"თუ უგემოვნო ხარ, ვერც მილანი გიშველის და ვერც ლონდონი"

 "თუ უგემოვნო ხარ, ვერც მილანი გიშველის და ვერც ლონდონი"

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ჩაცმულობის გამო ხდება ჭორაობის ობიექტი, აცვია ისე, როგორც მოსწონს, უმეტესად კი, განწყობის მიხედვით. "შესაძლოა, ვინმეს ჩაცმულობა არ მომწონს, მაგრამ მას უგემოვნო ადამიანის იარლიყს ვერ მივაკრავ, უბრალოდ, უხერხულია", - ამბობს მოდელი ლენუკა ყიფშიძე, რომელიც რუბრიკა "სტილის" სტუმარია.

- როგორი სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?

- ყველაზე მეტად სპორტული სტილი მომწონს, თუმცა ყოველგვარი სტილის სამოსს ვირგებ - კლასიკურსაც, თავისუფალსაც - ჰიპურს რომ ეძახიან. ხშირად ჯინსსა და მაისურზე კლასიკური პიჯაკი და კედები მაცვია, ერთი სიტყვით, სიტუაციისა და განწყობის შესაბამისად ვიცვამ.

- მაგრამ, ალბათ, ცდილობ, ჩანთა ფეხსაცმელს შეუხამო...

- ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. ფეხსაცმელს უმეტესად მარისა და ზენკასთან ვიკერავ, მათ ყველაზე მეტად ვენდობი. ამ სეზონზე სქელი ქუსლი იყო მოდური და ჩემი გემოვნებით ულამაზესი ფეხსაცმელი შემიკერეს.

- დაბალი არ გეთქმის, მაგრამ მაღალქუსლიანები ხშირად გაცვია...

- ხშირად - არა. მე ვიტყოდი, რომ მაღალქუსლიანებსა და დაბალქუსლიანებს თანაბრად ვიცვამ. კლუბში მაღალქუსლიანებითაც წავალ და "ბალეტკებითაც". არც ის მაღელვებს, უფრო მაღალი გამოვჩნდები თუ დაბალი. მთავარია, ფეხსაცმელი სამოსს შევუხამო და თავი კომფორტულად ვიგრძნო.

- მოდის სიახლეებს ითვალისწინებ?

- ვცდილობ, მოდას არ ჩამოვრჩე, მაგალითად, წელს ბეწვი იყო აქტუალური და შევიძინე კიდეც ბეწვის ჟილეტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სიახლეს ბრმად ვიღებ. არის რაღაც, რაც გიხდება.

- ქართული მოდის მესვეურებზე რას იტყვი? ამბობენ, ქართველი დიზაინერები ხარისხზე ნაკლებად მუშაობენო...

- მეც მსმენია ასეთი შეფასება. იმასაც ამბობენ, რომ სამოსის ფასი ხარისხს არ შეესაბამება. წელს ქართველ დიზაინერებთან უშუალო შეხება არ მქონია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

- თბილისელების ჩაცმულობა მოგწონს?

- თბილისში ყველა ცდილობს, დახვეწილად, ინდივიდუალურად ჩაიცვას. ხშირად ამბობენ, რომ თბილისში ლონდონური მოდა დომინირებს, მაგრამ, ალბათ, ეს თვალსაზრისიც პირობითია.

- ყველაზე გემოვნებიან ქართველს დაასახელებ?

- მომწონს თინეიჯერი გოგონების ჩაცმულობა, ხშირად გემოვნებით უხამებენ ერთმანეთს სხვადასხვა სტილისა და ფაქტურის სამოსს. მომწონს ანუკა არეშიძისა და სალომე ღვინიაშვილის გემოვნება, ვფიქრობ, მათი სტილი ბევრისთვის სამაგალითოა.

- ალბათ ეს ლონდონისა და მილანის გავლენის შედეგიც არის...

- შესაძლოა - მილანი და ლონდონი ხომ მოდის კერებად მიიჩნევა. მილანში რომ ვცხოვრობდე, ალბათ ჩაცმულობაში ბევრ რამეს შევიცვლიდი, შეუძლებელია, ქალაქის მოდამ შენზე გავლენა არ მოახდინოს, მაგრამ თუ უგემოვნო ხარ, ვერც მილანი გიშველის და ვერც ლონდონი.

- არც ყველაზე უგემოვნო ქალბატონის დასახელება გაგიჭირდება...

- ჩამჭრელი კითხვაა. ადამიანს კრიტიკული თვალით არასდროს ვუყურებ, შესაძლოა ვინმეს ჩაცმულობა არ მომეწონოს, მაგრამ მას უგემოვნო ადამიანის იარლიყს ვერ მივაკრავ, უბრალოდ უხერხულია.

- ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანების ჩაცმულობას არ აკვირდები...

- რა თქმა უნდა, ვაკვირდები. დღესაც წვეულებაზე მივდივარ და აუცილებლად დავაკვირდები, ვის რა აცვია. ჩაცმა ჩემი სუსტი წერტილია. ყველაზე დიდ სიამოვნებას სამოსის შეძენა მგვრის. სხვათა შორის, ჩემს შვილსაც აღმოაჩნდა ეს თვისება (იცინის).

- ბრენდს შენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს?

- სახელობით სამოსს არაფერი სჯობს. საშუალება რომ მქონდეს, ყოველთვის გალიანოს და შანელს შევიძენდი, თუმცა, არც "ეიჩ ენდ ემის", ბერშკას და ზარას ვიწუნებ. ეს არის საშუალო დონის ბრენდები, რომელთა ხარისხიც საკმაოდ მაღალია, ფასი კი - ხელმისაწვდომი.

- აქსესუარი?

- სათვალე, ჩანთა და ბევრი რამე ხელზე (იცინის).

- სათვალე სტილის ელემენტია თუ პრაქტიკული ნივთი?

- უფრო პრაქტიკული ნივთი. საჭესთან თითქმის ყოველთვის მიკეთია. ყველანაირი ფორმის სათვალე არ მიხდება. ბოლოს ოქროსფერი "რეიბანები" ამოვიჩემე, სერიალში ,,სექსი დიდ ქალაქში" სარა ჯესიკა პარკერს უკეთია. ვიდრე არ შევიძინე, ვერ მოვისვენე (იცინის).

- სუნამოს რომელს იპკურებ?

- ბოლოს - შანელის "მადმუაზელი", დედას ნაჩუქარი "უნგარო" და მამიკოს ნაჩუქარი იტალიური სუნამო, სახელი, სამწუხაროდ, არ მახსოვს - უკვე გამითავდა.

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"