"უმუშევრების მეტი რა გვყავს, ბურები კი არა, ჯერ ისინი დავასაქმოთ!"

"უმუშევრების მეტი რა გვყავს, ბურები კი არა, ჯერ ისინი დავასაქმოთ!"

ამხრეთაფრიკელი ბურების საქართველოში ჩამოსახლებაზე უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, მათი ჩამოყვანა უკვე გადაწყვეტილია, რადგან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ "სამხრეთ აფრიკის ეროვნული აგრარული კავშირის" წარმომადგენელ ბენი ვან ზილთან ერთად ოფიციალურ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, ბურებმა საქართველოს აგრარულ სექტორში ინვესტიციები უნდა ჩადონ. ბურების ჩამოყვანის იდეამ ჩვენს საზოგადოებაში თავიდანვე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გვესაუბრება პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე:

- სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა მოხდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რა მდგომარეობა შეექმნათ ბურებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში იქ მშვენივრად ცხოვრობდნენ, ახლა კი წამოსასვლელად აქვთ საქმე? გავიხსენოთ, რამდენი უცხოელი ცხოვრობს საქართველოში და თითქმის ყველასთან გართულებული გვაქვს ურთიერთობა, ებრაელების გარდა. ყველა რაღაცას გვედავება. რა საჭიროა კიდევ სხვა ეთნიკური ელემენტის დამატება? მესმის, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენთან ჩავარდნილია და ბურები კარგი მეურნეები არიან, მაგრამ შეუქმნან ქართველებს პირობები, დაასახლონ დაცარიელებულ მიწებზე, რომელიც ბევრი გვაქვს. დაეხმაროს სახელმწიფო, აზრი რომ ჰქონდეს აქ სოფლის მეურნეობის წარმოებას. უმუშევარი ხალხის მეტი რა გვყავს, წაიყვანონ, აუხსნან, აჩვენონ, სად რა არის, როგორც ამ ბურებს აჩვენებენ. საქართველოში უცხოელების ჩამოსახლება ჩემთვის გაუგებარია.

რა, ქართველმა გლეხმა არ იცის თავისი საქმე? საუკუნეების განმავლობაში არჩენდა ის თავის ოჯახსა და ქვეყანას. გამოიყენონ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ეს ძვირფასი გამოცდილება. ბურებმა კი არა, მთავრობამ ჩადოს ფული და დაეხმაროს ქართველებს, რომ სოფლის მეურნეობა აღდგეს საქართველოში არა სხვისი, არამედ ქართველი კაცის ხელით.

- მით უმეტეს, უზარმაზარი თანხა იხარჯება ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სულაც არ არის.

- აი, სწორედ ეს არის საქმე! ნუ დახარჯავენ ფულს რაღაც-რაღაცებში და იმ საქმეში დახარჯონ, რასაც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არა მგონია, ბურებმა კახეთში კახელ გლეხზე უკეთესი მოსავალი მოიყვანონ. თანაც, სამხრეთ აფრიკაში სულ სხვა ბუნებრივი პირობებია, ჩვენთან - სულ სხვა. ქართველ კაცს თავისი მიწისათვის არასოდეს უღალატია. მამაჩემის ძმა აპოლონ ლორთქიფანიძე, თავადი იყო, ცოლადაც თავადის ქალი ჰყავდა - ვერა მიქელაძე. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა წაართვეს ყველაფერი, სახლი ნაწილ-ნაწილ დაუშალეს და წაიღეს. დაუტოვეს მხოლოდ ნაწილი თავისი მიწისა. ამ კაცმა, რომელსაც თავის ცხოვრებაში დროს ტარების, ნადირობისა და წიგნის კითხვის მეტი არაფერი გაუკეთებია, თოხსა და ბარს ხელი მოჰკიდა, უბრალო გლეხივით შრომობდა და ოჯახს ინახავდა. ასევე იყო მისი მეუღლეც. თუ იმხანად შეიძლებოდა საკუთარი მეურნეობით ოჯახის რჩენა, ახლა რატომ ვეღარ ხერხდება?

- დავუბრუნდეთ ბურებს, სხვათა შორის, ბევრი ამბობს, თავის დროზე დავით აღმაშენებელმაც ჩამოასახლა ყივჩაღები და მათ საქართველოსთვის ცუდი არაფერი მოუტანიათო.

- დავით აღმაშენებელს სჭირდებოდა ახალი სამხედრო ძალა საომარი ოპერაციებისათვის, რომლებიც საქართველოს ელოდა. ჩამოასახლა იმიტომ, რომ თურქ-სელჩუკთა ბატონობის შედეგად ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოწყდა. ყივჩაღები ძალიან მალე გაქრისტიანდნენ და გაქართველდნენ. მათი ნაწილი წავიდა თავის მხარეში, ნაწილი კი, ვინც აქ დარჩა, საქართველოს ერთგული იყო, თუმცა ერთი-ორჯერ შეთქმულებაც მოუწყვეს დავით აღმაშენებელს. ახლა კი 21-ე საუკუნეა და საქართველოში სხვა სიტუაციაა. ქართველების დიდი ნაწილი გასულია საქართველოდან და ეს ძალიან საგანგაშოა, რადგან ქართველი კაცი ყოველთვის მიჯაჭვული იყო თავის ფუძეს. მტერი რომ შემოიჭრებოდა და ხალხი ტყეებსა და გამოქვაბულებს შეაფარებდა თავს, როგორც კი განდევნიდნენ, უკლებლივ ყველა ბრუნდებოდა თავის ნასახლარზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ემიგრაციის შემთხვევები ყოველთვის იყო, მაგრამ ხალხი რომ მასობრივად წასულიყო ქვეყნიდან, ამის მსგავსი ჩვენთან არაფერი მომხდარა. ეტყობა, ამანაც გადაგვარჩინა ისტორიულად. ახლა კი რა ხდება? - ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი გასულია ქვეყნიდან. უმუშევრობამ და უსახსრობამ ბევრი ქართველი იძულებული გახადა, სამშობლოდან გადახვეწილიყო, მათ ნაცვლად უცხოელები უნდა ჩამოვიყვანოთ და გავამრავლოთ?

- მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული სიტუაციაა.

- უცხოელმა როგორ უნდა მომიგვაროს დემოგრაფიული სიტუაცია? სომხები და აზერბაიჯანელები რომ დასახლდნენ, გაუმჯობესდა საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია თუ პირიქით, გაუარესდა? ზოგიერთი უკვე ავტონომიას ითხოვს. საერთოდ, რა საჭიროა აქ უცხოელების ჩამოსახლება, არ მესმის. მით უმეტეს, რომ დემოგრაფიული ბალანსი ქვეყანაში ჩვენს საწინააღმდეგოდ იცვლება. 10-20 წლის შემდეგ ძალიან ცოტა ქართველი დარჩება საქართველოში. გამეორებაც კი არ მინდა, ისეთი მძიმე სტატისტიკური მონაცემები გვაქვს. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას უფრო მეტი გონივრულობა და წინდახედულობა გვმართებს. ბურებს ახალი ტექნიკა შემოაქვთო, ჩამოიყვანონ რამდენიმე კაცი, ქართველ გლეხს ასწავლონ ამ ტექნიკის გამოყენება და დაასაქმონ ასობით უმუშევარი ახალგაზრდა, მთელ დღეს ქუჩაში რომ დგას და არაფერს აკეთებს.

P.S. დავინტერესდით, რამდენი ოჯახის ჩამოყვანა იგეგმება საქართველოში და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურს მივმართეთ. პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა კირვალიძემ მოგვწერა: "ამ ეტაპზე სამხრეთაფრიკელი ფერმერების მხრიდან არსებობს გარკვეული დაინტერესება, ადგილზე შეისწავლონ საქართველოს საინვესტიციო გარემო და ამის შემდეგ განსაზღვრონ თავიანთი ინტერესების სფერო საქართველოში ბიზნესის დასაწყებად. დაინტერესებულ ბიზნესმენთა რიცხვის დადგენა ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, ეს იქნება რამდენიმე ათეული ბიზნესმენი, რომელიც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ჩამოვა და თავის ბიზნესს გადმოიტანს საქართველოში."

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"