სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად ბავშვის არასწორი აღნაგობისა და სკოლიოზის სულ უფრო მეტი შემთხვევა აღირიცხება. ბავშვებისა და მოზარდების ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემაზე, სკოლიოზსა და მის გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრება პედიატრი ირინა მიმინოშვილი:
- სკოლიოზი ხერხემლის გვერდითი გამრუდებაა. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (რაქიტი, ზურგის კუნთების დამბლა, ტრავმები). განასხვავებენ სკოლიოზის სამ ხარისხს: I - უმნიშვნელო, იოლად გამოსასწორებელი გამრუდება; II - აშკარა დეფორმაცია, რომელიც სწორდება გაჭიმვისას; III - ხერხემლის აშკარა მყარი დეფორმაცია, რომელიც შერწყმულია ნეკნების დეფორმაციასა და სუნთქვის ფუნქციის შეზღუდვასთან.
მსუბუქი სკოლიოზი მძიმე გართულებასა და სერიოზულ ჩივილებს არ იწვევს, ხოლო ხერხემლის ძლიერი გამრუდების დროს თავს იჩენს ტკივილები და, რაც მთავარია, იზღუდება ხერხემლის ფუნქციობის შესაძლებლობა. ხერხემლის გამრუდებისას იცვლება გულმკერდის ფორმაც. სკოლიოზის დროს შეინიშნება გულმკერდის ყაფაზის ასიმეტრია (ცალი მხარე ჩავარდნილია), დეფორმაციის შედეგად კი უმეტესად გულმკერდის ღრუში მოქცეულ ორგანოთა ფუნქციაც იცვლება.
ჩვილს მოძრაობა თანდათან ეხვეწება: ჯერ თავს იჭერს, შემდეგ ჯდება, იწყებს სიარულს... ამ ყველაფერს კი თან სდევს ხერხემლის ფორმის ბუნებრივი ცვლილებები. მე-3-4 თვეს წარმოიქმნება ხერხემლის პირველი ნადრეკი კისრის ნაწილში, მე-10-11 თვეს იცვლება ხერხემლის ფორმა წელისა და გულმკერდის არეებში. 7 წლის ბავშვის ხერხემალი კი საბოლოო ფორმას იღებს.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის გამრუდება?
- გამოყოფენ გამრუდების გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს: ხერხემლის თანდაყოლილ თავისებურებებს, ხერხემლის გაძლიერებულ დატვირთვას, ზურგის ხშირ ტრავმას, მცირე ფიზიკურ აქტივობას და სხვა.
არასწორი აღნაგობა ხშირად ადრეულ ბავშვობაშივე ყალიბდება, როდესაც ჩვილს დიდხანს აწვენენ ერთსა და იმავე პოზაში, მკლავებზე იწვენენ ერთსა და იმავე მხარეს, დიდხანს სვამენ ბალიშებში. ამით მშობლები უნებლიეთ თვითონვე უქმნიან საფუძველს სკოლიოზის ფორმირებას.
ხერხემლის გამრუდებას ხელს უწყობს მერხსა თუ მაგიდასთან მოუხერხებლად ჯდომა, ასაკისთვის შეუფერებელ საწოლზე წოლა.
- რა არის ამის მიზეზი?
- თუნდაც ის, რომ თანამედროვე ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლები ფიზიკური დატვირთვა აქვთ. ისინი საათობით სხედან კომპიუტერსა თუ ტელევიზორთან კომფორტულ, მაგრამ ხერხემლისთვის საზიანო პოზაში.
- როგორ მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვს სკოლიოზი არ განუვითარდეს?
- პირველ რიგში, საჭიროა, ბავშვი რაც შეიძლება აქტიური იყოს. გარდა ამისა, მაგიდა, რომელთანაც მეცადინეობს, ხატავს, წერს, ბავშვის სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მაგიდასთან. სწორად ჯდომა: არ შეიძლება ფეხის მოკეცვა, ფეხის ფეხზე გადადება; წერითი დავალების შესრულებისას მარცხენა ხელი მარჯვენასთან შედარებით წინ უნდა იყოს გაწეული, რომ ბავშვი მარჯვენა მხარეს არ იხრებოდეს.
- როგორ მოვიქცეთ, თუ სკოლიოზის ნიშნები უკვე შეიმჩნევა?
- არსებობს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც, უწინარეს ყოვლისა, კუნთოვანი აპარატის გამაგრებას გულისხმობს, ანუ თავისებურ კუნთოვან კორსეტს უქმნის ხერხემალს. ამის მიღწევა შეიძლება სამკურნალო ფიზკულტურით, მასაჟითა და ფიზიოთერაპიით. საკორექციო კორსეტის მორგება კი სპეციალისტის - ორთოპედის მითითებით უნდა მოხდეს.
სკოლიოზს მკურნალობენ ასევე მანუალური თერაპიითა და ცურვით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება ზოგიერთი ვარჯიშის თვითნებურად შესრულება, მაგალითად, ხტომა, სიმძიმეების აწევა, მაგრამ ბავშვი ცურვაზე თამამად ატარეთ, რადგან ცურვის დროს ყველა კუნთი აქტიურდება, ხოლო სახსრები და ხერხემალი პრაქტიკულად არ იტვირთება. ცურვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სკოლიოზის, არამედ ხერხემლის სხვა პათოლოგიების სამკურნალოდაც.
- თქვენ მანუალური თერაპია ახსენეთ. რას გულისხმობს მკურნალობის ეს მეთოდი?
- მანუალური თერაპიის მეშვეობით ნორმალიზდება კუნთოვანი ტონუსი, ფართოვდება სახსართა მოძრაობის დიაპაზონი, უმჯობესდება კუნთებში სისხლის მიმოქცევა, რაც საერთო ჯამში, აუმჯობესებს ქსოვილთა კვებას და უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ინტენსიურ განვითარებას.
თუ ბავშვს სკოლიოზის ნიშნებს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
ექიმი გვირჩევს:
თუ მოზარდი დიდხანს ზის კომპიუტერთან ან მაგიდასთან უხერხულ პოზაში, დროდადრო ააყენეთ, ელემენტარული ვარჯიშები შეასრულებინეთ: დადგეს სწორად და ხელები გაშალოს, დაიხაროს და მარჯვენა ხელით მარცხენა ფეხის წვერს შეეხოს, გაიმართოს, ისევ დაიხაროს და ამჯერად მარცხენა ხელით შეეხოს მარჯვენა ფეხის წვერს. გაიმეოროს რამდენიმეჯერ. შემდეგ ხელები განზე გაშალოს და მთელი ტანით შეასრულოს წრიული მოძრაობები. ამის შემდეგ წელში გამართულმა გაიარ-გამოიაროს და ისე დაუბრუნდეს თავის სამუშაო ადგილს.
თუ სკოლიოზის ნიშნები უკვე შესამჩნევია, აუცილებელია, ბავშვმა ექიმის მიერ შერჩეული სპეციალური კორსეტიც ატაროს.
სკოლიოზის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო ფიზკულტურას, რადგან სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით კუნთები იწრთობა, ძლიერდება და ხერხემალს ნორმალურ მდგომარეობას უნარჩუნებს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ვარჯიშს, რომელთა შესრულება მშობლის მეთვალყურეობით ყველა ბავშვს შეუძლია:
1. ბავშვი გულაღმა დააწვინეთ ხალიჩაზე, მუხლები მოახრევინეთ. სთხოვეთ, თავზე, მხრებსა და ტერფებზე დაყრდნობით ტანი ისე ასწიოს, რომ სხეულმა ხიდის ფორმა მიიღოს. შემდეგ ისევ დაეშვას ხალიჩაზე.
2. დასვით ბავშვი ხალიჩაზე, ფეხები გაამართვინეთ, ხელის მტევნები მხრებზე დააწყობინეთ და სთხოვეთ, ხელებით შეასრულოს ბრუნვითი მოძრაობები საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით.
3. დააყენეთ ბავშვი ოთხზე; სთხოვეთ, ფეხები მონაცვლეობით გასწიოს განზე და ასწიოს ზემოთ, თან ასწიოს თავი და გაიზნიქოს.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)