"არ ვიცი, ვინ ვარ ჩემს ქვეყანაში, რისთვის და ვისთვის ვცოცხლობ... არადა, მთელი ცხოვრება ვიბრძოდი, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ჩემს ერს გამოადგებოდა, მაგრამ რას წარმოვადგენ, რა გამიკეთებია. ვის რაში სჭირდება ჩემი წუხილი, ჩემ მიერ ჩამოთვლილი პრობლემები; ან პირიქით, ვინმეს აინტერესებს, რა მიხარია?!. არა მგონია, ქართული საზოგადოებისთვის ჩემნაირების სიტყვა რამე ღირებულს წარმოადგენდეს. ახლა ქვედა საცვლების ფრიალია მოდაში და როსკიპების აღლუმი..." - აღშფოთებით ამბობს პოეტი რეზო ამაშუკელი. ამიტომაც მისი ინტერვიუზე დაყოლიება გამიჭირდა... "ერთადერთი იმედი მაცოცხლებს, ახალგაზრდების იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმს არ შეეგუებიან", - აცხადებს და დასძენს, რომ ცხოვრების გასაგრძელებლად სწორედ ამ "ნაპერწკალს" ებღაუჭება.
- მართლა არ მინდა, ვინმეს გული გავუტეხო, მართლა მიჭირს იმ ყველაფერზე ლაპარაკი, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ პირადად მე თუ მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ საქართველოს ვერ ვხედავ.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ეს არის ადამიანთა ფენებისგან შემდგარი რაღაც გუნდი, სადაც ვიღაც ახალი სახეები ტრიალებენ. ჩემი ხნის ადამიანები ვის რაში სჭირდება, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია, საუბედუროდ, ისეთი თაობა მოდის, რომელსაც ზრდილობა არ აქვს. ეროსი კიწმარიშვილის გამოთაყვანებული თაობა, რომლის დაშტერებაზე ეს "ღვაწლმოსილი" ადამიანი 15 წელი მუშაობდა, თავიანთ უნიჭოდ გამოგონილ რეალობაში გვაცხოვრებს. ისეთ უკუღმართ პროპაგანდას ეწევიან, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მათ მიერ დამკვიდრებული უგუნური პრინციპებით ცხოვრობს, სადაც მენტალობა და ტრადიცია კი არა, ახალი თაობის მორალიც კი შეცვალეს... ხელისუფლებასა და მის ტვინამობრუნებულ ნაშიერებს ეს ქვეყანა მხოლოდ ტყე და მდინარე ჰგონიათ, არადა, ქვეყანა არის ერი და ხალხი. მაგრამ ვისაც უნდა ეწყინოს, პირდაპირ უნდა ვთქვა: - ჩვენ არ ვართ ქვეყანა! ერი და ხალხი რომ ვიყოთ, იმას, რაც ახლა ჩვენთან ხდება, არ მოვითმენდით... ის მარცვალი, ანუ ეროვნულობის განცდის მცირე გრძნობა და თავმოყვარე ერისთვის დამახასიათებელი, თვითდამკვიდრების სურვილი მათ უკვე მოსპეს...
- ეს ყველაფერი ხომ ეტაპობრივად მოხდა და როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა საზოგადოება ამისკენ?
- ქართული საზოგადოება ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდა. ანუ "შავლეგოს" სიმღერა დავივიწყეთ, და არც ვაციეთ და არც ვაცხელეთ, ლექს-სენის ბოდიალსა და "თბილისი ლაივზე" გადავედით... ამერიკანიზაციის მომხრე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა საერთოდ დამეკარგა ის მცირე პოზიტიური ნაპერწკალიც. ეს ის ქვეყანა და ხალხია, რომლებმაც ლექსიკიდან "დედა" და "მამა" ამოიღო, უკაცრავად, მაგრამ იქ რომ ბავშვი გაიზრდება, ვინ იქნება?!. ჩვენს ხელისუფლებას საქართველოშიც იმავეს გაკეთება უნდა და ამიტომაც ებრძვიან მართლმადიდებლობას... ჩემი ცხოვრების კრედო "სახარება", "ვეფხისტყაოსანი" და "ქართლის ჭირია". მართლმადიდებლობის პრინციპები სისხლში მაქვს და როცა ამათ მიგინებენ და მეტყვიან, ფანატიზმია ეს ყველაფერი და თანამედროვე ცხოვრება უნდა გასწავლოთო, გავგიჟდები, აბა, რა იქნება?!. ჩვენი ქვეყნისთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ რელიგია არ არის, ის ქართველი კაცის ცნობიერებას განსაზღვრავს, მაგრამ ეს არ უშლის გიგა ბოკერიას, პერანგამოჩაჩულმა ირბინოს ერთ-ერთი ეკლესიის ეზოში... ის კაცი დღეს უშიშროების საბჭოს მდივანია, ანუ ის კაცია, რომელიც ქვეყნის აწმყოსა და მომავალსაც არეგულირებს და ჭკუას გვასწავლის, - როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ უკეთესად ვიყოთ.
- თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ეკლესიაშიც დადის, მაგრამ ხალხის კეთილდღეობაზე ლოცვაში ნამდვილად არ ათენ-აღამებენ...
- აგაშენათ ღმერთმა, არც მაგათ დავტოვებ უყურადღებოდ, - ეს ვითომ სტიქაროსნები, თვალებს რომ ნაბავენ, თუნდაც იდიოტი სუბელიანი, კუნთებს რომ ათამაშებს, გაუმაძღარი, გაცვეთილი და "კმარას" ინსტრუქტორი უგულავა, იქიდან არ მოდიან?! აკაკი მინაშვილი და წარბებგადაფსკვნილი იდიოტი, "კდემამოსილების განსახიერება" თეა თუთბერიძე გამოძებნეს და მექრთამეებად აქციეს. ვინმე დამაჯერებს, რომ ასეთი წარსულის ადამიანებს კარგის გაკეთება შეეძლებათ?!
- ოპოზიციაზეც მინდა გკითხოთ, ვერც მათ აკეთეს "საქმენი საგმირონი"...
- საზოგადოებაში დასადგურებული უმწეო და უსუსური განწყობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისინიც არიან. არ მინდა, კონკრეტულ პიროვნებებს შეურაცხყოფა მივაყენო, ე.წ. ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მოიყვანა ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში... გარდა ამისა, საქართველოში მე რეალურ ოპოზიციას ვერ ვხედავ და ამიტომაც ვცდილობ, არავის გავეკარო. უბრალოდ, ჯობია, ოპოზიციურ სპექტრზე ცოტა ვილაპარაკო, იმიტომ, რომ შეიძლება, ისეთი რაღაცები წამომცდეს, რაც არ არის საჭირო.
- თუმცა საზოგადოებამ იცის ის ადამიანები, ვის მიმართაც სიმპათიით ხართ განწყობილი, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძე, მათ გარშემო ბოლო დროს დიდი სკანდალი აგორდა...
- მოდით ნუ ვილაპარაკებთ ამაზე... მე არასდროს მითქვამს, მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებ-მეთქი. უბრალოდ, მე იმ ადამიანებს ვცემდი პატივს, ვისგანაც ეროვნული აზრი მესმოდა.
- ბოლო პერიოდში ვისგან გესმოდათ ჯანსაღი აზრი?
- აზრი საღი მაშინაა, როცა საქმედ გადაიქცევა... არ მინდა, კონკრეტულ პიროვნებაზე ლაპარაკი და ამას ეშმაკობასა და თავის არიდებაში ნუ ჩამითვლით.
- მწერალთა კავშირის გარშემო ატეხილ ხმაურზე გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, რატომ გადაეკიდნენ მწერლები ასე ერთმანეთს?
