დამსკდარი და გაუხეშებული კანი, ესთეტიკურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, მტკივნეულიც არის, ამ უსიამოვნების მოგვარება კი მარტივად შეიძლება.
დაიბანეთ ხელები
ხელების მოვლა ჰიგიენური პროცედურით უნდა დაიწყოთ. მისი მიზანი ჭუჭყისა და ოფლის ჩამორეცხვაა. ამგვარი ჰიგიენური პროცედურისთვის კარგია რბილი წყალი. ამისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი საკვები სიდა გამოიყენოთ - 1 ლიტრ წყალზე 1 სადილის კოვზი საკვები სოდა. გაითვალისწინეთ: ხელები მხოლოდ თბილი წყლით უნდა დაიბანოთ. ცივი წყალი ხელის კანს აუხეშებს, ცხელი კი მომჩვარულს ხდის.
დაბანის შემდეგ ხელებზე წაისვით მკვებავი კრემი, რომელიც კანს ელასტიკურსა და გლუვს ხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ კარგია, თუ დილა-საღამოს ხელებზე დეზინფექციისთვის გვირილის, სიმშრალისა და გაღიზიანების მოსახსნელად გლიცერინის, დასატენიანებლად ალოეს, კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესის დასაჩქარებლად E ვიტამინის შემცველ ხელის კრემებს გამოიყენებთ.
ხელების კანის დასარბილებლად შინაურ პირობებში ნატურალური პროდუქტებით დამზადებული ლოსიონიც გამოგადგებათ:
ერთმანეთში კარგად აურიეთ ნახევარი ჭიქა წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, მეოთხედი ჩაის კოვზი ბორაკი, 2 სადილის კოვზი გლიცერინი. მიღებული მასა ყოველდღიურად შეიზილეთ ხელებზე ძილის წინ.
იდაყვები
არასასიამოვნოა იდაყვებზე გაუხეშებული კანიც. ამ პრობლემის მოგვარებაში შემდეგი ნიღაბი დაგეხმარებათ:
ერთი კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ ისე, რომ სქელ ქაფად იქცეს, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი და ცოტაოდენი პურის ფქვილი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. ნიღაბი გასუფთავებულ იდაყვებზე წაისვით და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კარგად მოქმედებს გლიცერინის ნიღაბიც: 60 გრამ გლიცერინს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი, კარგად აურიეთ, წაისვით იდაყვებზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)