პარკინსონიზმი, ანუ პარკინსონის დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე რთული სნეულებაა. დღეს ის საკმაოდ არის გავრცელებული, თუმცა ბევრმა, ალბათ, ამ დაავადების შესახებ ცოტა რამ თუ იცის. გვესაუბრება ნევროლოგი ლია ივანიძე:
- პარკინსონიზმის ეტიოლოგია სრულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი და ნეიროტოქსინების ზემოქმედება. ცნობილია, რომ პარკინსონის დაავადებას იწვევს თავის ტვინის შავ ნივთიერებაში არსებული განსაზღვრული ნერვული დაბოლოებების - ნეირონების - განადგურება. ნორმალურ მდგომარეობაში ისინი დოფამინს გამოიმუშავებენ. დოფამინის მთავარი ფუნქცია იმ იმპულსების გადაცემაა, რომლებიც ნორმალურ მოძრაობას განაპირობებს. პარკინსონის დაავადებისას კი ამ ნივთიერების წარმოქმნა მცირდება, ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა და აღმოცენდება პარკინსონიზმის სიმპტომები.
- რომელ ასაკში იჩენს თავს ეს დაავადება?
- ხანდაზმულ ასაკში თითქმის ყველა კარგავს დოფამინნეირონების ნაწილს, მაგრამ პარკინსონიზმით დაავადებულები ნეირონების ნახევარზე მეტს კარგავენ. ამ შემთხვევაში ტვინის სხვა უჯრედების გადაგვარებაც იწყება.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პარკინსონის დაავადებას გენეტიკური და გარეგანი ფაქტორების არაკეთილსასურველი შერწყმა იწვევს. ასეთი ფაქტორებია, მაგალითად, ზოგიერთი წამალი, დაავადება, ტოქსიკური ნივთიერება. მათმა ერთობლივმა ზემოქმედებამ შესაძლოა პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი გამოიწვიოს.
დაავადება, ჩვეულებრივ, 60 წლის შემდეგ ვითარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, 50 წლამდეც შეგვხვდეს.
პარკინსონიზმი თანდათან ვითარდება და საბოლოოდ ადამიანი ინვალიდობამდე მიჰყავს, თუმცა ნელა პროგრესირებს, ასე რომ, დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა ნორმალურ ცხოვრებასა და სრულფასოვან შრომას ეწევა.
- როგორია პარკინსონიზმის სიმპტომები?
- პარკინსონიზმის პირველი სიმპტომებია ხელების უძრაობა სიარულისას, ხელის თითების მსუბუქი ტრემორი (კანკალი), მეტყველების უმნიშვნელო დარღვევა. პაციენტი მოთენთილია, დეპრესიული, უჩივის უძილობას. ზოგჯერ შეინიშნება ქვედა კიდურების ტრემორიც. ეს სიმპტომები ზოგჯერ სხეულის ცალ მხარეს უფრო მეტად არის გამოხატული, ზოგჯერ კი სიმეტრიულად ვლინდება და თან ახლავს ნერვული სისტემის დაზიანების სხვა სიმპტომები, მათ შორის - კოორდინაციისა და მგრძნობელობის დარღვევა.
- ტრემორი ბევრ უხერხულობას უქმნის ადამიანს...
- სამწუხაროდ, ასეა, და ამას ძალიან განიცდიან პაციენტები. წყლის სმისას ხელი ზოგჯერ ისე უკანკალებთ, რომ წყალი ეღვრებათ, უჭირთ პერანგის ღილების შეკვრა, კოვზის პირთან მიტანა და სხვა. ტრემორი განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც ავადმყოფი ღელავს, რაღაცას განიცდის. ამიტომ პარკინსონიზმით დაავადებულები უნდა ეცადონ, სიმშვიდე შეინარჩუნონ.
აქვე უნდა ითქვას, რომ თუმცაღა კიდურების ტრემორი საგრძნობ უხერხულობას უქმნის ადამიანს, იგი არ იწვევს ქმედუნარიანობის დაკარგვას. პარკინსონით დაავადებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ უმნიშვნელო ტრემორს უჩივიან.
- რა ხდება დაავადების გვიანდელ ეტაპზე?
- დროთა განმავლობაში პარკინსონის დაავადება იძენს ახალ სიმპტომებს, მათ შორის - მოძრაობის შენელებას, კოორდინაციის დარღვევას. მოძრაობის შეზღუდვას და ტკივილს, პარკინსონიზმს, განსაკუთრებით - მის მძიმე ფორმებს, ხშირად ახლავს წონასწორობის შენარჩუნების უუნარობა, ზოგიერთს კი მეტყველების დარღვევაც აღენიშნება.
- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
- პარკინსონიზმის მკურნალობის ზუსტი სქემა არ არსებობს. სამკურნალო პროგრამა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია. რაციონალურად შერჩეული სამკურნალო სქემა დროთა განმავლობაში სასურველ შედეგს გამოიღებს. მთავარი სამკურნალო საშუალებები კი ის პრეპარატებია, რომლებიც ნერვულ მედიატორებზე მოქმედებს.
განსაკუთრებული როლი ეკისრება ფიზიკურ დატვირთვას. პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი საშუალება სწორედ ფიზიკური აქტიურობაა, რაც კარგად უნდა გააცნობიერონ როგორც ავადმყოფმა, ისე მისი ოჯახის წევრებმა. პაციენტმა რაც შეიძლება მეტი უნდა იმოძრაოს, ყოველდღე ივარჯიშოს, თუმცა რეკომენდაციები აქაც ინდივიდუალურია.
ექიმი გვირჩევს:
1. სამკურნალო ფიზკულტურა ყოველდღე ჩავატაროთ;
2. ვივარჯიშოთ იმდენი, რომ ვარჯიშმა სასიამოვნო დაღლილობა მოგვგვაროს;
3. ვარჯიშმა მოიცვას ყველა კუნთი და ყველა სახსარს მაქსიმალური მოძრაობა აიძულოს.
4. ბევრი ვიაროთ ფეხით სუფთა ჰაერზე.
ცნობისათვის
პარკინსონის დაავადება თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც 1817 წელს აღწერა ინგლისელმა ექიმმა პარკინსონმა.
პარკინსონიზმით დაავადებულებს აღენიშნებათ კიდურების კანკალი (ტრემორი), კუნთების რიგიდულობა, კოორდინაციისა და მეტყველების დარღვევა, უჭირთ მოძრაობა და გადაადგილება.
პარკინსონიზმით იყვნენ დაავადებულნი რომის პაპი იოანე პავლე II, სალვადორ დალი, ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი, მაო ძე-დუნი, მუსიკოსი ოზი ოსბორნი.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)