- მე დიდი ხანია მწერალთა კავშირის წევრი არ ვარ. იქ მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით მივედი, მან ეს დაწესებულება გასაწირად ვერ გაიმეტა. არადა, იქ რამდენიმე კაცია, ვინც სიტუაციის არევას და კონტროლის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ისინი ხელისუფლების კარის მწერლობას ეწევიან. მაპატიოს ყველამ გულწრფელობა, მაგრამ მაშინაც კი, როცა ქართული მწერლობა აღმავლობის პიკზე იყო, საქართველოს მწერალთა კავშირში 500 მწერალი არ ყოფილა, სულ 250 იყო, მათ შორის, აფხაზები, სომხები, ქურთები და სხვა ეროვნების მოქალაქეები... ახლა კი, ვინც დაამთქნარა და ვაშლი, მსხალი და ბალი გარითმა, ყველა მწერლობას იბრალებს და ამ კავშირში შეიყარა... ასეთი ცხოველი ინტერესის ფესვები ღრმად უნდა ვეძიოთ. მაგალითისთვის სამედიცინო სფეროც საკმარისია, - ხელისუფლება ცდილობს, რომელიმე სფეროში ავტორიტეტი არ გააჭაჭანოს და ყველას, ვინც კი სახელის მოხვეჭას ცდილობს, დაუნდობლად უსწორდება. რასაკვირველია, მათი დიდი გეგმის ერთი ნაწილია მწერალთა კავშირის გაქრობა. შენობა მეათეხარისხოვანია... თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობს ე.წ. ინტელიგენციაც...
- რატომ "ეგრეთ წოდებული?"...
- იმიტომ, რომ ინტელიგენცია აღარ გვყავს. ვინც პატივსაცემი იყო, ყველა მოიშორეს. ახლა კი ახლად წამოჩიტულ ძალას, ბუღაძეებს და ვიღაც ბერეტიანებს, ერთი ხელის მოსმით რომ შეუძლიათ, შეურაცხყონ თამარ მეფე, სხვა წმინდანები და ზოგადად, ქართველობა, - აჯეჯილებენ... ეს რატომ ხდება, იცით? ქართველი ერის გაქრობაზე მუშაობენ. შეგნებული საზოგადოების ადგილზე, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მიმტანები, გამცილებლები, მღებავები, საზარბაზნე ხორცი და მომსახურე პერსონალი სჭირდებათ, რათა გასიებული ბიძიები ჩამოვიდნენ, ბოდიში მომითხოვია, გაძღნენ და ისიამოვნონ... მარტო ფოლკორის გადარჩენაზე ზრუნავენ და ვეკითხები ხელისუფლებას, მარტო ფოლკლორია ჩვენი კულტურა?! სხვა არაფერი გაგვაჩნია?!. ან ბურმა უნდა გვასწავლოს მიწის დამუშავება?! მეტი თავლაფდასხმა რაღა გვინდა?!. თუ ახალგაზრდობაში ეროვნულმა განცდამ არ გაიღვიძა, მართლა არაფერი გვეშველება. თუმცა არც ამისი იმედი მაქვს, ასეთ დროს ეროვნული იდეოლოგიის დამცველად ყოველთვის მწერლობა გვევლინებოდა, მაგრამ მას ხელისუფლებამ უკვე შეაკვეცა ფრთები და ვისი იმედი უნდა მქონდეს?!. ამდენი ნიჭიერი და საქმეში ჩახედული ადამიანი გვყავს საქართველოში და ამათ იტალიიდან ჩამოჰყავთ არქიტექტორები. იცით, ამას რატომ აკეთებენ?
- ხელისუფლების თქმით, თანამედროვე ელემენტები რომ შემოიტანოს...
- ელემენტია თვითონაც... იმიტომ აკეთებენ, რომ თბილისს ქართული იერსახე დაუკარგონ... არადა, იყო დრო, როცა მსოფლიო კულტურის განხილვა ქართული კულტურის გარეშე შეუძლებელი იყო... ახლა რაღაც სისულელეებს აკეთებენ, ან რით აღარ მოჰბეზრდათ, მიკვირს. ახლა ახალი "გენიალური იდეა" მოუვიდათ, რესტორნებში რუსული სიმღერები აკრძალეს. არავის ბებიის საქმე არ არის, მე ჩემი ფულით რას შევუკვეთ, მინდა რუსულს ვამღერებ და მინდა არაბულს... პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმღერა და ამ უბედურებმა ბავშვი გამოიყვანეს და ათქმევინეს, - მე პაატა ბურჭულაძის ნაჩუქარი ბინა არ მინდაო... ამის შემდეგ რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკებიან ეს საცოდავები? ყველაფერი იქით მიდის, რომ მალე საკუთარი სახლის საძინებელში სათვალთვალო კამერას დაგიდგამენ. აბა, რას ჰგავს ეს პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პატარა ბავშვები, სად ჰყავთ იმ ბავშვებს მშობლები, აქედანვე რომ ამ სიბინძურეში ჩარიეს?!
