ავტორი:

"ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი - გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ" - იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს

"ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი - გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ" - იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს

ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მან მოსამართლეს გირაოს გამოყენება სთხოვა.

"არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. შემიძლია ვინც გინდათ დავიფიცო, ამ შემთხვევაში ჩემს ძმას დავიფიცებ. ყოველთვის მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვარ პასუხისმგებელი და არავინაა ჩემი ზემოქმედების ქვეშ.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, არანაირ მტკიცებულებაზე ხელი არ მიმიწვდება, პირობას ვდებ, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, მიმალვას არ ვაპირებ, არსად წასასვლელი არ მაქვს, რომ მქონდეს აქამდე წავიდოდი, საქართველოში ცხოვრებას ვაპირებ. ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი. გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ და ყველასთან მიმართებაში იგივენაირად მოიქცეთ“, - განაცხადა ცხადაძემ.

ამავე პროცესზე იხილება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საქმეც.

"ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, სიმართლე როცა შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც, ეს ძალა და ეს ენერგია აქ არის" - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე.

  • განახლება 20:05: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეზე აპელირებდა. პროკურორები დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე მიუთითებდნენ, რის გამოც ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდნენ.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ყველა მათგანი ასაბუთებდა, რომ დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს განსაზღვრას თავად სთავაზობდნენ.

სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

წაიკითხეთ ასევე: