ქრონიკული არაკალკულოზური ანუ უკენჭო ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებაა, რომელიც გამწვავებებისა (როცა დაავადება მკვეთრადაა გამოვლენილი) და რემისიის (დაავადება არ ვლინდება) პერიოდების მონაცვლეობით გამოირჩევა. ეს სნეულება ძალიან გავრცელებულია საქართველოში და ალბათ ჩვენებური კვების თავისებურებებიდან მომდინარეობს. მართლაც, ქრონიკული ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრების წესს; მნიშვნელოვანი ფაქტორებია:
*კვების რაციონში ცხოველური ცხიმის, ნახშირწყლების სიჭარბე;
*ფიზიკური და ფსიქოემოციური გადაძაბვა;
*ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან ნაღვლის ევაკუაციაზე უარყოფითად მოქმედი ჰიპოკინეზია (ქვემოთ განვმარტავთ);
*თამბაქო, სპირტიანი სასმელები, ლუდი: ნიკოტინი და ალკოჰოლი ნაღვლის ბუშტის მოტორულ ფუნქციას არღვევს, რასაც ნაღვლის შეგუბება მოჰყვება;
*გარკვეული გენეტიკური ნიადაგი, კერძოდ - მემკვიდრეობაში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სხვადასხვა პათოლოგია;
*დადგენილია კავშირი ორგანიზმის სხვა სისტემებში არსებულ, ქრონიკული ანთების კერებთან.
ქალები უფრო ხშირად ავადდებიან
ის ფაქტი, რომ ქალებში ქოლეცისტიტი 6-8 ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმ მიზეზით, რომ მამაკაცებს ახასიათებთ მუცლის ტიპის სუნთქვა, რაც დიაფრაგმისა და მუცლის კუნთების შეკუმშვით არის განპირობებული; იქმნება ნაღვლის გადადენის ხელშემწყობი, ბუნებრივი მასაჟის სასურველი პირობები. ქალებს კი არ ახასიათებთ მუცლის ტიპის სუნთქვა, ამიტომ მათთვის მიზანშეწონილია ვარჯიში დღეში რამდენჯერმე - ღრმად ჩასუნთქვისას მუცლის გამობზეკა, ხოლო ამოსუნთქვისას - ძლიერი "შეწოვა".
რა აწუხებს დაავადებულს
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქოლეცისტიტის დროს ხშირად, როგორც მეორადი, თანდართული დაავადება, გვხვდება დისკინეზია ანუ ნაღვლის ბუშტის მოტორიკის (შეკუმშვის უნარის გაძლიერება ან შესუსტება) მოშლა. გარდა ამისა, დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი დაავადების სახით არსებულ დისკინეზიას, ადრე თუ გვიან, ანთებითი პროცესი მოსდევს და ყალიბდება შერეული ხასიათის კლინიკური სურათი, რომელშიც შესაძლოა, რომელიმე ერთი პროცესის ნიშნები ჭარბობდეს.
ქრონიკულ ქოლეცისტიტზე ჰიპოტონიური ტიპის დისკინეზიების (ნაღვლის ბუშტის მოტორიკის შესუსტება) თანდართვისას აღინიშნება "შეგუბებითი ნაღვლის ბუშტის" სიმპტომები:
• მწარე პირის გემო;
• ბოყინი;
• გულისრევა, შესაძლოა, პირღებინება, ნაღვლის მინარევით;
• მუდმივი ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც რამდენადმე მცირდება პირღებინების ან საკვების მიღების შემდეგ (ნაღვლის ბუშტის დაცლის გამო).
• ჰიპერტონიული ფუნქციური დარღვევის (ნაღვლის ბუშტის მოტორიკის გაძლიერება) შემთხვევაში, კლინიკური სურათი განსხვავებულია: მარჯვენა ფერდის ქვეშ თავს იჩენს ხანმოკლე ტკივილი, რომელიც წამლების გარეშეც სწრაფად ქრება. ხშირად ამ შეტევას ავადმყოფი დიეტის დარღვევას ან ემოციურ გადატვირთვას უკავშირებს. ამ დროს ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეზე ხელის დაჭერისას, მწვავე ტკივილი აღინიშნება.
როგორ ხდება დიაგნოზის დაზუსტება
ქრონიკულ ქოლეცისტიტზე ეჭვის მიტანა ხდება ავადმყოფის ჩივილების საფუძველზე. ექიმი გასინჯვით ადგენს სპეციფიკური სიმპტომების არსებობას. ადრეულ სტადიაზე დაავადების გამოვლენა ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური, რადიოლოგიური გამოკვლევებით ხდება. საწყის სტადიაზე ანთებითი პროცესის გამოვლენა შესაძლებელია კლინიკაში ხელმისაწვდომი, სხვა მეთოდებითაც. მათგან აღსანიშნავია ნაღვლის ლაბორატორიული კვლევა.
თავიდან ავიცილოთ
გამწვავებები ანუ - დიეტა რემისიის პერიოდში
* მიზანშეწონილია საკვების ხშირი მიღება - დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებით, მკაცრად ფიქსირებულ საათებში;
* მშრალი საკვები, ასევე, ნაჩქარევად მირთმეული კერძი საჭმლის მონელების პროცესს არღვევს - თორმეტგოჯა ნაწლავში კუჭიდან ჩასული საჭმლის ულუფები არასაკმარისად იჟღინთება კუჭის წვენით, რომელიც ნაღვლის წვენის გამოყოფის ერთ-ერთი ძირითადი სტიმულატორია, ამიტომ ნაღველი გამოიყოფა არასაკმარისი რაოდენობით, რასაც საკვების არასრული შეთვისება მოსდევს;
* ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია საკვებში ცხოველური და მცენარეული ცილების ზომიერი რაოდენობა;
* რაციონში უნდა ჩაირთოს: კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, ჭარხალი, ყაბაყი, კომბოსტო, ბადრიჯანი, პომიდორი, ტკბილი ხილი, კენკროვანი. ჩამოთვლილ მცენარეთა უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას;
* ბოსტნეულის ნაღვლმდენ ეფექტს აძლიერებს მცენარეული ზეთი, რომელიც უმჯობესია, მზა საჭმელს დაემატოს და არ შეცხელდეს, რათა ცხიმმა სამკურნალო თვისებები არ დაკარგოს. მიზანშეწონილია, რაციონში ყოველდღიურად შევიტანოთ 30-50 გრამი მცენარეული ცხიმი; მისი რაოდენობა კალკულოზური (კენჭოვანი) ქოლეცისტიტის შემთხვევაში, 20-30 გრამამდე იკლებს;
* ცხარე და მწარე საკვები იკრძალება;
* ცხოველური ცხიმებიდან შეიძლება, მხოლოდ კარაქი, დღეში 15-20 გრამის ოდენობით;
* რეკომენდებულია დღიურად, 50-70 გრამი შაქარი, 10 გრამი მარილი;
* კვერცხი სასურველია, კვირაში 3-4-ჯერ მივიღოთ, ომლეტის სახით ან მაგრად მოხარშული, ხოლო გამწვავების პერიოდში ან ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს - მხოლოდ ორთქლზე მომზადებული ცილის ომლეტი;
* უმჯობესია, გამომშრალი თეთრი პური; რემისიის პერიოდში, გამომშრალი შავი პურის მიღებაც შეიძლება;
* ასევე შეიძლება, წინასწარ მოხარშული და შემდგომ, ოდნავ შემწვარი ხორცი მივიღოთ.
დიეტა
გამწვავების პერიოდში
დაავადების გამწვავების პერიოდში დიეტა ცხიმებისა და ცილის შეზღუდვას ითვალისწინებს. ამ დროს რეკომენდებულია: ჩაი, წყალზე დამზადებული ბრინჯისა და მანანის ბურღულის ფაფები, თეთრი ორცხობილა. 3-4 დღის შემდეგ შეიძლება დაემატოს მოხარშული ხილი (კომპოტი, ვაშლის ხილფაფა), გახეხილი ბოსტნეული, მაწონი, ბოსტნეულის წვნიანი, მცირე რაოდენობის რძიანი ჩაი. ამ დროს მიზანშეწონილია ცივი საჭმელი, ნაყინი, ცივი სასმელები.
კატეგორიულად დაუშვებელია: შებოლილი საკვები, ცხიმიანი საქონლის ხორცი, ტვინი, თირკმლები, ღვიძლი, ღორისა და ცხვრის ხორცი, იხვი, ბატი, ცხოველური ცხიმები (გამონაკლისია კარაქი), კონსერვები (ხორცის, თევზის, ქათმის, სოკოს), ლობიო და პარკოსნები, სანელებლები, მჟაუნა, მწნილი, მხალეული, ხახვი, ნიორი, ნაზუქები, ტორტი, კრემიანი ღვეზელი, ბლინი, შოკოლადი, კაკაო.
ნაღვლმდენი მცენარეული საშუალებები
ქრონიკული არაკალკულოზური (უკენჭო) ქოლეცისტიტის გამწვავების პერიოდში, ნაღვლმდენი თვისებების გამო სასარგებლოა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთის მიღება - 1-2 ს/კ, დღეში 2-3 ჯერ; ასევე - უკვდავას, ცირცველის, ასკილის, სიმინდის ულვაშის ნაყენი. ნაყენის დასამზადებლად მცენარის ნაყოფს ემატება 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი: ადუღებთ 5-7 წუთს, მერე თავდახურულ ჭურჭელში 10-12 საათის განმავლობაში აყენებთ; შემდეგ უნდა გაიწუროს და მივიღოთ 0,5 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 საათით ადრე.
ყრუ გამორეცხვა
ნაღვლის ბუშტის დაცლა შეიძლება უზონდო გამორეცხვითაც (გამორეცხვა კატეგორიულად იკრძალება ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს), რასაც ხალხი ნაღვლის ბუშტის ყრუ გამორეცხვას უწოდებს. ამისთვის გამოიყენება მინერალური წყალი, რომლის ზემოქმედებითაც ნაღველი თხელდება, ნაკლებად წებოვანი ხდება, რაც ბუშტის მოტორული ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ნაღვლის ბუშტის გამორეცხვის პროცედურა შემდეგნაირად უნდა ჩატარდეს: გაზგამოშვებული, 45-55 გრადუსამდე წინასწარ შემთბარი 0,5 ლიტრი მინერალური წყალი 10-15 წუთის განმავლობაში ყლუპებად უნდა დალიოთ; მერე წვებით 30-40 წუთით მარჯვენა გვერდზე და ნაღვლის ბუშტის საპროექციო ადგილას ათავსებთ სათბურას. პროცედურა ინიშნება 7-10 დღეში ერთხელ. ნაღვლის დენის გაძლიერების მიზნით, მინერალურ წყალს ერთ ჩ/ჭ-ზე შეიძლება დაემატოს 0,5 ჩ/კ გოგირდმჟავა მაგნეზია ან რომელიმე მარილი, უმჯობესია - ექიმის რეკომენდაციით.
მედიკამენტები
მედიკამენტური მკურნალობა მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)