- ბატონო რეზო, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაწესებული "დავით აღმაშენებლის პრემიის" ლაურეატები თქვენთან ერთად ნოდარ წულეისკირი და ელიზბარ ჯაველიძე გახდნენ...
- დიახ, ვიცი, რომ ეს ვიღაც ბერეტიანებსა და უბერეტოებს გულზე მოხვდათ, მაგრამ ეს საერთოდ არ მადარდებს... ისე, ცნობისთვის, იმ ბოღმა ადამიანებს მინდა შევახსენო, რომ გარდა ამისა, მაქვს ბელგიის დედოფლის სამახსოვრო მედალი, ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი ვარ. ასევე, საფრანგეთის შევალიეს წოდების მფლობელი, გერმანული არბენშვაიერის პრემიების მფლობელიც გახლავართ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაა. ეს ყველაფერი მათსავით მთქნარებაში არ მიმიღია... რაც შეეხება დავით აღმაშენებლის პრემიას, ამ კონკურსში ჩემი მინაწილეობა გამარჯვების სურვილმა და ფინანსურმა დაინტერესებამ განაპირობა. სხვებივით, მელიასავით ჩუმ-ჩუმად არ დავძვრები სადღაც. ჩემთვის მიუღებელია, როცა ებრალიძეს იმიტომ მიიჩნევენ მოღალატედ, რომ იგი ყოფილი პატიმარია. ციხეში გენიოსებიც ისხდნენ... ვიცი, რომ ახლა ათასი ეჭვი გავრცელდება და უამრავ სიბინძურეს იტყვიან, მაგრამ ჩემი ხალხისა და მაღალი ღმერთის წინაშე მართალი კაცი ვარ, უკან მოხედვის არ მრცხვენია. წმინდანი და შეუცდომელი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რაღაც ცოდვები მეც ჩამიდენია, მაგრამ ამათგან განსხვავებით, ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის არასდროს მიღალატია... სინამდვილეში, ეს კაცი არც არასდროს მინახავს და არც არასდროს შევხვედრივარ, თუმცა არც ებრალიძე მიმაჩნია მოღალატედ... რა აზრი აქვს, ახლა ამათ აუხსნა, რა კრიტერიუმებით იზომება ადამიანის მოღალატური საქციელი. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ლადარიებსა და მისთანებს უსმენს და ამიტომაც, არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. ამ ქვეყნის ხელისუფლება ხომ კულტურასა და პოლიტიკას ერთმანეთისგან ვერ არჩევს...
ძალიან უიმედოდ ვარ, ერთადერთი, პატარა იმედი ბჟუტავს ჩემს გულში. ძველი თაობის პოეტები "მიჭყლეტილები" ვართ. ვცდილობთ, ზნეობრივად და მორალურად ძლიერები ვიყოთ, მაგრამ ქართული საზოგადოება მაინც მიძინებულია. ასეთ ვითარებაში კი ერთადერთი გამოსავალი არსებობს, - ახალი თაობის გამოფხიზლება. თქვენ არ უნდა მისცეთ "ამა ქვეყნის ძლიერთ" იმის უფლება, რომ ეროვნული ღირებულებები და ტრადიციები დაიკარგოს.
თავისუფლების სწორი გაგება და აღქმა უნდა ისწავლოთ. მე 75 წლის კაცი ვარ. აწი ვიღაცას ცხოვრების წესს ვერ შევუცვლი, მაგრამ რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. უკვე გამოვიდა ჩემი წიგნი "სისხლში ჩამხრჩვალი ვარდები", სადაც ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომი საქართველოს მოვლენები მაქვს აღწერილი და იმედია, ოდესღაც, გონებაგანათებული თაობა რომ წაიკითხავს, მიხვდება, თუ რა ცოდვა და უგუნურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში ამ ხელისუფლების "დამსახურებით"...
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)