით. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, ეს სახლი ნამდვილად ლეგალური თანხებით შეიძინეს. მამამისმა ბინები გაყიდა და იმით ააშენეს. არ ვიცი, რა თანხებით შეიძინეს ედინბურგის ბინა, მაგრამ ამ ბრალდების მერე შოტლანდიური პრესა გამომეხმაურა და დამიდასტურა, რომ...

- ბატონ პეტრეს ვილა აქვს იქ?

- არა, შოტლანდიაში ბატონი პეტრე ასეთი ცნობილი არ არის, დამიდასტურეს, რომ ედინბურგში მართლაც არსებობს ქართველების უბანი. ასე რომ, გადაცვლა რა საჭიროა, ქალბატონმა ხათუნამ ედინბურგში შეიძინოს ბინა, ქართველების უბანი ყოფილა იქ და არ მოიწყენს, ბატონმა პეტრემ პარიზში იყიდოს ახალი ვილა. ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

- თქვენ ისიც გეცოდინებათ, ყველაზე კარგი ვილა ვის აქვს საზღვარგარეთ ხელისუფლებიდან?

- როგორც ვიცი, ყველაზე კარგი ვილა მიხეილ სააკაშვილს აქვს მექსიკაში. 7 ნოემბრის მოვლენებამდე შეიძინა მიხეილ სააკაშვილმა მილიარდ დოლარად მიწის ნაკვეთი, სადაც არა მარტო ვილაა განთავსებული, არამედ სასტუმროები, კაზინოები, სპორტული კომპლექსები და რესტორნებია გაშენებული.

- ფოტომასალაც ხომ არ გაქვთ?

- მექსიკა ცოტა დახურული ქვეყანაა და ფოტომასალა არ მაქვს. სხვათა შორის, გოგორიშვილი-ცისკარიშვილის ვილების ამბავს ინგლისური პრესა გამოეხმაურა. თუ ჩემს ამ ინტერვიუს მექსიკური პრესა გამოეხმაურება, დამიდასტურებს ან უარყოფს, ძალიან კარგი იქნება.

- ბოლო დროს საზოგადოების განსჯის საგანი გახდა ის ფაქტი, რომ ლეიბორისტები თვითმარქვია გერმანულმა ლეიბორისტულმა პარტიამ გააცურა და მასპინძლობა აიძულა. ამის ფოტომასალაც არსებობს...

- ეს იყო 5-6 წლის წინ. ჩვენთან ბევრი უცხოელი ჩამოდის, განსაკუთრებით ჩვენი მონათესავე პარტიის წარმომადგენლები. მე შემიძლია გაჩვენოთ ინგლისელი ლეიბორისტების სავიზიტო ბარათები, ინგლისელი პარლამენტარების სავიზიტო ბარათები. თურქეთიდან ჩამოდიან ჩვენთან, ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან. სენატორი მაკკეინი, მეთიუ ბრაიზა ჩვენთან ბრძანდებოდნენ სტუმრად. შესაძლოა, გერმანიიდანაც იყო ვინმე. რაც შეეხება ფოტომასალას, მე ხშირად მიწევს სტუმრების გამასპინძლება, სუფრასთან თამადობა. შესაძლოა, ასეთი რამ იყო, კარგად არ მახსოვს, ახლა რატომ ამოქექეს ეს ამბავი, არ ვიცი და არც მაინტერესებს.

- არ გადაგიმოწმებიათ, ვის უმასპინძლდებოდით?

- ნამდვილად არ მოგვიძიებია, რატომ უნდა გადაგვემოწმებინა.

- ხვალ რომ "ცირკაჩები" ჩამოვიდნენ რომელიმე ქვეყნიდან და ლეიბორისტებად გაგეცნონ, უნდა მოტყუვდეთ?

- ასე არ ხდება... ვიღაცას ხუმრობა მოუნდა ალბათ. მას შემდეგ 5-6 წელი გავიდა, კარგად არც მახსოვს მათი სტუმრობა.

- დასასრულ, მითხარით, რო­გ­ორი იყო 2010 წელი თქვენი პა­რ­ტიისთვის და რას ელით 2011 წლისგან?

- ჩვენ მოვიგეთ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში და შევიტანეთ ახალი სარჩელი ჰააგის სასამართლოში. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი. კიდევ მრავალი ახალი წევრი შემოგვემატა პარტიაში.

- რას უსურვებთ ხელისუფლებას?

- უსისხლოდ წასვლას. თუ ყოველგვარი მიტინგების, დაპირისპირების გარეშე ჩაგვიტარებს თავისუფალ არჩევნებს, თუნდაც ამავე კოდექსით, ისინი უსისხლოდ წავლენ და მაშინ მათ შეიძლება, მორალურადაც და იურიდიულადაც რაღაც-რაღაცები ეპატიოთ კიდეც. არანაირი შურისძიება ლეიბორისტული პარტიის მხრიდან არც ძალოვან სტრუქტურებზე, არც სამხედროებზე და არც პოლიტიკოსებზე არ იგეგმება. დაისჯებიან მხოლოდ კონკრეტული პირები: პატარკაციშვილის, გირგვლიანისა და ჟვანიას მკვლელები.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე