ძველი სამარშრუტო ტაქსები ოქტომბრიდან ახლით შეიცვლება. თბილისის მერიამ დედაქალაქში მგზავრთა გადამყვანი კომპანიის გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულები უკვე დაასახელა: "თბილ ლაინის", "თბილ ქარისა" და "ფაბლიკ ქარის" მფლობელებმა წლეულს თბილისში, 2011 წელს გამოშვებული 3 ათასამდე "ფორდ ტრანზიტი" უნდა შემოიყვანონ, რომელშიც კონდიცირების სისტემაც კი იქნება დამონტაჟებული. მიკროავტობუსში საფასურის გადახდის აპარატი იქნება, რადგან დაგეგმილია, სამარშრუტო ტაქსები გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში მოექცეს. სამგზავრო შეღავათი იგივე დარჩება სოციალურად დაუცველ პირთათვის... სატენდერო პირობების მთავარი პუნქტების თანახმად, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრის ფეხზე დგომა, კუსტარულად დამზადებული სკამების განთავსება და ანტისანიტარია აიკრძალება.
რაც შეეხება მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე საკითხს - გაიზრდება თუ არა მგზავრობის საფასური? - თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, აკაკი ჯოხაძის თქმით, მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება, ვინაიდან ტარიფი ბაზრის პრინციპებით რეგულირდება, ხოლო საფასურის გაზრდის შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსები კლიენტებს დაკარგავენ...
როგორც წესი, ყველა სიახლეს თან სდევს საზოგადოებაში გაჩენილი უამრავი შეკითხვა და ვერსია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სიმართლესთან ახლოსაა. ტენდერის გამოცხადების დღიდანვე, არსებობდა საფრთხე, რომ ამ სფეროში მოქმედი მცირე მეწარმეები, შეზღუდული დროის გამო, სატენდერო პირობებს ვერ დააკმაყოფილებდნენ და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი ერთი მონოპოლისტის ხელში აღმოჩნდებოდა. ამიტომაც, შემოსავლების გარეშე დარჩენის საფრთხით შეწუხებული მცირე მეწარმეები და მძღოლები შიშობენ, რომ ეს რეფორმა თბილისის მერიისა და მასთან დაახლოებული პირების ფინანსურ ინტერესებს ემსახურება.
მათ შიშს ამყარებს თბილისის 5-ივე ლოტზე პრეტენდენტი კომპანიების გარშემო ატეხილი ხმაური: ტენდერში 8 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა მათ შორის კონკურენცია არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებული 4 კომპანიიდან 3 - "ფაბლიკ ქარ", "თბილ ქარ" და "თბილ ლაინი" - დეკემბრის შუა რიცხვებში, სპეციალურად ამ ტენდერისთვის შეიქმნა, ორი მათგანი კი - ერთსა და იმავე დღეს, 17 დეკემბერს; ორ კომპანიას საჯარო რეესტრის მოსაკრებელი ერთი და იმავე დღეს, 5 წუთის დაშორებით აქვს გადახდილი და საჯარო რეესტრში განცხადებები ასევე 5 წუთის განსხვავებით აქვს წარდგენილი(!). ზემოთ აღნიშნული სამივე კომპანიის დოკუმენტები ერთი და იმავე ნოტარიუსის - გინტურის მიერ არის დამოწმებული... გარდა ამისა, ტენდერში არ მონაწილეობდნენ მცირე მეწარმეები - ე.წ. სამარშრუტო "ხაზების" მფლობელები.
კულუარული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების ხელში ჩაგდების მსურველები, კომპანია "ბილაინის" წილში მყოფი, აფხაზეთიდან დევნილი და ამჟამად მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენები - ხვიჩა მაქაცარია და მერაბ შარანგია არიან, რომლებსაც წილები აქვთ "სოკარსა" და კიდევ რამდენიმე მსხვილ კომპანიაში; სავარაუდოდ, 5-ივე ლოტზე შეტანილი განაცხადი მათ ეკუთვნით. ერთ-ერთი ბიზნესმენის შეპირების თანახმად, 2012 წლამდე მათ თბილისში 50-50 ახალი მიკროავტობუსი უნდა შემოიყვანონ... ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ სასტუმროსა და რესტორნის ქსელები აქვთ თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში. ამიტომაც ხელისუფლებამ ისინი ტრანსპორტის ბიზნესში იძულებით ჩააბა და ახალი მანქანების ჩამოყვანაც მოსთხოვა; უარის თქმის შემთხვევაში, მათი აქამდე წარმატებულ ბიზნესს ზიანი მიადგებოდა...
რაც შეეხება მერაბ შარანგიასა და მის ოჯახურ ბიზნესს, - უდავოა, რომ ეს გვარი ქართულ და რუსულ ბიზნესში საკმაოდ გავლენიან ფიგურასთან ასოცირდება და ამიტომაც, საჭიროდ მივიჩნიეთ მკითხველისთვის მათ შესახებ ცოტა მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა: წარმოშობით ოჩამჩირელ ძმებს - მერაბ და გია შარანგიებს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევენ. ისინი ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ რუსულ ბიზნესწრეებში. მათ მფლობელობაშია მოსკოვის რამდენიმე ელიტური რესტორანი. გია შარანგია რუსეთში "მოღვაწე" ქართველ ე.წ. ელიტურ კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირია. რაც შეეხება მერაბს, - "ბილაინში" წილების გარდა, მის საკუთრებაშია თბილისის სანაპიროზე მდებარე რესტორანი "ქალაქური", რამდენიმე გასართობი კლუბი და "დეზერტირების" ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტები... ორი ძმა - ლევანი და შოთა საქართველოში ცხოვრობენ და საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობენ... რაც შეეხება მამას - ბიზნესმენ ლორენცო შარანგიას, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მაშინ, როცა საქართველოს რკინიგზის გაყიდვის საკითხის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა, ამ საქმით დაინტერესებული იყო. მაშინ ისიც ითქვა, - ეს უწყება არაოფიციალურად, უკვე მის ხელში გადავიდაო; ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა და საქართველოს რკინიგზის გაყიდვის თემაც უკანა პლანზე აღმოჩნდა...
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ ბიზნესმენებისთვის წაყენებულ "აუცილებელ პირობებში" შედის მგზავრობის საფასური: მისი მოთხოვნით, საწვავის გაძვირების შემთხვევაშიც კი მგზავრობის საფასური არ უნდა გაიზარდოს...
ინფორმაციას, თითქოს სამარშრუტო ტაქსების სფეროში ხელისუფლება და ძმები შარანგიები მონოპოლისტად წარმოგვიდგებიან, არ ფლობს პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სამარშრუტო ტაქსების სატენდერო კომისიის წევრი ზურაბ აბაშიძე:
- ამ გვარსა და მის ბიზნესინტერესზე არაფერი მსმენია, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ქალაქში 2500-მდე ინდმეწარმეა, რომლებიც სამარშრუტო ბიზნესში არიან ჩაბმული და ამ ტენდერის შემდეგ, მხოლოდ 4 კომპანია დარჩა, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ეს ბიზნესი მონოპოლიზებული გახდება... "თავისუფალი დემოკრატები" ამ ტენდერთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სამ აუცილებელ პირობას ვუყენებდით: სამსახურის გარეშე არ დარჩნენ ის მძღოლები, ვინც დღესდღეობით ამ სფეროში არის დასაქმებული; მგზავრობის ღირებულება არ გაიზარდოს და მოსახლეობას კომფორტული გადაადგილების საშუალება ჰქონდეს... მეტსაც გეტყვით - ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მერიამ თავისი სიტყვა შეასრულოს და, ტენდერის პირობების თანახმად, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანის შემთხვევაში, კიდევ 1000 ადამიანი დაასაქმოს.
- რა რაოდენობის მიკროავტობუსის შემოყვანას გეგმავენ გამარჯვებული კომპანიები?
- 4-ივე კომპანიამ საერთო ჯამში, დაახლოებით 3 ათასამდე სამარშრუტო ტაქსი უნდა ჩამოიყვანოს. ეს არის კერძო ბიზნესი და ძველი ტრანსპორტის ახლით შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
- რა ბედი ეწევათ იმ მძღოლებს, რომლებიც ძველ მიკროავტობუსებზე მუშაობენ?
- ეს უკვე გამარჯვებული კომპანიების პრეროგატივაა, მაგრამ სწორედ ამას ვითხოვთ - ის ადამიანები შემოსავლის გარეშე არ უნდა დარჩნენ და ახალ მიკროავტობუსებში გადაიყვანონ. ტენდერის პირობების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შემოსავლის გარეშე დარჩებიან, გამარჯვებულ კომპანიებს მილიონ სამასი ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. ასე რომ, მათ არ უნდა უღირდეთ პირობების დარღვევა.
- ბატონო ზურაბ, ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ხაზების შემცირებაზე; თქვენ რა იცით ამის შესახებ?
- ამის შესახებ არაფერი მსმენია; პირიქით - როგორც ვიცი, იგეგმება ახალი ხაზების დამატება, რომლებსაც, როგორც გითხარით, ახალი მიკროავტობუსების მძღოლები შეითავსებენ... თუმცა ყველაფრის მიუხედავად, უნდა გითხრათ, რომ ტენდერისთვის მხარი არ დამიჭერია. ვიცი, რომ კომპანიებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები არსებობს, მაგრამ ვარაუდებით საუბარი ძალიან გამიჭირდება. დაველოდოთ, დრო გვიჩვენებს, რამდენად კარგად გაართმევენ ეს კომპანიები თავს ნაკისრ ვალდებულებას...
ლავრენტი ალანია, ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე:
- ტენდერში მონაწილე კომპანიების და მათ განაცხადებში მითითებული სახელებისა და გვარების მიხედვით არ შემიძლია გადაჭრით იმის თქმა, რომ სატრანსპორტო ბიზნესის ხელში ჩაგდება ერთ პიროვნებას უნდა. მართალია, არც ერთ განაცხადში ლაპარაკი არ არის შარანგიაზე, მაგრამ რამდენიმე კომპანიის განაცხადში მართლაც, არის ერთი და იგივე პიროვნება დასახელებული. თუმცა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის იმაზე მსჯელობა, თუ კონკრეტულად ვის მფლობელობაში გადავა სატრანსპორტო ბიზნესი; ჩვენი მოვალეობაა, დღეს დასაქმებული მძღოლები ვიღაცის ინტერესებს არ შეეწირონ და უმუშევრები არ დარჩნენ.
- თქვენი აზრით, ეს საფრთხე რეალურად არსებობს?
- მართალია, ჯერჯერობით სამართლებრივად ეს საფრთხე არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ანუ კულუარებში რა ხდება, ჩვენთვის უცნობია... ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ქალაქში ე.წ. ხაზზე 2225 მიკროავტობუსი მოძრაობს; მათი 20% მგზავრთა გადასაყვანად გამოსადეგია, 50%-ის შეკეთება კი - შესაძლებელია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ მანქანების ხაზზე დატოვება გამარჯვებულ კომპანიებს პირობების დარღვევაში ჩაეთვლება. ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ზუსტი აღრიცხვა და მერიას მათი დატოვების თხოვნით მივმართოთ... შესაძლოა, მერიამ მძღოლებს თავისი პირობებიც წაუყენოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ უკიდურესად მძიმე სოციალურ ვითარებაში ეს ადამიანები სამუშაოს გარეშე არ დარჩნენ.
- თუ იცით, რა ბედი ეწევათ ინდმეწარმეებს ანუ ე.წ. სამარშრუტო "ხაზების" მფლობელებს?
- დავიწყოთ იმით, რომ სტატუსი - "სამარშრუტო ხაზის მესაკუთრე" უკვე აღარ არსებობს. თუმცა იმიტომ, რომ ისინი შემოსავლის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში ვურჩიე, შეექმნათ სააქციო საზოგადოება ან შპს და ამ სახით მიეღოთ ტენდერში მონაწილეობა.
- მძღოლები შიშობენ, რომ საწვავის ფასის გაზრდის შემთხვევაში, იძულებული გახდებიან, მგზავრობის ტარიფიც გაზარდონ...
- დიდი ხანია, იმავეს ვამბობ: მგზავრობის საფასურის გაზრდა გარდაუვალია და ამის მთავარი მიზეზი - საწვავის ფასის გაძვირებაა, ასევე - ის კომფორტული პირობები, რასაც ქალაქის ხელმძღვანელობა ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიებისგან მოითხოვს. კომფორტი კი, როგორც წესი, ძვირი ღირს...
თენგიზ ქათამაძე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი:
- ეს "მარშრუტკა" ნაქირავები მაქვს. პატრონს ყოველი დღის ბოლოს 20 ლარს ვუხდი... ახლა გვეუბნებიან, - ან ახალი ჩამოიყვანეთ, ან ამ "ჯართით" მგზავრების ტარებას დაემშვიდობეთო... ზუსტად რომ ვიცოდე, ამ სამსახურს შევინარჩუნებ, გავიჭირვებ, სესხს ავიღებ და ახალ მანქანას ჩამოვიყვან, მაგრამ უმუშევარი რომ დავრჩე?!. თუ ახალ მიკროავტობუსებს ჩამოიყვანენ, შეიძლება, ეს მანქანა ვერც გავყიდო და ზარალში აღმოვჩნდები... მართლა, აღარ ვიცი, რა ვქნა. მუდმივად სამუშაოს დაკარგვის შიში მაქვს, სტრესის ქვეშ ცხოვრებით დავიღალეთ... აქამდე ღმერთს მადლობას ვწირავდი, - კიდევ კარგი, საჭის ტრიალი მაინც ვიცი, თორემ ოჯახი მშიერი დამრჩებოდა-მეთქი! - ახლა რაღა გავაკეთო, არ ვიცი... მსუბუქი ტაქსისთვის ლიცენზია 1.300 ლარი ღირს, თორემ მსუბუქ მანქანას მაინც ვიყიდდი...
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)