ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა რვა პირი დააკავეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაკავებულები.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები და სპეცრაზმის თანამშრომლები რჩებიან.
რამდენიმე საათის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ისინი პროტესტის ნიშნად აქცია-მსვლელობით, პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ გაემართნენ.
“მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ქვეყანაში საჭიროა ხელახალი სამართლიანი არჩევნები. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა და ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევენ" ,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 8 პირიდან ერთი, არასრულწლოვანი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
მათი განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმურია და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიპარა.
“აქციას დღეს აქ ვასრულებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სხდომის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ, არალეგიტიმურია ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო. საპროტესტო აქცია ხვალ განახლდება”, - აღნიშნეს მათ.
იხილეთ ასევე: